თურქეთი. სუპერლიგა: "გალათასარაი" დაბრუნდა!

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე თურქეთის ჩემპიონიც გაირკვა: სტამბულის "გალათასარაი" ქვეყნის ჩემპიონი მეთვრამეტედ და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გახდა.

"გალამ" ჩემპიონობა პლეი ოფის ბოლო, მე-6 ტურში, უშუალო კონკურენტ და ახლა უკვე ექს-ჩემპიონ "ფენერბაჰჩესთან" დუელის შემდეგ გაიფორმა - თურქეთის ჩემპიონატის ფინალად წოდებული მატჩი ფრედ, 0:0 დამთავრდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფათიჰ თერიმის გუნდი ჩემპიონი გამხდარიყო.

ამ მატჩით თურქეთში დასრულდა სეზონი, რომელიც მანიპულირებული მატჩების სკანდალის ფონზე წარიმართა და გარკვეულწილად ამის გამო იყო დაჩრდილული.

აღსანიშნავია, რომ "გალამ" კალენდარული სეზონიც პირველ ადგილზე დაასრულა და "ფენერს" 9 ქულით
უსწრებდა.

პლეი ოფი, რომელშიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოთხი საუკეთესო გუნდი განახევრებული და ამავდროულად, დამრგვალებული ქულებით აგრძელებს, თურქეთში ახალი შემოღებულია და "გალამ" "ფენერს" გადასწრების საშუალება არც ამ ოთხთაბრძოლაში მისცა.

თუმცა ბოლო ტურის წინ "გალათასარაი" მდევარს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა და შაბათს "ფენერს" რომ მოეგო, ჩემპიონიც გახდებოდა.

უმსხვერპლო ომი
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ემოციური და სკანდალური გამოვიდა - გოლები ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ, ვნახეთ ორი გაძევება (მსაჯმა "ფენერს" სენეგალელი დია (65-ე წუთზე) გაუგდო, "გალას" კი - ჩეხი უიფალუში (79).

საფინალო სასტვენის შემდეგ კი სტადიონზე გაუგონარი, თურქული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ამბავი ატყდა: "ფენერისა" და "გალას" ფანებმა არა მარტო მოედანზე, არამედ გასახდელებშიც შეაღწიეს - აღარაფერს ვამბობ უთვალავ პეტარდსა და მოედანზე გადმოყრილ სკამებზე. თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ამას ელოდა კიდეც და თამაშზე ათასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი იყო მობილიზებული, რის გამოც სტადიონზე სისხლისღვრას ადგილი არ ჰქონია.

სამაგიეროდ, "ფენერის" და "გალას" ფანებმა ერთმანეთი სტადიონს მიღმა მონახეს და პოლიციამ მომხვდურების დაშლა მხოლოდ ცრემლსადენი გაზით მოახერხა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

რაც შეეხება სპორტული მხარის მთავარ ამბავს: "გალათასარაიმ" ნაციონალური ტიტული 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო და ახლა უკვე 18-გზის ჩემპიონია.

ამით "გალა" "ფენერს" (ასევე, 18 ჩემპიონობა) გაუთანაბრდა. მომდევნო სეზონში "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგაშიც დაბრუნდება და პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, "ფენერბაჰჩეს" კი ევროპის ელიტური საკლუბო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს.

პლეი ოფი. VI ტური
ბეშიქთაში-ტრაბზონი 1:1
გოლები: 1:0 ჰოლოშკო (70), 1:1 ადინი (85)

ფენერბაჰჩე-გალათასარაი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გალათასარაი 6 2 3 1 9-6 48
2. ფენერბაჰჩე 6 4 1 1 9-4 47
3. ბეშიქთაში 6 1 2 3 5-8 33
4. ტრაბზონი 6 1 2 3 5-10 33

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული