დრიბლინგი ევროპაში: ჯიჯი, ჯორჯო და ვარსკვლავები

AutoSharing Option
ფაქტია, რომ "იუვენტუსმა" "სკუდეტო" 30-ედ იზეიმა, მაგრამ ხომ იცით, როგორ ართულებენ ხოლმე იტალიელები ყველაფერს - ტურინულ გრანდს ოფიციალურად მესამე ვარსკვლავის მიკერების უფლება არ აქვს; ინგლისში როი ჰოჯსონზე უკვე ანეკდოტებს თხზავენ, ალექს ფერგიუსონი ჯიუტად არ ნებდება; ლიონელ მესი არ არის პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში 50 გოლი გაიტანა - მასზე გაცილებით მეტიც გაუტანიათ; გერმანია კი... მორჩა!

იტალია

ჯორჯო-ბიჭი
"იუვენტუსის" ქომაგები ამ დღეს 6 წელი ელოდნენ! ანტონიო კონტემ სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად ზეიმი მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე დაიწყო, რადგან "მილანი" "ინტერთან" ორბურთიანი
სხვაობით აგებდა, "იუვე" კი "კალიარის" უგებდა ასეთივე სხვაობით და მოედანზე მყოფ მოთამაშეებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩასტვენდა მსაჯი.

მერე მოხდა ის, რაც იტალიაში ასეთ დროს და ასეთ სტადიონზე ხდება ხოლმე: "იუვეს" ქომაგებმა 10 წამში მთელი მოედანი დაფარეს და რთული იყო იმის გარჩევა, ვინ "იუვენტუსის" ფეხბურთელი იყო და ვინ - ფანი.

ფოტოგრაფებს იტალიის ჩემპიონების მოძებნა უჭირდათ და ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ბევრს ვეღარც იპოვნიდნენ, რადგან იუვენტუსელებმა მალევე მიაშურეს გასახდელს, ფანებთან კი მარტო ჯორჯო კიელინი დარჩა.

აუარებელ ხვევნა-კოცნას კიდევ ერთი იტალიური ტრადიციაც მოჰყვა: კიელინის ყველაფერი გახადეს და ბოლოს საცვალს საცოდავად ეპოტინებოდა. ჯორჯო აბურთავეს, კოცნეს, პროშტნეს, გააშიშვლეს და "ბიანკონერის" დაცვის ბურჯს სახეზე უდიდესი ბედნიერება ეწერა.

სუპერარაჩვეულებრივი იუვე
კონტემ იმ საღამოს "სუპერარაჩვეულებრივი" უწოდა, ჯიჯი ბუფონმა თქვა, ეს იყო ულამაზესი დღე ჩემს კარიერაში ბერლინი 2006-ის შემდეგო. "იუვეს" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კი "თვითერზე" ასეთი რამ დაწერა: "სამოთხიდან ჯოჯოხეთში და უკან".

ჯოჯოხეთი ტურინელთათვის კალჩოპოლით დაიწყო, რასაც სერია B-ში დაქვეითება და "რიმინისთან" პირველი ტურის მატჩი მოჰყვა, რომელიც 2006 წლის 9 სექტემბერს გაიმართა. ახლა კი, 3 პრეზიდენტისა და 6 მწვრთნელის გამოცვლის შემდეგ, ტურინელებს კვლავ შეუძლიათ ფორმაზე "სკუდეტოს" მიკერება.

"კალიარისთან" მატჩი მხოლოდ მასიმო ჩელინიმ გააფუჭა: იყნოსა რა, რომ "იუვე" ჩემპიონობას მისი გუნდის მოედანზე გაინაღდებდა, მასპინძელთა პრეზიდენტმა ფულის შოვნა გადაწყვიტა და ბილეთებს სასწაული ფასები დაადო - 18-წლამდელი ფანებისთვის 100, ხოლო ზრდასრულთათვის კი 163 ევრო.

ამიტომაც იყო, ფანების უმრავლესობამ სტადიონზე მისვლას მატჩის ტელევიზორში ყურება რომ ამჯობინა. ამასთან, თითო ტრიბუნასთან მხოლოდ ორ-ორი ბოდიგარდი დააყენა და არც მათ უცდიათ ფანებისთვის ხელის შეშლა.

შესაბამისად, "იუვენტუსს" ვერ გამოუვიდა ისეთი ზეიმი, როგორიც ეკადრებოდა - საფინალო სასტვენიდან 10 წამში მთელ მოედანზე ტრიბუნებიდან ჩამოსული ტიფოზები ბოგინობდნენ. ფაქტია, ნაღდ ტურინულ ზეიმს მომავალ უქმეებზე ვნახავთ. "იუვეს" ტიტული კი აბსოლუტურად დამსახურებულია, რადგან:

თუ არ ჩავთვლით ერთ რთულ პერიოდს, "ბებერმა ქალბატონმა" შესაშური შემტევი ფეხბურთი ითამაშა, გაუშვა ყველაზე ცოტა და გაიტანა მხოლოდ ერთ გუნდზე ნაკლები გოლი. რაც ყველაზე მთავარია, "იუვემ" ამ სეზონში 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და არცერთში არ დამარცხებულა!

ბრძოლა მესამე ვარსკვლავისთვის
ეს წარმატება ანიელების დინასტიის მეოთხე წარმომადგენლის, ანდრეას დამსახურებაცაა და ცხადად გამოჩნდა, რომ ვარგა თუ არა გუნდის მთავარი ბოსი, "იუვენტუსი" მხოლოდ მაშინ იგებს ტიტულებს, როცა მისი პირველი შეფი გვარად ანიელია.

ჩემპიონობის ზეიმს მოჰყვა მოსალოდნელი დისკუსია "სკუდეტოების" რაოდენობის შესახებ.

"კალჩოპოლის" გამო ტურინელთათვის ჩამორთმეული ორი სკუდეტოს შემდეგ "ლეგაკალჩო" გვეუბნება, რომ "იუვენტუსი" ოფიციალურად 28-გზის ჩემპიონია. ტურინულ კლუბში კი ყველა ჯიუტად იმეორებს, 30 "სკუდეტო" გვაქვსო. რაკი იტალიაში ყოველი მეათე "სკუდეტო" ფორმაზე მორიგი ვარსკვლავის მიკერების საფუძველია, "იუვეს" ბოსები იქადნებიან, მომავალ სეზონში 3-ვარსკვლავიანი ფორმით ვითამაშებთო.

"ამ გუნდმა მოედანზე ბრძოლით სწორედ 30 "სკუდეტო" მოიგო. სწორედ ამიტომ საჩემპიონო ზეიმზე ყველგან სამი ვარსკვლავი ჩანდა - მათ შორის, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსხმული შამპანურის ბოთლებზეც.

ახლავე ვიტყვი იმასაც, რომ მომავალ სეზონში ჩვენს ფორმასაც სამი ვარსკვლავი დაამშვენებს!" - განაცხადა "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ. მისი პათოსი კიელინიმაც განავრცო: "მოგვცემენ თუ არა ოფიციალურად, ფაქტია, რომ სამ ვარსკვლავს თითოეული ჩვენგანი გულში ატარებს." "იუვენტუსთან" დაახლოებულმა გაზეთმა "ტუტოსპორტმაც" 30 სკუდეტო დაწერა.

"ზემოთ" კი ამ საკითხს უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან. "უეფას" პრეზიდენტმა და "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ მიშელ პლატინიმ თქვა: "ეს საკითხი იტალიელებმა თვითონ უნდა გაარკვიონ".

გატუზოს ფეხებზე ჰკიდია
ცხადია, ამ დისკუსიაში მილანელებიც ჩაერთვნენ. "თუნდაც 60 ვარსკვლავი დაიკერონ, ფეხებზე მკიდია!" - გამოსცრა ჯენარო გატუზომ "ინტერთან" წაგების შემდეგ.

მილანური დერბის ყველაზე საინტერესო მომენტი ის გახლდათ, როცა "ინტერის" კარში საეჭვოზე საეჭვო პენალტი დაინიშნა. "ნერაძურის" მეკარე ჟულიო სეზარმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ენა გამოუყო და უთხრა, ან ააცილე, ანაც აგიღებო.

იბრამ პენალტი ნერვაუტოკებლად გაიტანა და "ინტერის" კიპერს მიუგო, მე მგონი, გავიდაო. საბოლოოდ "ინტერმა" 4:2 მოიგო და "იუვენტუსი" ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გააჩემპიონა.

სხვათა შორის, მას მერე, რაც "მილანს" მასიმილიანო ალეგრი წვრთნის, ხუთი "დერბი" გადაიტანა და ხუთივეში სხვადასხვა მწვრთნელის წინააღმდეგ მოუხდა პაექრობა. ფაქტია, რომ "ინტერის" ჰიმნში სიტყვა "პაზზა" ლოგიკურადაა ერთ-ერთი უმთავრესი.

ინგლისი
AND YOU FUCKED UP
მიუხედავად "სუონსისთან" გამარჯვებისა (2:0), კვირას "ოლდ ტრეფორდზე" საზარელი განწყობა იყო. რაკი "სიტიმ" ნიუკასლში 2:0 მოიგო, ბოლო ტურის წინ პრემიერლიგის ბედი გადაწყვეტილი ჩანს.

"Eight Points, And You Fucked Up" (რვაქულიანი უპირატესობა და თქვენ...) - მღეროდნენ "სუონსის" ფანები, ხოლო როცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ტრიბუნების დაცარიელება დაიწყო, შემოსძახეს, სახანძრო განგაში ხომ არ არისო. მერე სერ ალექს ფერგიუსონმა მიკროფონი აიღო და როგორც ყოველი სეზონის ბოლოს აკეთებს ხოლმე, ფანებს სიტყვით მიმართა - "იმედი მაქვს, ერთ კვირაში მაგრად ვიზეიმებთ," - იხტიბარი არ გაიტეხა ბებერმა შოტლანდიელმა.

ცუდი ისაა, რომ იმ დროს "ოლდ ტრეფორდის" ტრიბუნების ერთი მესამედი უკვე ცარიელი იყო.

ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ექსიუნაიტედელი მარკ ჰიუზი თავის "ქუინს პარკთან" ერთად ბოლო ტურში "სიტის" ქულებს დააკარგვინებს. ფაქტია, მომავალ უქმეებზე მანჩესტერში მართლაც უდიდესი ზეიმი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, არა "ოლდ ტრეფორდზე", არამედ - "სხვა სტადიონზე"...

ინგლისური პრესა მოწოდების სიმაღლეზე
ერთი კვირაც კი არ გასულა ხეირიანად მას მერე, რაც როი ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და უკვე სერიოზული პრობლემა აქვს: ის არ არის ჰარი რედნაპი, რომელიც ინგლისური მედიის უდიდესი ფავორიტი იყო.

64 წლის ჰოჯსონისკენ თითქმის ყველა ინგლისურმა გაზეთმა გაისროლა. ყველაზე მძაფრი ნასროლი კი, რა თქმა უნდა, "სანს" გამოუვიდა. რაკი ჰოჯსონმა ერთხელ ინგლისურში შეცდომა დაუშვა და ასო-ბგერა R ისე წარმოთქვა, როგორც W, "სანმა" როის ასეთი ჰედლაინი მიუძღვნა: "BWING ON THE EUWOS! WE'll see you in Ukwaine against Fwance".

ამის გამო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "სანს" არაერთი წერილი მისწერა, მაგრამ გაზეთმა ჰოჯსონის მასხრად აგდება მორიგი ჰედლაინით განაგრძო: "გერმანელები ჰოჯსონს დასცინიან!"

არადა, ფილიპ ლამს და ბასტიან შვაინშტაიგერს როიზე, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერი უთქვამთ. უბრალოდ, გულახდილად აღიარეს, მაგ სპეციალისტზე ბევრი არაფერი ვიცით და ვერც ვერაფერს ვიტყვითო...

ესპანეთი
შავი კაცი სარაგოსადან
კვირას, საღამოს, გრანადაში ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმულმა "გრანადამ" "რეალთან" წააგო! გასაგებია, რომ "სამეფო გუნდთან" მარცხი ამ გუნდისთვის კატასტროფა არ არის, მაგრამ როცა პრიმერადივიზიონიდან გავარდნის საფრთხე გემუქრება და თან "რეალთან" მატჩში კონკურენტი კლუბის ქალაქელ მსაჯს დაგინიშნავენ, განრისხება ლოგიკური და ლეგიტიმური ხდება.

ამჯერად "გრანადასთვის" ყველაფერი ერთად მოხდა: "რეალთან" წაგება, სავარაუდოდ დასანიშნი, მაგრამ არდანიშნული პენალტი, წაგება თერთმეტმეტრიანისა და ავტოგოლის წყალობით და მსაჯი, რომელიც წარმოშობით სარაგოსელია!

კარლოს კლოს გომესს ლანძღვა-გინებასთან ერთად, ბოთლებიც დააყარეს, "გრანადას" სამი ფეხბურთელი ბოლო ტურს დისკვალიფიკაციით შეხვდება და არბიტრი მოედნიდან პოლიციამ რის ვაი-ვაგლახით გაიყვანა. თანაც, "გრანადას" ფეხბურთელი მიკელ როსი იფიცება, ამ რეფერის მთელი ოჯახი "რეალის" წევრები არიანო. ბოლო ტურის წინ "გრანადა" "სარაგოსას" მხოლოდ ორი ქულითღა უსწრებს.

სადაც მესიმ დაიკვეხნოს...
ლიონელ მესიმ პოკერი შეასრულა და მარტო პრიმერადივიზიონში 50 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ სანამ არგენტინელის ქება-დიდებას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ხალხი, ვისაც ერთ სეზონში 50-ზე მეტი გოლი გაუტანია.

მაგალითად - დიქსი დინი, რომელმაც 1927/28 წლების სეზონში "ევერტონის" რიგებში 60 გოლი შეაგდო; დაუვიწყარი გიულა სენგელერი, რომელმაც დინის მიღწევიდან ათი წლის შემდეგ "უიპეშტის" ფორმით ერთ სეზონში 65 გოლი გაიტანა; ან ამ რეიტინგის ლიდერი და მისი უნგრელი თანამემამულე ფერენც დეაკი, რომელმაც 1945/46 წლების სეზონში "სენტლორინკის" რიგებში 66 გოლის გატანა შეძლო...

გერმანია
სხვათა შორის...
დორტმუნდის "ბორუსიაზე" ყოვლად არალეგიტიმური ქილიკის ნაცვლად, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ურჩევნიათ, ბუნდესლიგის მე-12 ტურის ცხრილი (1. ბაიერნი - 28 ქულა; 2. დორტმუნდი - 23 ქულა) ნახონ და გვიპასუხონ 100 პროცენტით ლეგიტიმურ კითხვაზე: სად ჯანდაბაშია "ბაიერნის" გენია?

რაც უნდა სამარცხვინოდ ითამაშოს "დორტმუნდმა" ევროტურნირებზე, სანამ გერმანიაში პირველობას არ თმობს და "ბაიერნს" შინ და სტუმრად უგებს, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესის შუბლზე ოფლის წვეთები არ გაშრება.

დორტმუნდის ერთადერთი ნაკლი
"ბორუსია" გერმანიის ღირსეული და ბრწყინვალე ჩემპიონია. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ დორტმუნდელები ერთ რამესაც თუ მიაქცევენ ყურადღებას, მართლა იდეალურად იქნება ყველაფერი.

თითქმის ყოველი გამარჯვების შემდეგ მიკროფონთან კევინ გროსკროიტცი მიდის და ფანებთან ერთად მღერის ხოლმე, რაც იმდენად საზარელი მოსასმენია, რომ ან გროსკროიტცი უნდა ატარონ სიმღერაზე, ანაც, უბრალოდ, სხვამ უნდა იმღეროს - კევინის ნამღერს უსიმღერობაც კი სჯობია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოტფრიდ რა მაგარი ხარ ;)
leko
01:00 10-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული