დევიდ ბექჰემის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 36 წლის დევიდ ბექჰემმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იუწყება ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ფეხბურთელის წინა ხელშეკრულებას ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა.

მას შემდეგ ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, დიდწილად ოჯახური მიზეზების გამო, მან ევროპაში დაბრუნებაზე უარი თქვა და ამერიკაში დარჩა. ამრიგად, ბექზი კარიერის დასრულებას სწორედ "ანგელოზთა ქალაქში" გეგმავს.

"ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მოგეხსენებათ, უამრავი წინადადება მქონდა მთელი მსოფლიოდან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მინდა ამერიკაში ცხოვრება, თამაში
"გალაქსიში" და ტიტულების ამ კლუბში მოგება. ჩემი თვალით ვხედავ, რა პოპულარულია ფეხბურთი შტატებში და ეს პოპულარობა თანდათან იზრდება. ჩემი ოჯახი წარმოუდგენლად ბედნიერია ამ ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ აქ რამდენიმე წელიწადი დიდი სიამოვნებით დავრჩებით", - განაცხადა ბექჰემმა.

შეგახსენებთ, რომ დევისი "გალაქსიში" 2007 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, სადაც 4 წელიწადი გაატარა. ორჯერ, 2009 და 2010 წლებში იჯარის წესით ის "მილანშიც" გამოდიოდა. "როსონერიში" ფეხბურთელმა 27 შეხვედრაში სულ 2 გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამინდელ კლუბში კი მას 82 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 12 გოლია. 2011 წლის ნოემბერში დევიდმა "გალაქსიში" MLS-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული