"გალათასარაის" დიდი გეგმები

AutoSharing Option
"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა.

კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდი გეგმები აქვს. პირველ რიგში, მათ "იუვენტუსიდან" იჯარით აყვანილი ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველის, 29 წლის ფელიპე მელოს ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ.

"ლომები" მზად არიან, "ბებერ ქალბატონს" ფეხბურთელში 9 მილიონი ევრო მიუთვალონ. "იუვესგან" მელოს შეძენას მოსკოვის "სპარტაკიც" გეგმავს.

"მილიიეტის" ცნობით, ფატიჰ თერიმს შუა ხაზში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს. ლაპარაკია დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების მარცხენა ნახევარმცველ ევგენი კონოპლიანკაზე.

მწვრთნელი მზადაა, უკრაინულ კლუბს 6 მილიონი ევრო გადაუხადოს და პლუს, ოთხი ფეხბურთელიდან
რომელიმეს არჩევის საშუალება მისცეს.

როგორც ჩანს, "ლომებს" კონოპლიანკა ძვირად უღირთ, რადგან ლაპარაკია სერიოზულ მოთამაშეებზე - მილან ბაროშზე, კოლინ კაზიმ-რიჩარდსზე, ალბერტ რიერასა და სერქან ილდირიმზე. ტრანსფერის ბედი, წესით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაწყდეს.

და რაც მთავარია, თერიმს კვალიფიციური თავდამსხმელის შეძენაც სურს, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად იასპარეზოს.

თურქული პრესის ცნობით, სტამბულელები "ლიონიდან" ლისანდრო ლოპესის გადაბირებას აპირებენ და მზად არიან, ფრანგებს 29 წლის არგენტინელში 9 მილიონი ევრო გადაუხადონ. "ლიონი" თავდასხმის ლიდერს 12 მილიონად აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული