რობინ ვან პერსი: ევრო 2012 დავივიწყეთ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის თქმით, მან და მისმა მეგობრებმა უკვე დაივიწყეს ევრო 2012-ზე განცდილი კოშმარი.

შეგახსენებთ, რომ "ნარინჯისფერებმა" კონტინენტის ჩემპიონატზე ჯგუფში სამივე თამაში წააგეს - დანიასთან 0:1, ხოლო გერმანიასა და პორტუგალიასთან - 1:2. "დიდი ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შეკითხვებისთვის აღარ მეპასუხა, რადგან უკვე აღარ ვიხსენებ მას.

ვფიქრობ, წარსულში ქექვას სარგებელი არ მოაქვს. როცა ზედიზედ სამ თამაშს აგებ, იმედგაცრუება ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ. ერთი სიტყვით, ამ თემაზე დიდი ხანია, უკვე ყველაფერი
ითქვა და დაიწერა.

ნამდვილად არ მიფიქრია სანაკრებო კარიერის დასრულება, რადგან ვერ ვხედავ ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრა ჩვენს გუნდს არ შეუძლია. თანაც, ჩვენი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს.

ახალ გუნდზე იმის თქმა შემიძლია, რომ ლუის ვან გაალს უკვე ველაპარაკე. მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ველოდები. ამ წუთას ჩვენი მიზანია ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება. წინ თურქეთსა და უნგრეთთან შესარჩევი ციკლის შეხვედრები გველის," - განუცხადა VoetbalPrimeur-ს ჯერ კიდევ "არსენალის" ფეხბურთელმა.

ფორმულირება, რითაც წინა აბზაცი დავასრულეთ, შემთხვევით სულაც არ დაგვიწერია. არ შეგვიძლია არ შემოგთავაზოთ მოკლე ანონსი ინგლისური პრესისა, თუ რას წერენ ისინი ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერზე.

"დეილი მეილის" მტკიცებით, საქმეში პირადად სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერთან იდეალური ურთიერთობება არ აკავშირებს, პირადად მასთან გადაწყვიტა დალაპარაკება.

ფრანგმა შოტლანდიელ კოლეგას განუცხადა, რომ მანჩესტერელებისგან გაუმჯობესებულ წინადადებას ელოდებიან.

"ეშმაკები" "მეთოფეებს" აქამდე 20 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. "სანის" ცნობით კი, მანკუნიანელები 22 მილიონზეც თანახმანი არიან, ლონდონელები კი 25-ს ითხოვენ. "მირორის" მტკიცებით, ჰოლანდიელი "ოლდ ტრეფორდზე" უახლოეს 48 საათში გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული