ვაგნერის ბოლო რუსული აკორდი

AutoSharing Option
ლაპარაკი, რომ მოსკოვის ცსკა-ს 27 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი არმიელების რიგებს დატოვებდა, ლამის 2 წლის განმავლობაში მიდიოდა. პრობლემა თავიდან ის იყო, რომ კლუბს ლიდერთან გამოთხოვება არ სურდა და ტრანსფერზე კატეგორიულ უარს ამბობდა. შემდეგ ის ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდა და ფეხბურთელი გაჯიქდა, კარიერის გაგრძელება მხოლოდ ბრაზილიაში მინდაო.

ორჯერ, 2009 (პალმეირასი) და 2010 (ფლამენგო) წლებში ის სამშობლოში იჯარითაც თამაშობდა. ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს კი 17 მილიონი ევრო ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად არ ჰქონდათ.

ამასობაში დრო გავიდა და ვაგნერის თამაშის ეფექტურობის კლებასთან ერთად მისმა
ფასმაც დაიწია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 25 თამაშში 9 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ცოტაა.

და აი, როგორც იქნა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავს უშველა. "ფლამენგომ" ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ბრაზილიური წყაროების ცნობით, ვაგნერმა ახალ კლუბთან კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ სამშაბათს შეათანხმა. კონტრაქტზე ხელისმოწერა და გულშემატკივრების წინაშე მისი წარდგენა ამ დღეებში იგეგმება.

პირველი კომენტარი გააკეთა "ფლამენგოს" პრეზიდენტმა პატრისია ამორიმმა:

"ვაგნერთან კონტრაქტის გაფორმებას რა ხანია ვგეგმავდით. ჩვენთან თამაში ფეხბურთელსაც სურდა. ის "ფლამეგოს" ძალიან სჭირდება. ბედნიერები ვართ, რომ ვაგნერი უკვე ჩვენთან არის და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირის ფრაზები??? :))
ragaca
13:47 27-01-2012
0

სიახლეები პოპულარული