პელემ ზეპ ბლატერს ომი გამოუცხადა, ბლატერმა - ბრაზილიას

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს უკვე ყველა მხრიდან უტევენ - კრიტიკოსთა რიგებს ფეხბურთის მეფე პელე შეემატა.

ბრაზილიელ ლეგენდასთან ინტერვიუ ფრანგულმა "ლე მონდმა" ჩაიწერა. მას ბრაზილიურ ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე შეეკითხნენ და, აი, რა უპასუხა გაზეთს პელემ:

"გაწმენდა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ არა მხოლოდ ბრაზილიური ფეხბურთის. ახლა ძალიან კარგი დროა, დაიწყოს ფიფას გაწმენდა, თავიდან ბოლომდე".

ბოლო წლებია ფიფა და კორუფცია ლამის სინონიმებად იქცა, ბლატერის მმართველობა კი უკვე ბევრ ეჭვს ბადებს, მიუხედავად თითქოსდა განხორციელებული მკაცრი ზომებისა - აზიური ფეხბურთის ყოფილი ბოსი მოჰამედ ბინ ჰამამი სამუდამოდ
ჩამოცილებულია ფეხბურთს, მას მერე, რაც მექრთამეობაში ამხილეს.

სხვათა შორის, ფოტო, რომელსაც გთავაზობთ, სადაც ბლატერსა და პელეს შორის კოლუმბიელი მომღერალი შაკირაა, სულ ახალია - 9 იანვრის...

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა (1958, 1962, 1970) კბილი ლეო მესისაც გაკრა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯერ ძალიან ადრეა არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვუწოდოთ:

"ის დიდი ფეხბურთელია, როცა 1 283 გოლს გაიტანს, მოიგებს სამ მუნდიალს, მერე ვილაპარაკოთ მის საუკეთესოობაზე".

ამასობაში ბლატერი პელეს სამშობლოს უტევს
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ის ძალიან უკმაყოფილოა ბრაზილიის საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობით და შიშობს, რომ ბრაზილია ხეირიანად ვერ უმასპინლებს მუნდიალს, რომელიც 2014 წელს უნდა გაიმართოს.

რაც მთავარია, ბლატერმა ეს განცხადება რუსეთში ვიზიტისას გააკეთა:

"ვფიქრობ, რომ აქ საქმეები წინ არის წასული და ბევრი რამ მაკმაყოფილებს. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის მზად მუნდიალის სამასპინძლოდ, ვიდრე ბრაზილია. ჩვენ ბრაზილიელთა მზადებაში გაცილებით მეტი პრობლემა შევნიშნეთ", - განაცხადა ფიფას თავკაცმა.

წარმოიდგინეთ, ბრაზილიის მუნდიალი კარს მოგვადგა, რუსეთმა კი ტურნირს 2018 წელს უნდა უმასპინძლოს!

ბლატერის აზრით, ბრაზილიელებს ჯერ ვერ მოუგვარებიათ სატრანსპორტო პრობლემები, აეროპორტები მოძველებულია, გზები არ ვარგა, საზოგადო ტრანსპორტის საკითხთა დიდი ნაწილი ისევ პრობლემატურია. შეგახსენებთ, რომ პელე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსოფლიო ელჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული