იგორ შტიმაცი სლავენ ბილიჩის ნაცვლად

AutoSharing Option
ხორვატულ ფეხბურთში დიდი ცვლილებებია. ნაკრების თავკაცის, სლავენ ბილიჩის ამბები "ლელომ" ადრევე გაუწყათ. ის ეროვნული გუნდიდან წავიდა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.

ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გადადგება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლატკო მარკოვიჩი. მათი შემცვლელები უკვე ცნობილია: ფედერაციას სათავეში ლეგენდარული ხორვატი თავდამსხმელი დავორ შუკერი ჩაუდგება, ბილიჩს კი ეროვნულ გუნდში 1998 წლის "ოქროს თაობის" კიდევ ერთი წარმომადგენელი იგორ შტიმაცი შეცვლის.

ვან პერსი არსენალს ვერ შეუთანხმდა
"არსენალს" იმედი ჰქონდა, რომ რობინ ვან პერსის ახალ 3-წლიან ხელშეკრულებაზე დაითანხმებდა, თუკი კვირაში ხელფასს 30
ათასი ფუნტით გაუზრდიდა. მოგეხსენებათ, ამჟამად მისი ანაზღაურება 100 ათასია. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან "მანჩესტერ სიტი" თავდამსხმელს კვირაში 250 ათასს სთავაზობს.

როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები იუწყებიან, ვან პერსის ყველაზე მეტად ისევ ის აშინებს, რომ "არსენალი" ვერ მოახერხებს ტიტულებისთვის ბრძოლას, რადგან "მეთოფეებს" ამისთვის სათადარიგოთა სკამი მეტისმეტად მოკლე აქვს.

ის, რომ პირველ რაუნდში მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება შეწყდა. მეტიც, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი და ჰოლანდიელის აგენტი უკვე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან კიდევ ერთხელ დასხდებიან.

უილშირის კიდევ ერთი ოპერაცია
"არსენალის" 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯეკ უილშირი შვედეთში გაემგზავრა, სადაც მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა, ამჯერად მარცხენა მუხლზე ელის, - იუწყება "არსენალის" ოფიციალური ვებგვერდი.

როგორც ექიმები წინასწარ აცხადებენ, საშიში არაფერია და უილშირის მოედანზე დაბრუნებას ეს არ გააჭიანურებს. ჯეკი ვარჯიშს ივნისის ბოლოს უნდა შეუდგება.

უილანი: ლივერპული მორგს ჰგავს
"უიგანის" პრეზიდენტმა დეივ უილანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მზად ვარ რობერტო მარტინესს ხელშეკრულება გავუწყვიტო, თუკი მას სახელოვანი ინგლისური კლუბები მიიწვევენო.

38 წლის ესპანელის სამსახურით დაინტერესებას "ლივერპულსა" და "ასტონ ვილას" მიაწერენ. "ლივერპულის" სახელის ხსენებაზე უილანი აღშფოთდა, "ენფილდი" დიდი ხანია მორგს ჰგავს, მაგას ჯობია, მარტინესი ჩვენთან დარჩესო.

"ლივერპულს" შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ თავად კლუბი მკვდარი ადგილია, დიდი ხანია, მას გული აღარ აქვს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ სურთ ჩვენი მწვრთნელის წაყვანა. ისიც ვიცი, რომ რობერტოს დანიშვნა "ვესტ ბრომვიჩსაც" სურს და "ასტონ ვილასაც".

ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს თავად მწვრთნელი, მაგრამ მის შესახებ ოფიციალურად ჩვენთვის ჯერ არავის მოუმართავს. იმედს ვიტოვებ, რომ მარტინესი კიდევ ერთი წელიწადი დარჩება "უიგანში", - აცხადებს უილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული