გაუგებრობა ფიფასა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას შორის

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელმა დეივ რიჩარდსმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში სპორტისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფიფას ხელმძღვანელობას ინგლისური საფეხბურთო ტრადიციებისადმი უპატივცემულობასა და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევისას "უწესო თამაშში" დასდო ბრალი.

აღნიშნულ ბრალდებას უმალ გამოეხმაურნენ პრემიერლიგა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია. მათ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ რიჩარდსი ყატარში კერძო ვიზიტით იმყოფება და აღნიშნული ორგანიზაციების პოზიციასთან მის მოლაპარაკებას საერთო არაფერი აქვს.

ბოდიშის მოხდა მოუწია თავად სკანდალის გმირსაც. მისი თქმით, მასმედიის საშუალებებმა მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

გარდა ხმამაღალი განცხადებებისა,
რიჩარდსი კიდევ ერთ გაუგებრობაში გაეხვია. კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ის თავიდან ფეხებამდე გალუმპული იპოვეს და დაასკვნეს, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ის მთვრალიც გახლდათ და ეს მარცხიც აღნიშნულის გამო შეემთხვა. თუმცა "ბოლტონის" პრეზიდენტის, ფილ გარტსაიდის თქმით, ეს უბრალო შემთხვევითობა იყო და სერ დეივი ნასვამი არ ყოფილა.

ხულიგანი გულშემატკივარი
ფრანგული სასამართლო უახლოეს ხანებში შეუდგება რამდენიმე დღის წინ დაკავებული "ლანსის" ფანკლუბის პრეზიდენტის საქმის განხილვას, რომელსაც ბრალად ედება "ბასტიასთან" შეხვედრაზე წინასწარი განზრახვით პიროტექნიკური საშუალებების შეტანა და მათი უკანონო გამოყენება. უკიდურეს შემთხვევაში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან 15 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მაკედონიის ჩემპიონატი შეწყდა
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ქვეყნის ჩემპიონატი დროებით შეწყდა, რადგან არსებობდა რეალური საშიშროება, რომ ამას ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დაპირისპირება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ვითარებაა. მდგომარეობა დაძაბულია დედაქალაქ სკოპიესა და ტეტოვოში.

გადადებულია ორი თამაში - "შკენდია"-"ვარდარი" და "ტეტექსი"-"ნაპრედოკომი". მათ გამართვამდე კი შემდეგი ტური ვერ ჩატარდება, რადგან ეს წესი ფედერაციას მკაცრად აქვს დადგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული