"ენფილდზე" მან მთელი 10 წელიწადი ითამაშა. ფინელის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 400-მდე თამაშია. 2009 წელს მან ლევერკუზენის "ბაიერს" მიაშურა, სადაც 2 წლის მერე დაასრულა კიდეც აქტიური საფეხბურთო კარიერა. ვეტერანი ამ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ლაპარაკობს.
- სამი, ლივერპულში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდით. თქვენც ხომ ფიქრობთ, რომ ის ბანდიტური ქალაქია?
- "ენფილდზე" ახალი გადასული ვიყავი, როცა კრისტიან ციგე, სანდერ ვესტერველდი და მე ერთ-ერთ რესტორანში ვისხედით. შესასვლელი კარიდან რამდენჯერმე სროლის ხმა მოგვესმა. ცოტა არ იყოს,
- სამაგიეროდ, აქედან მერე ძალიან წყნარ ქალაქში გადახვედით საცხოვრებლად...
- მართალია, ლევერკუზენი ბევრად უფრო წყნარი ქალაქია, მაგრამ მე იქ მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე დავდიოდი.
- ღამის ცხოვრებას თუ შეადარებდით ამ ორ ქალაქში?
- ღამეული გართობა არასოდეს მიტაცებდა. ასე რომ, მხოლოდ ის მაინტერესებდა, რითაც ჩემი ცხოვრება შედგებოდა.
- ეს ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც თქვენ პროფესიონალიზმის ეტალონს გიწოდებდნენ?
- მე მე ვარ. დროდადრო რაღაც საზეიმო ღონისძიებებს კი ვესწრები და რასაკვირველია, ჩაკეტილი ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს პროფესიას სერიოზულად ვეკიდებოდი. სწორედ მისი სიყვარულის გამო მიწევდა ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, რათა გავმხდარიყავი ის, რაც ვიყავი.
- 30 წელს იყავით გადაცილებული, როცა გაზეთები წერდნენ, ჰიიპიას "ლივერპულმა" სამწვრთნელო შტაბში დასაქმება შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვაო. ასე იყო?
- "ლივერპულიდან" იმიტომ წავედი, რომ როგორც ფეხბურთელს, ჯერ კიდევ ბევრი რამ შემეძლო. ისე, მიკვირს, რატომ სჯერა ხალხს მასმედიის ასე ბრმად, მით უფრო, როცა ის აშკარა ტყუილებს წერს.
- ანუ ეს ისტორია მოგონილია?..
- შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად. კლუბთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, მაგრამ ჩვეულებრივ კონტრაქტზე. შემდეგ გადავწყვიტე, რომ რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში და საცხოვრებლად გერმანიაში წავედი.
- ერთხელ მარკუს ბაბელმა თქვა, რომ 2001 წელს, "ლესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ თქვენ თვალცრემლიანს გადაგაწყდათ...
- ხანდახან ემოციას ვერაფერს უხერხებ. მით უფრო მაშინ, როცა ხვდები, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო შენი გუნდის დახმარება არ შეგიძლია. კიდევ მაშინ, როცა ძალიან ცუდი თამაშით ღალატობ. თუკი გასახდელში ოდესმე მიტირია კიდეც, ამისი არ მრცხვენია. პირიქით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ფეხბურთი.
- 2001 წელს თქვენ გუნდის კაპიტნად აგირჩიეს, მაგრამ მალევე ვიცე-კაპიტნობამდე ჩამოგაქვეითეს, სამკლავური კი სტივ ჯერარდს გადასცეს. ამბობენ, რომ ეს მოხდა თქვენი თამაშის გაუარესების გამო...
- ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც პირადი წარუმატებლობები, მართალია, გულთან ახლოს მიჰქონდა, მაგრამ ამაზე არავისთან ლაპარაკობდა. შესაძლოა, ეს პოსტი თავიდანვე არ იყო ჩემთვის განკუთვნილი... თუმცა ფაქტია, რომ კაპიტნობის ჩამორთმევის შემდეგ უკეთ ავთამაშდი.
- ულიემ ეს გადაწყვეტილება როგორ აგიხსნათ?
- საღამოხანს თავის კაბინეტში მიხმო და მოკლედ მომიჭრა, რომ კაპიტანი სტივენ ჯერარდი უნდა გამხდარიყო. მეორე დღეს, ვარჯიშამდე, სტივი როცა ვნახე, უხერხულობა შევატყვე. მივედი და მხარდაჭერა აღვუთქვი. მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ცოტა ხანი ძალიან გაბრაზებული კი ვიყავი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ რასაც აკეთებდა, მხოლოდ გუნდის ინტერესებს ემსახურებოდა.
- მას შემდეგ ასეთი ზეწოლა არასდროს გიგრძვნიათ?
- "ლივერპულს" მაშინ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - გასულიყო მოედანზე და ყველა თამაში მოეგო, ზუსტად ისე, როგორი განწყობითაც გერმანიაში მიუნხენის "ბაიერნი" თამაშობს. დამიჯერეთ, მაშინ სულერთი იყო ჩემთვის, კაპიტანი ვიყავი თუ ჩვეულებრივი ფეხბურთელი.
- რამე თუ არის გერმანიაში ისეთი, რაც ინგლისში არასოდეს გინახავთ?
- ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ "ლევერკუზენში" პირველი მატჩის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს მატჩის შესახებ სიტყვაც კი არ დასცდენიათ. მათ მშვიდად მიიღეს შხაპი, ჩასხდნენ მანქანებში და სახლებს მიაშურეს.
"ლივერპულში" ასე არასოდეს ვიქცეოდით. მეორე შეხვედრის შემდეგ მანუელ ფრიდრიხს გავუზიარე ჩემი გაკვირვება. მან კი მიპასუხა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ დამოკიდებულება რომ შეგვეცვალა ერთმანეთის მიმართ, ყველაფერი სხვანაირად განვითარდებოდა.
ჩემი მისვლის შემდეგ მართლა ასე მოხდა. ერთმანეთთან ფეხბურთს ხშირად განვიხილავდით.
- გერმანიაში არ მოგენატრათ ლივერპულელი ხუმარები? მაგალითად, კარაგერი და კრაუჩი...
- ასეთები გერმანიაშიც იყვნენ. პატრიკ ჰელმესი გასახდელში ხანდახან წარმოუდგენელ რამეებს სჩადიოდა. თუმცა მოყოლას არ ვაპირებ. ამ სივრცეში რაც ხდება, იქვე რჩება. ეს წესია ასეთი.
- ახალგაზრდა ფეხბურთელების მხრიდან უფროსებისადმი უპატივცემულობა თუ შეგიმჩნევიათ?
- მესმის, რომ უფროსებისადმი დამოკიდებულება ყველა ქვეყანაში ერთგვაროვანი არ არის. მე ისეთ ეპოქაში ვიზრდებოდი, როცა მათდამი დაუმორჩილებლობისთვის შეიძლებოდა კარგი გვარიანი ალიყური მიგეღო.
სულაც არ მგონია, რომ ეს ახალგაზრდების აღზრდის კარგი მეთოდია, მაგრამ... არა, ფაქტია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"