შვეიცარიაში მთელი მსოფლიოდან უამრავი ცნობილი ადამიანი ჩავიდა, მათ შორის, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროდან. მაგალითად, დაჯილდოების ცერემონიას ბოლო პერიოდში სკანდალში გახვეული, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ესწრებოდა...
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი
საღამოს მთავარ კითხვას პასუხი ცერემონიის ბოლოს გაეცა:
2012 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ისევ ლიონელ მესი დასახელდა.
არგენტინელი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ოქროს ბურთი ოთხჯერ მოიგო. თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ (25), დიდი შანსია, მესიმ საკუთარ კოლექციას კიდევ რამდენიმე ჯილდო შემატოს.
1. ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა") - 41.60%
2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, "რეალი") - 23.68%
3. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა") - 10.91%
Video
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ები უომბაკი დასახელდა.
უომბაკი 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. 32 წლის ამერიკელმა ხმათა 20.67 პროცენტი მიიღო; ოქროს ბურთის "მერილ სტრიპმა", ბრაზილიელმა მარტამ ამჯერად მეორე ადგილი დაიკავა და მეექვსე (!) გამარჯვება ვეღარ მოიპოვა; მესამე ადგილზე კი კიდევ ერთი ამერიკელი, ალექს მორგანი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ უომბაკი შარშან მესამე ადგილზე გავიდა, მარტა კი ნომინირებულთა სიაში 2005 წლიდან არის. 2005, 2011 და 2012 წლებში ბრაზილიელი მეორე ადგილზე გავიდა, 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში კი საუკეთესო გახდა.
1. ები უომბაკი (აშშ, "მექიქჯეკი") - 20.67%
2. მარტა (ბრაზილია, "ტირესო") - 13.50%
3. ალექს მორგანი (აშშ, "სიეტლ საუნდერსი") - 10.87%
წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი
წლის საუკეთესო მწვრთნელად, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკემ "ფურია როხას" 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
მეორე და მესამე ადგილები ჟოზე მოურინიომ და ხოსეპ გვარდიოლამ დაიკავეს. საინტერესოა, რომ მოურინიო ცერემონიას ზედიზედ მეორედ არ დაესწრო და წელსაც, შარშანდელის მსგავსად, მიზეზად "რეალის" მომავალი სათასო მატჩი დაასახელა.
ისე, საინტერესოა, როგორ ემზადებოდა მოუ "რეალის" მომავალი მატჩისთვის, როდესაც ლამის მთელი "სამეფო კლუბი" ციურიხში იყო.
1. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი, ესპანეთის ნაკრები) - 34.51%
2. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია, "რეალი") - 20.48%
3. ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი) - 12.91%
Video
ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის მწვრთნელია
ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის მწვრთნელია
წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი
ქალთა ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელად აშშ-ის ნაკრების ყოფილი და შვედეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი პია სუნდჰაგე დაასახელეს.
პია შარშანწინ მესამე იყო, შარშან მეორე, წელი კი საუკეთესო გახდა. სუნდჰაგეს ხელმძღვანელობით, აშშ-ის ნაკრებმა 2012 წელს ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
მეორე ადგილი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ნორიო სასაკიმ დაიკავა, მესამეზე კი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ბრუნო ბინი გავიდა.
1. პია სუნდჰაგე (შვედეთი, აშშ-ის ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი) - 28.59%
2. ნორიო სასაკი (იაპონია, იაპონიის ნაკრები) - 23.83%
3. ბრუნო ბინი (საფრანგეთი, საფრანგეთის ნაკრები) - 9.02%
წლის სიმბოლური ნაკრები
"ფიფპროს" მიერ ორგანიზებული გამოკითხვით, რომელშიც 50 000-მდე პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა, წლის სიმბოლური ნაკრები შედგა.
საინტერესოა, რომ თერთმეტივე ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატს წარმოადგენს.
წლის ნაკრებში 5-5 ფეხბურთელი მადრიდის "რეალიდან" და "ბარსელონადან" მოხვდა, ერთი კი მადრიდის "ატლეტიკოდან".
მეკარეები: იკერ კასილიასი (ესპანეთი, "რეალი")
მცველები: დანიელ ალვეში (ბრაზილია, "ბარსელონა"), ჟერარდ პიკე (ესპანეთი, "ბარსელონა"), სერხიო რამოსი (ესპანეთი, "რეალი"), მარსელო (ბრაზილია, "რეალი").
ნახევარმცველები: ჩაბი ალონსი (ესპანეთი, "რეალი"), ჩავი (ესპანეთი, "ბარსელონა"), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა").
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), რადამელ ფალკაო (კოლუმბია, "ატლეტიკო"), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, "რეალი").
Video
2012 წლის სიმბოლური ნაკრები ფიფას ვერსიით
2012 წლის სიმბოლური ნაკრები ფიფას ვერსიით
პუშკაშის პრიზი (წლის საუკეთესო გოლი)
გამარჯვებული: მიროსლავ სტოხი (სლოვაკეთი, "ფენერბაჰჩე").
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო გოლის ავტორიც გაირკვა.
გამარჯვება სლოვაკეთის ნაკრების და თურქული "ფენერბაჰჩეს" 23 წლის ნახევარმცველმა, მიროსლავ სტოხმა მოიპოვა. 2012 წლის 3 მარტს "გენჩლერბირლიგის" კარში გატანილმა ულამაზესმა გოლმა რადამელ ფალკაოს და ნეიმარის არანაკლებ ლამაზ გოლებს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი არანორმალური გოლი ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა, რადგან ფიფამ 10 ნომინანტი ერთი დღით ადრე დაასახელა.
Video
პუშკაშის ნომინაცია - მიროსლავ სტოჰის გოლი
პუშკაშის ნომინაცია - მიროსლავ სტოჰის გოლი
ფიფას პრეზიდენტის ჯილდო
ფრანც ბეკენბაუერი
ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2012 წლის ფიფას პრეზიდენტის ჯილდო ლეგენდარულ ფრანც ბეკენბაუერს გადაეცა.
67 წლის "კაიზერ ფრანცი" ისეთ ადამიანებს შეუერთდა, როგორებიც არიან: სერ ალექს ფერგიუსონი (2011 წელი), დესმონდ ტუტუ (2010 წელი), პელე (2007 წელი), ჯაჩინტო ფაკეტი (2006 წელი) და სხვა.
Fair Play-ს პრიზი
გამარჯვებული: უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაცია
Fair Play-ს პრიზი კი უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციას დარჩა. უზბეკურმა კლუბებმა და სხვადასხვა ასაკის ეროვნულმა ნაკრებებმა მთელი წლის განმავლობაში ყურადღება სუფთა თამაშით და Fair Play-ს პრინციპების დაცვით მიიქციეს და ფიფას აღიარება დაიმსახურეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მფლობელია
ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის მწვრთნელია