სეხნიისა და თითქმის მოგვარის სუპერშედეგიანობა

AutoSharing Option
ჰოლანდიაში ყოფილა ფეხბურთელი, ვისი სახელ-გვარიც ქართველთათვის ძალიან ნაცნობია. საუბარია როტერდამის "სპარტას" ფორვარდ იოჰან ...ვოსკამპზე.


დიახ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ მწვრთნელ იოჰან ბოსკამპს სამშობლოში ასეთი სეხნია და თითქმის მოგვარე ჰყოლია. თუმცა, როტერდამელმა თავდამსხმელმა ჩვენი ყურადღება უპირველესად თავისი არნახული შედეგიანობით მიიპყრო და არა მყვირალა თანამემამულის სეხნიობით.

პარასკევს ჰოლანდიის ჩემპიონატის ეერსტე (რანგით მეორე) დივიზიონში მეორე ტურის მატჩები გაიმართა და გასული სეზონის შედეგებით ელიტიდან გავარდნილმა "სპარტამ" საკუთარ მოედანზე "ალმერე სიტისგან" (იგივე "ომნივორლდი") ქვა ქვაზე არ დატოვა – 12:1. საოცარი ანგარიშია, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი ვოსკამპია,
ვინც სტუმართა კარში 8 (!!!) გოლი გაიტანა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ იოჰანმა 73-ე წუთზე ანგარიში 12:0 გახადა და 4 წუთში გადარეული ფანობის ოვაციის აკომპანემენტით ადგილი თანაგუნდელს დაუთმო. ვინ იცის, რომ არ შეეცვალათ, ეგებ კიდევ გაეტანა...

ასეა თუ ისე, ვოსკამპის გასვლის შემდეგ, მე-17 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ალმერელებმა ერთი გოლის გაქვითვა მაინც მოახერხეს.

ვოსკამპის ფენომენალური შედეგიანობა კი მით უფრო საკვირველია, რომ 25 წლის ფორვარდმა "სპარტასთან" კონტრაქტი ხუთშაბათს გააფორმა, პარასკევს კი როტერდამული გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ვოსკამპს მთელი კარიერა ჰოლანდიის ეერსტე დივიზიონის კლუბებში აქვს გატარებული და აქამდე ერთ მატჩში 3 გოლზე მეტი არ გაუტანია, ისიც ერთადერთხელ მომხდარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული