გიგზის კონკურენტი ჯონ ჰართსონი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, ბრიტანეთის ამ ნაწილის საფეხბურთო ასოციაციამ ახალი თავკაცის ვინაობაზე ფიქრი დაიწყო.

თავად ტოშაკმა ითქვა, კარგი იქნებოდა, ეს პოსტი რაიან გიგზმა ჩაიბაროსო და ამ იდეას სოლიდური მხარდამჭერიც ჰყოლია – ასოციაციის ახალი აღმასრულებელი შეფი ჯონათან ფორდი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანს საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, სამაგიეროდ, ნაკრების თავკაცობის სურვილი სხვა ვეტერანმა უელსელმა გამოთქვა.

ორ წელიწადზე მეტია, რაც ჯონ ჰართსონმა ბუცები კედელზე ჩამოკიდა და მას შემდეგ ფეხბურთთან შეხება საერთოდ არ ჰქონია –
უელსელ მთაკაცს ტვინის კიბო აღმოუჩინეს. ჰართსონს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ ქიმიური თერაპიის კურსიც იყო და საშინელ სენთან ათთვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – გასულ აპრილში ჰართსონმა განაცხადა, ორგანიზმში დაავადების კვალიც აღარ დამრჩენიაო.

ახლა კი ჯონ ჰართსონს საყვარელ საქმესთან დაბრუნება გადაუწყვეტია, ოღონდ მისთვის ჯერჯერობით ახალ ამპლუაში. "არ ვიცი, რამდენად სერიოზულად განიხილავენ ასოციაციაში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ თუკი მათგან წინადადება იქნება, აუცილებლად დავთანხმდები. საუკეთესო მწვრთნელებთან მიმუშავია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე", - უთხრა ყოფილმა ფორვარდმა BBC-ს.

ჰართსონი არ ტყუის: ინგლისელები - დევიდ პლიტი, ჰარი რედნაპი, მარტინ ო"ნილი, ტონი მოუბრეი, გლენ რიოდერი, ბობი გოულდი; შოტლანდიელები - ჯორჯ გრემი, ბრიუს რიოჩი, გორდონ სტრაჩანი, უელსელები – მარკ ჰიუზი, ჯონ ტოშაკი; ფრანგი არსენ ვენგერი; ნორვეგიელი ეგილ ოლსენი – ეს იმ მწვრთნელთა სრული ჩამონათვალია, ვისი ხელმძღვანელობითაც ჯონ ჰართსონს ფეხბურთი უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული