"ლურჯი რაინდები" ღირსების სადარაჯოზე

AutoSharing Option
"რეინჯერსის" ყოფილმა დირექტორმა პოლ მიურეიმ ოფიციალურად განაცხადა კონსორციუმ "ლურჯი რაინდების" დაარსების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, კლუბი ამჟამინდელი მფლობელის, კრეიგ უაიტისგან გამოისყიდოს.

"ჩაფრების" მოქმედი ადმინისტრაცია მიურეისა და მისი ბიზნესპარტნიორებისგან ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მიურეის თქმით, "რეინჯერსის" რიგი მეწილეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ კლუბს გარდაუვალი ლიკვიდაცია ელის, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ის აცხადებს, რომ როდის გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რა სახის ვერდიქტს გამოიტანს მსგავსი დავების განმხილველი სპეციალური ტრიბუნალი.

ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს თემიდა კომპანია "ტიკეტუსის" მიერ
"რეინჯერსის" სახელზე გაცემული 24 მილიონი ფუნტის სესხზე, რომლის დაფარვას უაიტი სეზონური აბონემენტების გაყიდვიდან მიღებული ფულით ვარაუდობდა და რისი საბუთებიც კლუბის ბუღალტერიაში საერთოდ არ არის გატარებული. "რეინჯერსის" ამჟამინდელი მმართველები კომპანია Duff and Phelps-დან აცხადებენ, რომ ბოლო ვადა, როცა ისინი კლუბის შეძენაზე განაცხადს მიიღებენ, 16 მარტია.

"ბატონები პოლ კლარკი და დევიდ უაიტჰაუზი "რეინჯერსში" უკვე 3 კვირაა, რაც ინტენსიურად მუშაობენ. ამ დროის განმავლობაში მათ უკვე სამჯერ შევხვდი. ისინი შემპირდნენ, რომ მაქსიმალურ ინფორმაციას მომაწოდებენ კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ჩემი აზრით, გამოსავალის მონახვა ნამდვილად შეიძლება. მათ შეშფოთებას ვეთანხმები, მაგრამ ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ კლუბს გარდაუვალი კრახი ელის. კლარკთან და უაიტჰაუზთან კონსულტაციების შემდეგ მე უკვე დავიწყე მოლაპარაკებები კრედიტორებთან," - აცხადებს მიურეი.

სიტუაციას მეტისმეტად ართულებს გაწელილი მოლაპარაკებები კლუბის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს შორის. უკანასკნელთაგან ითხოვენ, რომ თავისი ნებით თქვან უარი ანაზღაურების სოლიდურ ნაწილზე - ყველაზე ძვირადანაზღაურებადი ფეხბურთელებისგან 75%-ზე, საშუალო ხელფასის მქონეთაგან - 50%-ზე და ყველაზე დაბალხელფასიანთაგან - 25%-ზე.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა. გეგმა ასეთი იყო: თუკი ყველაფერი გამოვიდოდა, "რეინჯერსს" "აიბროქსზე" და საწვრთნელ ბაზა "მიურეი პარკზე" კადრების შემცირება არ მოუწევდა. თუმცა ფეხბურთელთა უმეტესობა უარზეა. მათ თავიანთი მოთხოვნები აქვთ. სანაცვლოდ ზოგი ზაფხულზე თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს, ზოგი - კონტრაქტში შემცირებული სატრანსფერო ღირებულების დაფიქსირებას. ჯერჯერობით არც ერთ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას შედეგი არ გამოუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული