"ბარსელონა" - ტოპ ფეხბურთელთა სამჭედლო

AutoSharing Option
"ბარსელონა" ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის (ესპანური ლა ლიგა, ინგლისური პრემიერლიგა, იტალიური სერია ა, გერმანული ბუნდესლიგა და ფრანგული ლიგა 1) მთავარი მომმარაგებელია მზა პროდუქციით ანუ ფეხბურთელებით.

შვეიცარიული "CIES საფეხბურთო ობსერვატორიის" კვლევის თანახმად, ხუთ ლიგაში კატალონიური გრანდის აღზრდილი 38 ფეხბურთელი თამაშობს.

დავაზუსტოთ, რომ "აღზრდაში" ითვლება თუ ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ასაკში (15-დან 21 წლამდე, მთავარი წლები ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის) სულ მცირე, სამი წელი გაატარა კლუბის სისტემაში.

შესწავლილია, 98 გუნდის 2 286 ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთი რომელიმე კლუბის აღზრდილია და მხოლოდ 116 შემთხვევაში
იყოფს "აღმზრდელის" სახელს ორი სხვადასხვა კლუბი.

* საერთო ჯამში ტოპ-5 ლიგის 2 286 ფეხბურთელი 805 კლუბის აღზრდილია.
* "ბარსელონას" გაზრდილი 38 ფეხბურთელიდან 14 ჯერაც ამ კლუბში თამაშობს. 24 კი სხვადასხვა კლუბშია (ორიოლ რომეუ "ჩელსიში", პეპე რეინა "ლივერპულში", მიკელ არტეტა "არსენალში" და ასე შემდეგ). ამ 38 ფეხბურთელიდან 36-ის აღზრდაში "ბარსამ" შეიტანა ძირითადი ღვაწლი. ისააკ კვენკა ("რეუსი") და კრისტიან ტელიო ("ესპანიოლი") კი სხვა კლუბთან ერთად აღზარდა.

* "ბარსელონას" შემდეგ ტალანტების მთავარი მწარმოებლები არიან ფრანგული "ლიონი" (31 ფეხბურთელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში), ესპანური "რეალი" (29), ფრანგული "რენი" (24) და ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" (24).

* ეს ხუთი კლუბი ყველას 0,6%-ია, არადა, მათ ფეხბურთელების 6% აღზარდეს.

* 42 კლუბმა ანუ ყველას 5%-მა კი ამ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელების 30% აღზარდა! აქედანაც კარგად ჩანს, რომ ევროპული კლუბების კარგა მოზრდილი ნაწილი ან სათანადო ყურადღებას არ ანიჭებს ახალი თაობის აღზრდას, ან ამ საქმისგან არაფერი ხეირიანი არ გამოსდის.

ტოპ-30 "აღმზრდელი" კლუბი
კლუბი ქვეყანა აღზრდილი კლუბშია სხვა კლუბშია
1. ბარსელონა ესპანეთი 38 14 24
2. ლიონი საფრანგეთი 31 10 21
3. რეალი ესპანეთი 29 8 21
4. რენი საფრანგეთი 24 7 17
5. მან. იუნაიტედი ინგლისი 24 9 15
6. ბაიერნი გერმანია 23 7 16
7. სოშო საფრანგეთი 22 12 10
8. სოსიედადი ესპანეთი 21 14 7
9. ატალანტა იტალია 21 5 16
10. ატლეტიკო ესპანეთი 21 7 14
11. ბორდო საფრანგეთი 20 9 11
12. შალკე გერმანია 20 5 15
13. არსენალი ინგლისი 20 6 14
14. ბილბაო ესპანეთი 19 16 3
15. მონაკო საფრანგეთი 19 - 19
16. მონპელიე საფრანგეთი 18 12 6
17. რომა იტალია 18 3 15
18. შტუტგარტი გერმანია 18 5 13
19. მილანი იტალია 17 4 13
20. ვალენსია ესპანეთი 17 4 13
21. ესპანიოლი ესპანეთი 16 3 13
22. სენტ ეტიენი საფრანგეთი 16 6 10
23. ჰერტა გერმანია 16 - 16
24. იუვენტუსი იტალია 16 4 11
25. ბოკა ხუნიორსი არგენტინა 15 - 15
26. ასტონ ვილა ინგლისი 15 8 7
27. მიუნხენი გერმანია 15 - 15
28. ლე ავრი საფრანგეთი 15 - 15
29. ტოტენჰემი ინგლისი 15 8 7
30. ოსერი საფრანგეთი 14 - 14

* ამ ცხრილში პირველი უცნაურობა, რაც თვალში მოგხვდებათ, "მონაკოა", როგორც ხედავთ, მისი 19 აღზრდილი სხვა კლუბებში თამაშობს, ეს იმიტომ, რომ თავად "მონაკომ" დაკარგა ადგილი ლიგა 1-ში.

* 30-ეულში ვერ მოხვდნენ, თორემ ასეთი გუნდები კიდევ არიან: "ჰერტა" (16 გაზრდილი), "მიუნხენი" და "ლე ავრი" (15-15).

* არა-ევროპული კლუბებიდან ევროპის ტოპ-5 ლიგას ფეხბურთელებით ყველაზე უკეთ არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" ამარაგებს - 15 ფეხბურთელი. 13 ფეხბურთელია "რივერ პლეიტის" გაზრდილი, მათში არ შედის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში მხოლოდ 2,5 წელიწადი ითამაშა არგენტინულ გრანდში.

* ისეთი ევროპული კლუბებიდან, რომელიც ტოპ-5-ში არ შედის, რა თქმა უნდა, ამსტერდამის "აიაქსია" გამორჩეული - 13 აღზრდილი.

* ყველაზე მეტი საკუთარი აღზრდილი "ბილბაოს" ჰყავს - 16. პრინციპში, საკვირველი უფრო ისაა, რომ მათი რიცხვი მეტი არაა, კლუბის საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკის გამო. 14-14 საკუთარი აღზრდილი თამაშობს მხოლოდ "რეალ სოსიედადში" და "ბარსელონაში".

მანჩესტერული ისტორია: რუნი და რონალდო სანახევროდ წითელი ეშმაკების გაზრდილები არიან
სამაგალითოდ ავიღოთ "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც ტოპ-5 ლიგას ყველაზე მეტი ფეხბურთელი აღუზარდა - 24.

აქედან 9 ისევ "იუნაიტედში" თამაშობს (სქოულზი, გიგზი, ქლევერლი, ევანსი, უელბეკი და სხვა), 15 კი სხვადასხვა კლუბშია გაფანტული, ფილ ნევილიდან (ევერტონი) კირან რიჩარდსონამდე (ფულჰემი), ორი მათგანი საზღვარგარეთ თამაშობს (მაგალითად, პოლ პოგბა "იუვენტუსშია").

24-დან 4 ფეხბურთელი "იუნაიტედისა" და სხვა კლუბის აღზრდილად ითვლება: ძმები და სილვები, უეინ რუნი და... კრიშტიანო რონალდო! დიახ, რონალდომ 15-21 წლების ასაკში 3 და მეტი სეზონი გაატარა კლუბში.

სხვათა შორის, პრემიერლიგაში მოთამაშე რამდენიმე კლუბზე მეტი ფეხბურთელი აღუზარდა ტოპ-5-ის ლიგებს "ლიდს იუნაიტედმა" - 7. სიტყვაზე, "ნორვიჩმა" მხოლოდ 3 ფეხბურთელი აღზარდა.

და ბოლოს
*"CIES საფეხბურთო ობსერვატორია" უფრო დიდ საქმეს არის შეჭიდებული, ეს ორგანიზაცია ახლა იკვლევს 11,5 ათასი ფეხბურთელის, ევროპის ტოპ-31 ლიგის მონაცემებს. შედეგები და ანალიტიკა კი იანვარში გამოქვეყნდება.

* მხოლოდ თითო ფეხბურთელი 470-მა კლუბმა აღზარდა, 2-2 - 115-მა; 3-3 - 61-მა.

* სამწუხაროდ, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთი ფეხბურთელიც კი არ თამაშობს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ქართული კლუბის აღზრდილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული