იმისათვის, რომ საფეხბურთო აგენტი გახდე, ფიფასგან სპეციალური ლიცენზიის მიღებაა საჭირო, რომლის აღება ძალიან ძნელია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აგენტებს ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ. იმისათვის, რომ გამდიდრდე, სულაც არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც კრიშტიანო რონალდოს ან ლიონელ მესის აგენტი იყო. საკმარისია, რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელის ოფიციალური მრჩეველი (აგენტი) გახდე, რომ ცხოვრებას შესანიშნავად აიწყობ. მაგალითად, პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბები აგენტებს წელიწადში, საერთო ჯამში დაახლოებით 45 მილიონ ევროს უხდიან.
აგენტობისთვის ფიფას ლიცენზიის აღება საკმაოდ რთულია, რადგან მსურველს უძნელესი გამოცდების ჩაბარება უწევს. უპირველესი მოთხოვნა ის არის, რომ კანდიდატმა ფიფას რეგლამენტი ზეპირად უნდა იცოდეს. რეგლამენტი კი 1000-გვერდიანი წიგნია. მოკლედ, ლიცენზიის აღება ურთულესია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უფრო სწორად, როგორც „კიკერის“ კორესპონდენტმა გამოარკვია, არსებობს გაცილებით იოლი, უმარტივესი გზაც და ალბათ უკვე მიხვდით, რაზეცაა საუბარი.
„კიკერის“ კორესპონდენტმა მიხაელ ებერტმა ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. მან ჯერ ჩვეულებრივი გზით სცადა ლიცენზიის მოპოვება, მაგრამ გამოცდაზე ჩაიჭრა. მერე კი, ფიფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მას თვითონვე შესთავაზა ის მარტივი გზა, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ და ქვემოთ უფრო დეტალურად გიამბობთ. მოკლედ, ებერტმა მასთან წინადადებით მისულ პიროვნებას 2000 ევრო გადაუხადა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეორე გამოცდის დაწებამდე 15 წუთით ადრე, ჩვენს გერმანელ კოლეგას მობილურ ტელეფონზე, ტექსტური შეტყობინების სახით კითხვებზე სწორი პასუხები მიეღო. გამოცდაზე სულ 20 კითხვაა. კანდიდატი ვალდებულია, მინიმუმ 14 კითხვას სწორი პასუხი გასცეს. პიროვნებამ, რომელმაც ებერტისგან 2000 ევრო აიღო, „კიკერის“ ჟურნალისტს 15 პასუხი გაუგზავნა. ებერტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და აგენტის ლიცენზიაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ 20 კითხვიდან, 15 ფიფასგან იგზავნება, დანარჩენი 5 კი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეადგინოს.
ფიფაში ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ გამოცდებს უამრავი კონტროლიორი ესწრება, მაგრამ რის მაქნისია თუნდაც ასი კონტროლიორი, როცა გამოცდაზე გასულმა კანდიდატმა კუთხვების პასუხები წინასწარ იცის? ყველაზე მთავარი კითხვა, რაც ბლატერმა ახლა თავის თავს, უფრო სწორად, ქვეშემრდომებს უნდა დაუსვას, ასე ჟღერს: რატომ უგზავნის ფიფა კითხვებსა და პასუხებს 70 ფედერაციას გამოცდამდე ერთი კვირით ადრე? ამ ყველაფრის შესაბამისად, გამოცდა თავიდან ბოლომდე ფარსია!
ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვა, გაცილებით ჩამორჩენილ ქვეყნებში, როცა გერმანიაში გამოცდის ჩაბარების მსურველი კანდიდატი პასუხებს 2000 ევროდ ღებულობს? ფაქტია, რომ აგენტობის გამოცდების ჩაბარების სისტემას ახლა მთლიანად გადახედავენ. მართალია, გვიანია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ფაქტი კი ის არის, რომ ფეხბურთი სწორედ ასეთი მაქინაციებით დაბინძურდა. თანაც, ძალიან მაგრად...
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფიფა კორუფციულ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხსნი წინ, ინგლისური გამოცემის, „სანდი თაიმსის“ ორმა ჟურნალისტმა ფიფას წარმომადგენლებთან კორუფციული გარიგების თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება მოახერხეს. ფიფას ერთ-ერთი წარმომადგენელი მათ დეტალურად უხსნიდა, რომელი ფუნქციონერის მოსყიდვა შეიძლება და რითი. როგორც გაირკვა, ყველა ფულზე არ იყიდება - ზოგს ფულს მომხიბვლელი ქალბატონები ურჩევნია.
გასულ კვირას კი ფიფამ თვითონ გამოამჟღავნა აღმასრულებელი კომისიის წევრების, ამოს ადამუსა (ნიგერია) და რეინალდ ტამარიის (ტაიტი) დანაშაულებრივი ქმედებები. ისინი მზად იყვნენ, მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების მასპინძლობის მსურველი ქვეყნებისგან ხმის მიცემის სანაცვლოდ დიდი ფული აეღოთ. ტამარიისა და ადამუსთან ერთად, ფიფამ კიდევ ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა გაამხილა. ესენი არიან: სლიმ ალოულუ (ტუნისი), ამადოუ დიაკიტე (მალი), აჰონგალუ ფუსიმალოჰი (ტონგა) და ისმაელ ბამჯეე (ბოცვანა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"