პსჟ-ის ფეხბურთელი დააკავეს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ მოჰამედ სისოკოს ჯიპი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წესების დარღვევით იყო გაჩერებული, რის გამოც პოლიციამ ფეხბურთელს შენიშვნა მისცა.

მალელმა სამართალდამცავებს ბრიტანეთში აღებული მართვის მოწმობა უჩვენა, სადაც რამდენიმე უხეში შეცდომა იყო დაშვებული.

სისოკომ ამ დარღვევებზე მითითება იუკადრისა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. პოლიციელებმა ის დააკავეს, ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ფეხბურთელმა ინფორმაცია "ტვიტერით" თავადვე გაავრცელა. მოჰამედის თქმით, ეს ჩვეულებრივი შემოწმება იყო და ის უპრობლემოდ გაუშვეს შინ.

კანონი მწეველთა წინააღმდეგ
უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, სპორტულ ობიექტებზე
თამბაქოს პროდუქციის მოხმარება, გაყიდვა და რეკლამაც კი ევრო 2012-ის მიმდინარეობისას აიკრძალა.

როგორც ეს კანონის განმარტებით ბარათში წერია, მისი მიზანი იყო უეფას მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რომელიც მწეველებს ყველანაირად "ავიწროებს", ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა და ცდილობს, არამწეველ გულშემატკივარს ფეხბურთის მშვიდ გარემოში ყურებისა და ტკბობის საშუალება მისცეს.

გარდა იმისა, რომ სტაციონარული წერტილებიდან თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა, დაჯარიმდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც სარეკლამო მიზნით მსგავსი პროდუქციის ფოტოებიანი (ნახატებიანი) ტანსაცმლით გამოცხადდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

დაჯარიმებას ექვემდებარება პროდუქციის უფასოდ გავრცელებაც. აქვე გეტყვით, რომ რადამ ორიოდე თვის წინ თამბაქოს მოხმარება გამონაკლისის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან აკრძალა.

რონალდო ჰოჯსონს აკრიტიკებს
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ინგლისის ნაკრების თავკაცი როი ჰოჯსონი რიო ფერდინანდის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვებისთვის გააკრიტიკა.

"რეალის" ვარსკვლავს მიაჩნია, რომ კუნძულელებს კონტინენტის პირველობაზე დიდი შედეგის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ მის მეგობართან ერთად უფრო მშვიდად შეეძლოთ ცხოვრება. აი, რა თქვა ფეხბურთელმა "სანთან" ინტერვიუში: "რიო ინგლისში ნამდვილად საუკეთესო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველია.

ვერ ვხვდები, რატომ არ გამოიძახეს ის ეროვნულ გუნდში. შესაძლოა, მწვრთნელს მართლაც ჰქონდეს ასეთი მიზეზები. თუკი ასეა, მაშინ ჰოჯსონის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ფერდინანდი დიდი ფეხბურთელის გარდა, დიდი პიროვნებაა და თუნდაც ამის გამო უნდა მიეწვიათ შეკრებაზე. მასთან ერთად ინგლისს ტურნირის მოგების მეტი შანსი ექნებოდა.

მიუხედავად რიოს არყოფნისა, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას მაინც აქვს წარმატების შანსი, რადგან მას შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. ინგლისის ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან იქ მე მეგობრები მყავს და ამას გარდა, ქვეყანაც ძალიან მიყვარს".

ნაკრებთა უკრაინული გრაფიკი
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები მასპინძელ ქალაქებში 6-იდან 10 ივნისამდე ჩავლენ. პირველები კიევს შვედები ესტუმრებიანო, - აცნობა ჟურნალისტებს ევრო 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარიან ლუბკივსკიმ.

"6-ში კიევში უკრაინისა და შვედეთის ნაკრებები დაბინავდებიან. იმავე დღეს დონეცკში ჩავა საფრანგეთიც. 8-ში ლვოვში ელოდებიან პორტუგალიისა და გერმანიის გუნდებს. ამავე დღეს ჩავლენ ხარკოვში დანია და ჰოლანდია.

10-ში დონეცკს პირველი მატჩის გასამართად ინგლისის დელეგაცია ეწვევა,"
- განაცხადა ლუბკივსკიმ.

პროტოკოლის წესების დაცვით, გუნდებს ადგილზე დახვდებიან მასპინძელი ქალაქების მერები, უეფასა და ფიფას წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის მონაწილე 14 სტუმარი ქვეყნიდან მხოლოდ შვედეთმა და საფრანგეთმა არჩიეს უკრაინაში დაბინავება. დანარჩენი გუნდები კი თამაშებზე პოლონეთიდან ივლიან.

ჰესკიმ ვილა დატოვა
34 წლის ემილ ჰესკიმ "ასტონ ვილა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ბირმინგემული კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელმა ამაზე უარი თქვა.

ის უკვე მესამე ვილელია, ვინც კლუბი მიატოვა - აქამდე ასე მოიქცნენ ბრედ გუზანი და კარლოს კუელიარი.

"დეილი მეილის" ცნობით, ჰესკი "ლესტერში" აპირებს დაბრუნებას, იქ, სადაც დაიწყო კიდევაც მისი კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული