ჰოლანდიის სუპერთასი. ეინდჰოვენი-აიაქსი 4:2 - დიკ ადვოკაატის პირველი გასროლა

AutoSharing Option
ჰოლანდიის სუპერთასი იოჰან კრუიფის სახელს ატარებს, რის გამოც ჰოლანდიის საუკეთესო კლუბებისთვის განსაკუთრებით პრესტიჟულად მიიჩნევა.

დედაქალაქელებმა ეს ბრძოლა ზედიზედ ორჯერ დათმეს "ტვენტესთან", რასაც, წესით, ფრანკ დე ბურის გუნდი განსაკუთრებულად უნდა განეწყო, მაგრამ... მატჩის მე-11 წუთზე დიკ ადვოკაატის შეგირდებმა მეტოქეს ბრძოლის ჟინი თუ არ გაუქრეს, სერიოზულად მაინც დააფიქრეს მისი მოპოვების პერსპექტივაზე.

სტუმრებმა (მატჩი "ამსტერდამ არენაზე" გაიმართა) პრინციპულ მოწინააღმდეგეს უკვე მე-4 წუთზე გამოუცხადეს ქიში. კუთხურის გათამაშების შემდეგ ახლო ძელთან პირველი ოლა ტოივონენი გაჩნდა და - 1:0.

"აიაქსმა" მეტოქეს ინიციატივა ხელიდან გამოჰგლიჯა და პჟემისლავ
ტიტონის კარს შეუტია.

მალე გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ტობი ალდერვეირელდის დარტყმა მცველებმა ხაზიდან გამოიტანეს.

საპასუხო შეტევაში ჯერმეინ ლენსმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა და ეს ულამაზეს კონტრშეტევაზე გააკეთა.

მან კენეტ ვერმეერს ბურთი თავზე გადაუგდო. დაბნეულმა მასპინძლებმა ბრძოლა თითქოს შეწყვიტეს და კინაღამ მესამედაც დაისაჯნენ - გატანა ამჯერად მარსელოს მართებდა, თუმცა ამჯერადაც მცველებმა იყოჩაღეს და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს. "აიაქსი" გონს მალე მოეგო და საქმეში ხელახლა დაბრუნდა.

შესვენებამდე სხვაობა შემცირდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ თავი ალდერვეირელდმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარი ისევ დე ბურის ბიჭების შეტევებით დაიწყო. გათანაბრება შეეძლო კოლბეინ სიგტორსონს, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა. როგორ უნდა მომენტების გამოყენება, ყველას უჩვენა ტოივონენმა, ვინც ჯეტრო ვილემსის ჩაწოდების შემდეგ ცარიელ კარში შეაგდო. ამით არაფერიც არ დამთავრებულა.

75-ე წუთზე არაზ ოზბილიზის ჩაწოდების შემდეგ მარსელომ საკუთარი კარი დალაშქრა. შანსი ჯერ კიდევ იყო და სიმ დე იონგმა წარმოუდგენელი მომენტი გააფუჭა კიდეც. მატჩის დასრულებას წამები აკლდა, როცა საჯარიმოსთან მემფის დეპაისა და ჟორჟინიო ვაინალდუმის კომბინაციას ვერმეერის კარში კიდევ ერთი ლამაზი გოლი მოჰყვა.

ეინდჰოვენი-აიაქსი 4:2
ეინდჰოვენი: ტიტონი, ბოუმა, ვილემსი, მარსელო, ჰატჩინსონი, სტროოტმანი, ვან ბომელი, ლენსი, მარტენსი, ნარსინხი (დეპაი 84), ტოივონენი (ვაინალდუმი 73)
აიაქსი: ვერმეერი, ანიტა, ბლინდი, ვან რაინი, ალდერვეირელდი, დე იონგი, იანსენი, ოზბილიზი, ფიშერი (შენე 64), სხეტი, სიგტორსონი
გოლები: 1:0 ტოივონენი (4), 2:0 ლენსი (11), 2:1 ალდერვეირელდი (44), 3:1 ტოივონენი (54), 3:2 მარსელო (75-ს.კ-ში), 4:2 ვაინალდუმი (90)
გაფრთხილება: სტროოტმანი, ტიტონი - იანსენი, დე იონგი, ვან რაინი, ალდერვეირელდი

მატჩის შემდეგ
ფრანკ დე ბური (აიაქსი): "დეილი ბლინდზე ყველაფრის გადაბრალება არ შეიძლება, მაგრამ მას დღეს კონცენტრაცია ნამდვილად არ ჰყოფნიდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეორე უნიჭიერესი მცველი დენსვილიც გვყავს. ასე რომ, წაგების მიუხედავად, პანიკაში ჩავარდნას არ ვაპირებთ".

დიკ ადვოკაატი (ეინდჰოვენი): "ამ შეხვედრაში პრობლემა არ შეგვქმნია. მომენტებში კი, უბრალოდ, ფანტასტიკურად გამოვიყურებოდით. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, რომ რომელ ტურნირშიც ვასპარეზობთ, ყველას მოგებას შევეცდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული