"რეინჯერსი" - და მაინც, კრიზისი!

AutoSharing Option
"რეინჯერსის" მთავარ მწვრთნელ ალი მაკოისტს კლუბში შექმნილი სიტუაციის გარკვევა სურს. ეს ბუნებრივიც არის, როცა ხელმძღვანელობა ალთასაა, თავად კი ბალთას.

"ჩაფრების" მფლობელის კრეიგ უაიტის თქმით, ის, რაც ახლა გლაზგოურ გრანდში ხდება, ჯერ კიდევ არ არის კრიზისი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაკოისტი ასე არ ფიქრობს და პრესასთან საუბრისას ამას არც მალავს.

კვირას "რეინჯერსმა" "აიბროქსზე" შოტლანდიის თასის 1/8-ფინალში "დანდი იუნაიტედთან" 0:2 წააგო. არის სერიოზული შანსი, რომ გუნდმა სეზონი ტიტულების გარეშე დაასრულოს. ჯერ კიდევ უქმეებამდე, უაიტი გულწრფელად აცხადებდა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირა კლუბის ისტორიაში
შეიძლებოდა ურთულესი აღმოჩენილიყო, თუმცა იქვე აცხადებდა, მოვლენათა განვითარების ნებისმიერი ვარიანტი წინასწარ გვაქვს გათვლილი და ყველაფრისთვის მზად ვართო.

სიტუაცია კი კლუბში მას მერე დაიძაბა, რაც "რეინჯერსის" წინააღმდეგ საქმე საგადასახადო ტრიბუნალმა აღძრა. დავა რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს ეხება.

ფინანსური პრობლემების გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა გუნდი. მაკოისტი უბრალოდ იძულებული გახდა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნიკიცა იელავიჩი გაეყიდა. მისი შემცვლელი კი კლუბმა ვერ მოძებნა.

"კრიზისიდან გამოსავალი სიტუაციის დეტალური ანალიზის შედეგად უნდა მოვნახოთ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. გაურკვევლობა, აი, რა არის ჩემი, ჩემი შტაბისა და მთლიანად გუნდის უმთავრესი პრობლემა. საქმე სერიოზულ სასამართლო პროცესს ეხება და ამიტომ დღეს შექმნილ სიტუაციას ყველაზე მეტად სწორედ სიტყვა "კრიზისი" აღწერს. არ ვიცი, რამდენად ეხება ეს ფეხბურთელებს. იმედი მაქვს რომ არა... თუმცა ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ," - განაცხადა ალი მაკოისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული