შეშლილი, შეშლილი, შეშლილი 2011

AutoSharing Option
დერი ფელტონი "ნორთჰემპტონ თაუნის" თავგადაკლული ფანია - გუნდისა, რომელიც ინგლისის მეოთხე ლიგაში თამაშობს.

აპრილში ეს გუნდი "როტერჰემთან" 0:1-ს აგებდა და შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი. 18 წლის ფელტონმა თავის მეგობარს უთხრა, თუ გოლს გავიტანთ, მოედანზე შევალო. ბოლო წუთებზე "ნორთჰემპტონმა" ანგარიში მაინც გაათანაბრა და ფელტონის მოედნისკენ დაიძრა - ინვალიდის სკამით! დერი ორი წლიდან ვერ დადის...

ფელტონი პირდაპირ მოზეიმე ნორთჰემპტონელებისკენ დაიძრა. ცხადია, მას მაშინვე მიჰყვა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც და ორ წამში უკვე მასთან იყო, მაგრამ ინვალიდს შეჩერება და უკან
გაბრუნება ვერ გაუბედა - დაბნეული გვერდით მიჰყვებოდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

როგორც იცით, ასეთ შემთხვევებში კლუბი სტადიონზე შეჭრილ ქომაგს სჯის ხოლმე, მაგრამ "ნორთჰემპტონ თაუნის" ბოსებმა ეს ფაქტი განსაკუთრებულ შემთხვევად შერაცხეს და დერი ფელტონი, რა თქმა უნდა, არ დასაჯეს. თავად დერი კი ამის შემდეგ ცნობილი ადამიანი გახდა - ინგლისურმა ტაბლოიდებმა ინტერვიუები ჩამოართვეს, "იუთუბზე" კი მისი ვიდეო მილიონამდე ადამიანმა ნახა.

მსოფლიო რეკორდი: 36 წითელი ბარათი!
თებერვალში არგენტინის მეხუთე ლიგის მატჩში განუმეორებელი რამ მოხდა. "კლაიპოლისა" და "ვიქტორიანო არენასის" შეხვედრა ისედაც ძალიან აგრესიული იყო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ფეხბურთელებს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

იმ დროს, როცა მსაჯი დამიან რუბინო ფეხბურთელებისთვის წითელი ბარათების ჩამორიგებით იყო დაკავებული, ჩხუბი უფრო მასობრივი გახდა - მასში ჩაერთნენ როგორც გუნდების მწვრთნელები და ხელმძღვანელები, ისე გულშემატკივრებიც. "ვიქტორიანოს" შეფმა მეორე დღეს ნათქვა, სერიოზულად შემეშინდა, რომ სიცოცხლეს გამომასალმებდნენო.

არბიტრმა კი ყველაფერი კარგად დაიხსომა და შეხვედრის შემდეგ მატჩის ყველა მონაწილეს, სათადარიგო ფეხბურთელებსა და მწვრთნელებსაც წითელი ბარათები ჩაუწერა. საერთო ჯამში, მან 36 გაძევება დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდი და დაგვეთანხმებით, განუმერებელი ამბავია. მანამდე ერთი მატჩის რეკორდი 20 გაძევება გახლდათ და ის 1993 წელს, პარაგვაიში იყო დაფიქსირებული.

ტრეზეგეს მაისური 7350 ევროდ
ნაღდი ფანი და თანაც კოლექციონერი, ფეხბურთელის ნაცვამ მაისურაში 7350 ევროს აუცილებლად გადაიხდის - ასე მოიქცა ოლივიე დემოლიც, რომელმაც ბრაზილიური ვებ-გვერდის საშუალებით, აუქციონზე ის მაისურა იყიდა, რომელიც მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ დავიდ ტრეზეს ეცვა.

უფრო სწორად, უნდა ცმოდა, რადგან ამ უკანასკნელს ბრაზილიასთან 3:0-ზე მოგებულ ფინალში არ უთამაშია. როგორც ჩანს, ტრეზეგემ ფინალის შემდეგ ერთ-ერთ ბრაზილიელ ფეხბურთელს მაისურა მაინც გაუცვალა და სწორედ ასე მოხვდა მისი ფორმა ბრაზილიაში. საინტერესო ის არის, რომ დემოლიმ ტრეზეგოლის მაისურა თებერვალში შეიძინა, მაგრამ დღემდე თვალით არ უნახავს. აქამდე ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, ახლა კი სასამართლოში ჩივილს აპირებს...

წლის ყველაზე სულელური ალიბი
იანვრის ბოლოს, "ბოტაფოგოს" ბრაზილიელი ფეხბურთელი სომალია შვებულების ბოლო დღეს გვარიანად გამოთვრა, რის გამოც მომდევნო დილას ჩაეძინა და პირველ ვარჯიშზე ვეღარ მიასწრო, თავის გასამართლებლად კი ისეთი ალიბი მოიგონა, რომელიც მხოლოდ მთვრალ კაცს თუ მოეწონება.

ბაზაზე დაგვიანებით მისულმა სომალიამ კლუბის ხელმძღვანელებს უთხრა, ამ დილას მომიტაცეს, ჩემს სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდნენ და ნახევარი საათის წინ გამოპარვა მოვახერხეო. იმისათვის, რომ მისი "ალიბი" უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, ბრაზილიელმა პოლიციაშიც კი დარეკა და განაცხადი გააკეთა.

თუმცა მან ვერ გაითვალისწინა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი: მისი სახლის შესასვლელთან დამონტაჟებული კამერები! პოლიციაში ვიდეოჩანაწერები ნახეს: სომალია სახლში ღამის 4 საათზე მივიდა და დილის ცხრაზე გამოვიდა. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ დილის 8 საათზე მოიტაცეს, ბაზაზე კი ათზე გამოცხადდა. ცრუ ჩვენებისთვის მას 13 000 ევროს გადახდა დააკისრეს, დასაჯა კლუბმაც, ოღონდ სასჯელის ზომა გასაიდუმლოებულია.

გაძევება შეცვლის დროს
უკრაინის ჩემპიონატის მორიგ, კალენდარულ მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნეპრი" "კარპატის" 2:0-ს უგებდა. "დნეპრის" ფეხბურთელ სამუელ ინკოომს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, 61-ე წუთზე კი მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.

მოედნიდან გასვლისას, განელმა მაისური თავზე გადაიტარა და ნახევრად გაიხადა. სანამ პირით ხაზს მიაღწევდა, მასთან მყისვე მსაჯი გაჩნდა და მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა! ცხადია, შეცვლა აღარ შედგა და დნეპროპეტროვსკელები კაცნაკლულები დარჩნენ, ხუანდე რამოსმა კი განელ ფეხბურთელს ქოქოლა დააყარა - არ მესმის, ზდრასრულ ადამიანს ასეთი სისულელე როგორ უნდა დაემართოსო.

შცჰ... 04
ივლისში, "გუგლის" საძიებო სისტემის რუკების განყოფილებაში სიტყვა შცჰეისსე (გერმანულად განავალს ნიშნავს) რომ ჩაგეწერათ, "გუგლ მეპი" გერმანიისკენ აიღებდა გეზს და გელზენკირხენში, "ერნსტ-კუცორა-ვეგის" ქუჩის პირველ ნომერს გიჩვენებდათ - ეს "შალკეს" ოფისის მისამართია.

ლევან ყენიას კლუბის ხელმძღვანელებს საფუძვლიანად აქვთ ეჭვი, რომ ეს "შალკეს" მოსისხლე მტრის, დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთმა ქომაგმა მოახერხა - როგორც იცით, ამ კლუბების ქომაგები ერთმანეთს მუდმივად ებრძვიან და წელი ისე არ გავა, რომ ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი ქმედებები არ გაცვალონ.

"შალკემ" "გუგლს" მიმართა და "შეცდომა" გამოსწორა, მაგრამ ფაქტია, რომ გელზენკირხენელებმა ეს გვიან აღმოაჩინეს - სიტყვა შცჰეისსე "შალკეს" ოფისზე მთელი ერთი თვის განმავლობაში იყო მითითებული.

"დორტმუნდისა" და "შალკეს" ფანების მტრობას უდიდესი ისტორია აქვს. ახლო წარსულიდან გვახსენდება 4000 დორტმუნდელის მიერ, გელზენკირხენის "არენა აუფ შალკეზე" გამოფენილი გასაბერი პენისები, "შალკეს" ფანების მიერ "ვესტფალენშტადიონიდან" მოტყუებით წაღებული უდიდესი ბანერი, რომელიც გელზენკირხენელებმა საქვეყნოდ შეურაცხყვეს და "ბორუსიას" ფანების ჭკვიანური საქციელი, როცა იმხანად "შალკეს" თავკაც მირკო სლომკას, ლურჯ მაისურებში გამოწყობილებმა გადააღებინეს ფოტო, რომელზეც გარკვევით ჩანდა, რომ კაშნეზე ასეთი რამ ეწერა: შცჰეისს შცჰალკე - სლომკას ისინი თავისი გუნდის ფანები ეგონა...

ნაადრევი სიხარული
ივნისში იტალიური კლუბები "ტრამინი" და "დრო კალჩო" სერია ჩ-ში გადასასვლელად ფლეი ოფში იბრძოდნენ. გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიას უნდა გაერკვია. მასპინძელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი უხეიროდ დაარტყა - ბურთი ხარიხას მოხვდა.

"დრო კალჩოს" მეკარემ კარი დატოვა და გამარჯვებას ზეიმობდა, უკან კი მაშინღა მიიხედა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო: ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი კარის ხაზიდან 9 მეტრში კი დაეცა, მაგრამ მერე შვიდჯერ ახტა-დახტა და კარის ხაზი მაინც გადაკვეთა! მსაჯმა "ტრამინს" გოლი ჩაუთვალა, "დრო კალჩოს" ფეხბურთელებმა კი მომდევნო პენალტი ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ. თუმცა მერე ფედერკალჩოში იჩივლეს და ნახეთ, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ფედერაციამ პენალტების სერია გააუქმა და შეხვედრა თავიდან დანიშნა, მაგრამ "დრო კალჩოს" გამარჯვება მაინც არ ეწერა: "ტრამინმა" ისევ მოიგოდა, ისევ თერთმეტმეტრიანების სერიაში...

კუბო სტადიონზე
კოლუმბიელი კრისტოფერ ჯაკომე 17 წლის ასაკში სიცოცხლეს გამოასალმეს - ის მარტში, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს ჩაცხრილეს.

კრისტოფერი ადგილობრივი კლუბის, "დეპორტივოს" ფანი გახლდათ და უკიდურესად აგრესიული ფან კლუბის, "ბერა დელ ინდიოს" წევრი იყო.

"დეპორტივოს" დაახლოებით 200-მდე ფანმა ახალგაზრდა კოლუმბიელის ცხედარი მისი დასაფლავების დღეს სტადიონზე მიიტანეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ მოახერხეს, კუბო სტადიონზე შეიტანეს...

Sportall.Ge

პრემიერმინისტრი წლის ფეხბურთელი გახდა
დეკემბრის დასაწყისში ბულგარეთის მესამე ლიგაში მოასპარეზე 44 წლის (!) მოთამაშე ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ხმების 44 პროცენტი მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

გამარჯვებული არც მეტი, არც ნაკლები, ბულგარეთის პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი იყო! ყველაზე ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ ჯილდო საბოლოოდ მაინც მიიღო, რადგან ბორისოვმა ასეთ აღიარებაზე უარი თქვა.

ამ ძალიან სასაცილო მოვლენის რეალური მიზეზი ის არის, რომ ბულგარული ფეხბურთი უმძიმეს კრიზისშია, რის გამოც ხალხის უდიდესმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად ხმა 44 წლის პრემიერმინისტრს მისცა. ბულგარეთის ეროვნულ გუნდს 2004 წლის შემდეგ არცერთ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. წელს გუნდს ლოთარ მათეუსი წვრთნიდა და ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლშიც შერცხვა.

მიზეზი იყო ისიც, რომ ბორისოვმა, რომელიც მესამე ლიგაში მოასპარეზე კლუბს ფლობს და ხანდახან, ამ გუნდში ფეხბურთს თვითონაც თამაშობს ხოლმე, სექტემბერში განაცხადა, თავს ჩემი გუნდი უფრო კარგად იცავს ხოლმე, ვიდრე მათეუსის მიერ გაწვრთნილი ბულგარეთის ნაკრებიო...


სამოას პირველი გამარჯვება
ამერიკის (აღმოსავლეთი) სამოა ამერიკის კუნძულოვანი ტერიტორიაა წყნარ ოკეანეში. 1994 წლიდან ფიფას წევრია და საკუთარი ეროვნული ნაკრებიც ჰყავს.

ცუდი ის არის, რომ ამერიკის სამოას ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია, ფიფას რეიტინგში 202-ე ადგილზეა და 22 ნოემბრამდე 30 თამაშიდან 30-ივე წაგებული ჰქონდა (ბურთების შეფარდება 12:229). ჯერ კიდევ 2001 წელს ამ გუნდმა ავსტრალიასთან 31:0 წააგო. 22 ნოემბერს კი სასწაული მოხდა: ამერიკის სამოამ ტონგას ოფიციალურ მატჩში 2:1 მოუგო...

თუმცა ამით საინტერესო ისტორია არ დამთავრებულა: ერთ-ერთი გოლი სამოელთა ტრანსსექსუალმა ფეხბურთელმა, ჯონი საელუამ გაიტანა. ეს უკანასკნელი ოჯახური ტრადიციის თანახმად (?!) თავიდანვე ქალად გაზარდეს. "ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და მიხარია, რომ გუნდმა მიმიღო," - უთხრა სელუამ "ნიუ იორკ თაიმსს"...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული