"რეინჯერსი" ერთ კვირაში გაიყიდება

AutoSharing Option
"რეინჯერსის" დროებითი ადმინისტრატორების განცხადებით, გლაზგოური გრანდის გაყიდვის პროცესი, მათი გათვლით, კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გარიგება ამერიკელ მილიარდერ ბილ მილერთან თითქმის გაფორმებული იყო, როცა მან მიზეზის აუხსნელად შემოთავაზება გააუქმა და განაცხადა, რომ პროცესში მონაწილეობა აღარ აინტერესებს. ამ ეტაპზე "დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენლები სამი რეალური მყიდველის არსებობაზე ლაპარაკობენ.

აქედან ერთი ბრიტანელია, ორი - უცხოელი. საქმეს ის ართულებს, რომ უკანასკნელები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი სახეები არიან საფეხბურთო სამყაროში და, შესაბამისად, მათ საფეხბურთო კლუბის მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ.

"მათი წინადადებები, რასაკვირველია, განიხილება. უფრო
ზუსტ პასუხს გულშემატკივარი უახლოეს მომავალში მიიღებს. მიღებული წინადადებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ამ ეტაპზე ჩვენ მათ ჯერ კიდევ ვსწავლობთ.

კლუბის ბედი უშუალოდ მომავალი მესაკუთრის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული. თუკი "რეინჯერსში" დიდი ინვესტიციები არ ჩაიდო, მაშინ მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ მომავალი წლების განმავლობაში გუნდი მხოლოდ შიდა ასპარეზზე იქნება კონკურენტუნარიანი. ასეთ შემთხვევაში კლუბი მასზე დახარჯულ თანხებს იოლად აანაზღაურებს.

ამისთვის საჭიროა, რომ "რეინჯერსს" გულშემატკივრებიც ამოუდგნენ მხარში და სეზონური აბონემენტების გაყიდვამ არ მოიკლოს," - განუცხადა დევიდ უაიტჰაუზმა BBC Sports-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული