"აიაქსიდან" ფინანსური პრობლემების გამო ლიდერები გარბიან

AutoSharing Option
ჰოლანდიური "დე ტელეგრააფის" ცნობით, "აიაქსს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რომლის დამალვასაც კლუბის ხელმძღვანელობა წელიწადზე მეტია ცდილობდა, მაგრამ...

გამოცემას აღნიშნულ თემაზე ისეთი წყარო ელაპარაკა, რომელიც საკლუბო შიდა დინებებში იმდენად იყო გარკვეული, რომ აშკარაა, "ციხე მაინც შიგნიდან გატყდა".

გაზეთის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ "აიაქსის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე იური კორონელმა და გენერალურმა დირექტორმა რიკ ვან დენ ბოოგმა 2011 წლის გაზაფხულზე პოსტებიდან წასვლის შემდეგ კლუბის ახალ ხელმძღვანელობას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე პერსონა "აიაქსიდან" იოჰან კრუიფთან დაპირისპირების გამო წავიდა.

სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა
იერუნ სლოპმა უარი თქვა პრესისთვის განემარტა, კონკრეტულად რა ხდება კლუბის ფინანსებში და რამე კანონდარღვევაზე თუ არის ლაპარაკი.

ერთადერთი, რაც დაადასტურა, არის ის, რომ ძველი ბოსები ძალიან სერიოზულ და გაუთვლელ რისკებს სწევდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ამას მომავალი გარანტირებული შემოსავლების ხარჯზე აკეთებდნენ.

ასე მაგალითად, 2011/12-ის სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის წყალობით მიღებული სატელევიზიო შემოსავალი 15 მილიონი ევრო, წინასწარ იყო გაწერილი და ის მთლიანად ვალებში წავიდა.

"დე ტელეგრააფის" მტკიცებით, სწორედ ამის გამო იყო, რომ კლუბმა დროებით მაინც უარი თქვა წამყვან ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებების დადებაზე ან გახანგრძლივებაზე.

მათ შორის, უარი მიიღეს ვურნონ ანიტამ ("ნიუკასლში" აპირებს კარიერის გაგრძელებას), ტეო იანსენმა (კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს), ისმაილ აისატიმ (ამჟამად უკლუბოდაა), ნიკლას ლოდეირომ ("ბოტაფოგოში" წავიდა) და როდნი სნეიდერმა ("ვაალვაიკში" გადავიდა).

შარშანდელი შემადგენლობიდან ფრანკ დე ბურის განკარგულებაში აღარ არიან არიზ ოზბილიზი (კუბანი), მარიო ცვიტანიჩი (ნიცა), დმიტრი ბულიკინი (ტვენტე), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), ანდრე ოოიერი (კარიერა დაასრულა). ასე რომ, "აიაქსს" წელს საკმაოდ დიდი პრობლემები ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული