გამოძიება "რეინჯერსის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ რიგანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გლაზგოური გრანდი წლების განმავლობაში აფორმებდა ფეხბურთელებთან და კლუბის რიგით თანამშრომლებთან ე.წ. ორმაგ კონტრაქტებს და კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას საგულდაგულოდ მალავდა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად “სანმა” და “სანდი ტაიმსმა” დაწერეს. “დეილი მეილი” კი უფრო შორს წავიდა და “რეინჯერსის” ყოფილ ტექნიკურ დირექრტორ ჰიუ ადამს ინტერვიუ ჩამოართვა. ეს ადამიანი კლუბში 30 წლის განმავლობაში საქმიანობდა. მისი თქმით, მსგავსი
პრაქტიკა კლუბში 90-იანი წლებიდან იყო დანერგილი და როგორც ჩანს, ეს ამბავი დირექტორატის ყველა წევრმა იცოდა.

ორმაგი კონტრაქტი კი შოტლანდიური ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ პირდაპირ არის აკრძალული. თუკი გამოძიება დაადგენს, რომ ინგლისური გაზეთების მეირ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, დღის წესრიგში დადგება უშუალოდ ასოციაციის პრეზიდენტის კემპბელ ო’გივლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ასევე წლების განმავლობაში იყო “რეინჯერსის” პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.

რეალურად შოტლანდიურ ფეხბურთში დიდი კორუფციული სკანდალის სუნი ტრიალებსო, აცხადებს რიგანი.

“სკოტიშ სანის” ინფორმაციით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ “რეინჯერსის” შემადგენლობა არნახულად შეიფერთხოს. ლაპარაკია, რომ უახლოეს დღეებში გუნდი შეიძლება 11-მა ფეხბურთელმა დატოვოს. მმართველი კომპანია Fuff and Phelps-ი ბიუჯეტის შეკვეცის მიზნით მათთან კონტრაქტების ანულირებას აპირებს.

არის მეორე გამოსავალიც, ყველა ფეხბურთელი ანაზღაურების 50%-ით შეკვეცას უნდა დათანხმდეს. რაც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მოხდეს. “რეინჯერსს” განაცხადში 32 ფეხბურთელი ჰყავს, სამწვრთნელო შტაბში კი 11 ადამიანია დასაქმებული. ამას დაუმატეთ რეზერვისტთა განაცხადში შეყვანილი 35 ფეხბურთელი. თვეში მხოლოდ პირველი გუნდის წევრების ანაზღაურების ჯამი 2 მილიონ ფუნტს შეადგენს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ალი მაკოისტი მზადაა, სეზონის ბოლომდე საკუთარ ხელფასზე (კვირაში 20 ათასი ფუნტი) მთლიანად უარი თქვას. მისი თქმით, აქცენტის გაკეთება მხოლოდ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ოდენობის შემცირებაზე უსამართლობაა და კლუბმა ყველა მიმართულებით უნდა შეამციროს ხარჯები.

მაკოისტმა “ჰართსთან” მატჩამდე 24 საათით ადრე ჯერ კიდევ არ იცის, რომელი ფეხბურთელების გამოყენების საშუალება მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული