უკვე ნაღდი სელტიკელი

AutoSharing Option
"სელტიკში" მუშაობის დაწყებიდან ორი წლის თავზე ნილ ლენონმა "კათოლიკებს" შარშან შოტლანდიის თასზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.

ამის შემდეგ ჩრდილოირლანდიელმა განაცხადა, ახლა უკვე ხმამაღლა ვიტყვი, რომ ნამდვილ მენეჯერად ვგრძნობ თავს და შემიძლია ჩემი თავი "სელტიკის" დიადი მენეჯერების გვერდით მოვიხსენიოო.

"კელტებს" შაბათს "კილმარნოკთან" "რაგბი პარკზე" ქულაც ჰყოფნიდათ 43-ე საჩემპიონო ტიტულის გასანაღდებლად, მაგრამ ჯერ კიდევ თამაშამდე ხვდებოდა ყველა, რომ ლენონის შეგირდები თავს დადებდნენ.

ყველაფერი ასე აგიხდეთ - შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა ჩარლი მალგრიუს (დუბლი), გლენ ლოოვენსისა და გარი ჰუპერის გოლებით.

მეორე ნახევარში ამას ჯო ლედლიმ და ჰუპერმა კიდევ თითო დაამატეს. ასე დაესვა წერტილი "რეინჯერსის" 3-წლიან ჰეგემონიას.

"სელტიკი" თამაშის დასრულებისთანავე გაემგზავრა გლაზგოში, სადაც "პარკჰედზე" ათასობით აღფრთოვანებულ გულშემატკივართან ერთად იზეიმა ჩემპიონატის მოგება. ნილ ლენონი ემოციების ტყვეობაში გახლდათ. აი, რას ამბობდა ის:

"როცა გუნდში თამაშობ, შენ მისი ნაწილი ხდები. ჩემ გვერდით ჰერიკ ლარსონი, კრის სატონი, სტილიან პეტროვი, პოლ ლამბერტი, იოჰან მიალბიუ და ალან ტომპსონი ირჯებოდნენ და მათზე დაყრდნობა ყოველთვის შემეძლო.

ფეხბურთელობისგან განსხვავებით, მენეჯერობისას მარტოხელა ხდები. გადაწყვეტილებებს შენ თავად იღებ და ამის გამო ან კრიტიკას იმსახურებ, ანაც შექებას.

მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ ამ საქმეში, თუმცა ჩემგან ისევე ითხოვდნენ შედეგს, როგორც სხვებისგან დაელოდებოდნენ. ახლა უკვე ვხედავ, რომ მოლოდინი ამად ღირდა.

აქამდე თითქოს რაღაცა საქმეზე გამოსაცდელი ვადით ვიყავი დანიშნული. ახლა კი "სელტიკის" ნაღდ მენეჯერად ვგრძნობ თავს. ისეთი დიდი ხალხის კვალზე ვდგავარ, როგორებიც იყვნენ: მარტინ ონილი, გორდონ სტრახანი, ვიმ იანსენი, დეივი ჰეი, ბილი მაკნილი და ჯოკ სტინი. მათ გვერდით დგომა ფანტასტიკური შეგრძნებაა. როცა შენს საქმეს ტიტულებით ზომავენ, თასის მოგება არასდროს არის საკმარისი.

"სელტიკში" 2000 წელს მოვედი სათამაშოდ. მაშინ ჩემპიონობის მოგებას ისე აღვიქვამდი, როგორც რაღაც თავისთავად მომენტს. მის ფასს მხოლოდ მაშინ იგებ, როცა დაკარგავ და მერე დასაბრუნებლად იბრძვი. ჩემთვის ეს მართლა დიდი დღეა კარიერაში.

ამაზე უკეთესი არც წარმომიდგენია რამე. შაბათს დიდი "სელტიკი" ვნახე, რომელსაც ჰქონდა მაღალი კლასი, სიჩქარე და მეტოქისადმი დაუნდობლობა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მეჩვენებოდა, რომ ფსიქოლოგიურად ცოტა დაღლილები ვიყავით.

თუმცა არა, გამოვნახეთ ძალები და მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა. ჩემი გუნდი საფეხბურთო თვალსაზრისით ჯერ კიდევ ჩვილის ასაკშია. ყველაზე უფროსი მათ შორის გეირგიოს სამარასი 27 წლისაა. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული