ბულგარეთს ლოთარ მათეუსი მიხედავს!

AutoSharing Option
ლიგაში მისი დანიშვნა ვერცერთმა კლუბმა ვერ გარისკა, კამერუნში მის სამსახურზე უარი თქვეს, სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ლოთარ მათეუსმა ამაზე უფრო მსუყე სამსახურს გამოჰკრა ხელი: ლოთარი, რომელსაც ბუნდესგუნდის მაისურით 150 მატჩი აქვს ჩატარებული, ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნება. მატეუსს ბულგარელები ერთს პლუს ორწლიან კონტრაქტს უფორმებენ.

ეს ინფორმაცია გუშინ საფეხბურთო გერმანიისთვის ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, რადგან მანამდე არსად თქმულა, რომ ლოთარი ბულგარელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გუშინაც, ცნობა მხოლოდ მას მერე გავრცელდა, რაც ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
მათეუსს ყველაფერზე მოურიგდა, რომ ლოთარმა თანხმობა უთხრა კონტრაქტზე, რომელსაც ვადა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე ექნება და რომ უახლოეს დღეებში ლეგენდარულ გერმანელს ბულგარეთის ნაკრების თავკაცის რანგში ოფიციალურად წარადგენენ.

ამრიგად, მათეუსი ხსენებულ პოსტზე სტანიმირ სტოილოვს შეცვლის. ეს უკანასკნელი კი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი თამაში წააგო (0:4 ინგლისთან და 0:1 ჩერნოგორიასთან). შედეგად, ბულგარეთის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რასაც მოჰყვა კიდეც ეს სამწვრთნელო გადაადგილება.

ლოთარის დებიუტი ბულგარეთის ნაკრების თავკაცის რანგში საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 8 ოქტომბერს შედგება, როცა მისი ახალი გუნდი უელსს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ G ჯგუფში ინგლისთან, ჩერნოგორიასთან, უელსთან და ბულგარეთთან ერთად, შვეიცარიის ნაკრებიც თამაშობს, რომელსაც ლოთარის ყოფილი დამრიგებელი (ბაიერნში) ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნის. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მათეუსსა და ჰიტცფელდს შორის პირველი დუელი 2011 წლის 26 მარტს შედგება.

ამრიგად, 16-თვიანი უმუშევრობის ხანა დასრულებულია - მათეუსს ისევ აქვს სამსახური, რასაც ასე ძალიან ნატრობდა. ლოთარი ბოლოს 2008/2009 წლების სეზონში ნეთანიის "მაქაბის" წვრთნიდა, სადაც დიდხანს ვერ გაძლო - ისევე, როგორც სხვა გუნდებში. უფრო ადრე კი მათეუსი ვენის "რაპიდს", ბელგრადის "პარტიზანს", ბრაზილიურ "ატლეტიკო პარანაენსეს" და უნგრეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. ზალცბურგის "რედ ბულში" კი, ლოთარი მთავარი მწვრთნელის, ჯოვანი ტრაპატონის თანაშემწე გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული