9 ქულა და 25 ათასი დოლარი - ასეთია თაღლითობის საფასური

AutoSharing Option
უკრაინულ პრემიერლიგაში უპრეცედენტო სკანდალი მძვინვარებს. ხარკოვის "მეტალისტსა" და ლვოვის "კარპატის" 9-9 ქულა ჩამოაკლეს და ამის მიზეზია 2008 წლის 19 აპრილს, ხარკოვში გამართული ამ კლუბების მატჩი, რომელიც "მეტალისტმა" 4:0 მოიგო. საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად ამ მატჩს "ჩაწყობილის" იარლიყი მიაკერა და ხსენებულ კლუბებს 9-9 ქულის ჩამოკლების გარდა 25-25 ათასი დოლარის გადახდაც დააკისრა.

უკრაინელმა დისციპლინარებმა არც ეს იკმარეს და "კარპატის" ფეხბურთელების მოსყიდვაში მხილებული, "მეტალისტის" გენერალური დირექტორი ევგენი კრასნიკოვი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს. ასევე სამუდამო დისკვალიფიკაციით "კარპატის" ყოფილი ფეხბურთელი ლაშჩენკოვიც დაისაჯა. სკანდალური მატჩის განხილვა
მას შემდეგ დაიწყო, რაც დისციპლინარებს ხელში ჩაუვარდათ ვიდეოკასეტა, რომელიც ასახავდა, თუ როგორ აღიარებდა ლაშჩენკოვი მატჩის ჩაწყობას "კარპატის" საპატიო პრეზიდენტთან პიოტრ დიმინსკისთან საუბარში. დიმინსკი ფეხბურთში მოღვაწეობიდან 1 წლით ჩამოაშორეს, ხოლო უკრაინული პრემიერლიგის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ეფიმოვი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სკანდალური მატჩის მონაწილე ლვოველი ფეხბურთელები 5-დან 10 ათას დოლარამდე ოდენობის ჯარიმებით დაისაჯნენ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 9 ქულის დაკარგვა "მეტალისტს" აქტივში კინკილა ქულას უტოვებს და მეხუთედან ბოლოსწინა ადგილზე აქვეითებს, ხოლო "კარპატი" სულ ბოლოა და ქულათა გრაფაში სულაც მინუს 1 ეწერება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული