აზიური სასწაული 7 აგვისტოს დასრულდა

AutoSharing Option
იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოლიმპიური ნაკრებების საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალამდე მისვლა სენსაციად მოინათლა, მაგრამ 7 აგვისტოს მათი წინსვლა ვეღარ გაგრძელდა და ერთმანეთთან ოდენ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწევთ დაპირისპირება. თუმცა ორივე მათგანისთვის მესამე ადგილიც შესანიშნავი შედეგი იქნება.

ფინალი კი ჩინებული გველის. ბრაზილიისგან განსხვავებით, მექსიკას არავინ ასახელებდა ტურნირის უპირველეს ფავორიტებს შორის, თუმცა ჩემპიონობის რამდენიმე პრეტენდენტის კრახის ფონზე, ამ გუნდის ფინალამდე მისვლა სავსებით კანონზომიერად მოჩანს.

ეროვნული ნაკრებების დონეზე ბრაზილიელებსა და მექსიკელებს შორის ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლა იმართება ხოლმე და გამონაკლისი არც მათი 23-წლამდელების ჭიდილი უნდა იყოს.

მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარფინალში შედგა, სადაც იაპონელთა სწრაფი გოლის შემდეგ მექსიკელები დროულად მოეგნენ გონს და შესვენებაზე 1:1-ით გავიდნენ, მატჩის მეორე ნახევარში კი აზიელებს შანსი არ დაუტოვეს.

სამრეთკორეელები კი ბრაზილიელებს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულამდე გაუძალიანდნენ, რის შემდეგაც სელესაოს უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

მოკლედ, 7 აგვისტოს ოლიმპიადაზე იშვიათი დღე იყო - შეხვედრებმა უსენსაციოდ ჩაიარა. ვნახოთ, რას გვიმზადებენ ფინალური მატჩის მონაწილენი.

მექსიკა-იაპონია 3:1
მექსიკა: კორონა, სალსიდო, ჩავესი, ი. ხიმენესი, მიერი, რეიესი, ფაბიანი, აკინო (90. კორტესი), ენრიკესი, პერალტა, ჯოვანი დოს სანტოსი (46. რ. ხიმენესი).
იაპონია: გონდა, ტოკუნაგა, იოშიდა, საკაი, სუზუკი, ოგიჰარა (83. საიტო), კიოტაკე (77. უსამი), ოცუ, ჰიგაში (71. სუგიმოტო), იამაგუჩი, ნაგაი.
გოლები: 0:1 ოცუ (12), 1:1 ფაბიანი (31), 2:1 პერალტა (65), 3:1 კორტესი (90)
გაფრთხილება: ფაბიანი - საკაი
არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

ბრაზილია-ს. კორეა 3:0
ბრაზილია: გაბრიელი, ტიაგო სილვა, მარსელო (76. ჰალკი), რაფაელი, ალექს სანდრო, ჟუანი (83. ბრუნო უვინი), ოსკარი, სანდრო, რომულო, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო (78. პატო).
ს. კორეა: ლი, იუნი, ი. კიმი, ოჰი, ჰვანგი, კი, ნამი, კუ (59. იუნგი), ბ. კიმი, ჰ. კიმი (71. პარკი), ჯი (77. ბაეკი).
გოლები: 1:0 რომულო (38), 2:0 ლეანდრო დამიაო (57), 3:0 ლეანდრო დამიაო (64)
გაფრთხილება: ჯი
არბიტრი: პ. კრალოვეცი (ჩეხეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული