ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მოულოდნელი და გაუგებარი განცხადება გააკეთა. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთში უსამართლობის აღმოფხვრაზე ეზრუნა, ეს უცნაური კაცი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საყაიმო შედეგების გაუქმებას აპირებს.
ბლატერის თქმით, ფიფაში შემდეგი სიახლის დანერგვის შესაძლებლობა განიხილება: 90 წუთში დაფიქსირებული ფრე არ იქნება კონკრეტული მატჩის საბოლოო შედეგი, ამის მერე პენალტების სერია უნდა დაინიშნოს. მეორე ვარიანტი კი სულაც ოდიოზურია: 90 წუთში გამარჯვებულის ვერგამოვლენას დამატებითი დრო მოყვება, რომელიც "ოქროს გოლამდე" გაგრძელდება.
ამ უკანასკნელი წესის ავკარგიანობაზე მსჯელობით მკითხველს თავს არ შევაწყენთ. მთელი საფეხბურთო სამყარო
დღემდე იხსენებს "ოქროს" თუ "ვერცხლის" გოლებით გამოწვეულ უსამართლობის გრძნობას. ბლატერი კი თავისას არ იშლის და საჯაროდ აცხადებს, ეს ცვლილებები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს უფრო საინტერესო სანახაობად აქცევსო.