კვირა ციფრებში: "წითლების" მიღწევა და ბევრი გოლი

AutoSharing Option
ამ კვირის სტატისტიკურ მიმოხილვაში ვისაუბრებთ "ლივერპულის", "პარი სენ ჟერმენის" და მიუნხენის "ბაიერნის" მიღწევებზე. ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ ორ არგენტინელზე, ესტებან კამბიასოზე და ლიონელ მესიზე...

1 800 - გამარჯვება ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. "ლივერპული" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მერსისაიდელთა უახლოესი მდევრები "არსენალი" (1 751 მოგება) და "ევერტონი" (1 754 მოგება) არიან. ბოლო ტურში "ლივერპულმა" "ასტონ ვილას" მოუგო (2:1) და 2013 წელს გატანილი ბურთების რაოდენობა 28-მდე გაზარდა, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. მეტიც, სხვა 19 გუნდიდან 20-გოლიანი ნიშნული 2013 წელს ჯერ არავის
გადაულახავს.

მიუხედავად ამისა, ბრენდან როჯერსის შეგირდები დიდი სიამოვნებით გაუცვლიდნენ ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც დამაჯერებლად მიიწევს მე-20 ტიტულისკენ. სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა "სანდერლენდს" 1:0 მოუგეს და "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში, რომელმაც 30 ტურში 25 მატჩის მოგება შეძლო.

24 - წაუგებელი საშინაო მატჩი ევროტურნირებზე. "პარი სენ-ჟერმენის" ეს საამაყო სერია ბლეზ მატუიდის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით გაგრძელდა. პსჟ-ს "პარკ დე პრენსზე" ევროტურნირების ეგიდით ჩატარებულ მატჩში 2006 წლის შემდეგ არ წაუგია. მაშინ პარიზელები თელ-ავივის "ჰაპოელთან" დამარცხდნენ (2:4). ჩემპიონთა ლიგაში შემორჩენილ 8 გუნდს შორის ეს წაუგებელი სერია ყველაზე ხანგრძლივია.

აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-მ მატჩის შემობრუნება მხოლოდ მეექვსედ მოახერხა და აქედან სამჯერ ეს "ბარსელონასთან" გააკეთა. გოლით და საგოლე პასით გამოირჩა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ანდრეი შევჩენკოს, ტიერი ანრის, ფერნანდო მორიენტესის და მიხაელ ბალაკის შემდეგ მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლის გატანა სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში შეძლო.

19 - მატჩი ზედიზედ, რომელშიც მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა, არის ახალი რეკორდი, რომელიც ლიონელ მესის ეკუთვნის. არგენტინელმა გოლი პრიმერადივიზიონის 19-ივე გუნდს მიყოლებით გაუტანა, რაც ასევე უნიკალური მიღწევაა. ერთი წრე მესიმ "სელტასთან" შეხვედრაში შეკრა. ეს სერია 11 ნოემბერს დაიწყო და ამ პერიოდში "ლა პულგამ" 30 გოლი გაიტანა. ახლა მის ანგარიშზე 43 გოლია, რაც პრიმერას 16 გუნდზე უკეთესი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მესიმ სტუმრად 23-ე გოლი გაიტანა და გაიმეორა კრიშტიანი რონალდოს რეკორდი, რომელიც პორტუგალიელმა შარშან დაამყარა.

მესიმ ერთი საერთაშორისო რეკორდიც დაამყარა - "პარი სენ ჟერმენის" კარში გატანილი გოლის შემდეგ არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა 20 სხვადასხვა ქალაქში მოახერხა. აქამდე რეკორდს ის და რაული ინაწილებდნენ.

11 - გოლი გავიდა "ბაიერნის" და "ჰამბურგის" შეხვედრაში, ასეთი რამ კი ბუნდესლიგაში 7 წელი არ მომხდარიყო. 2006 წელს "შალკემ" ლევერკუზენის "ბაიერს" 7:4 მოუგო და ახლა ეს შედეგი გამეორდა, თუმცა საამაყოდ საქმე მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" აქვს, რადგან ამ 11 გოლიდან 9 სწორედ მათ გაიტანეს. ამდენი ბურთი მიუნხენურმა კლუბმა ბოლოს 1984 წელს გაიტანა, როდესაც "ოფენბახს" 9:0 მოუგო.

შეხვედრის გმირი გახდა კლაუდიო პისარო, რომელმაც 38 წუთში თავი 4-ჯერ გამოიჩინა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. პოკერის შესრულების შემდეგ პერუელის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 164 გოლია. ამ მაჩვენებლით მან კარლ-ჰაინც რუმენიგეს გადაასწრო და ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა.

"ჰამბურგმა" "ბაიერნთან" სტუმრად ხუთი ან მეტბურთიანი სხვაობით ზედიზედ მესამედ წააგო (0:5 - შარშანდელ სეზონში, 0:6 - შარშანწინ). გარდა ამისა, ამ ანგარიშით "ჰამბურგი" ბავარიაში მეორედ დამარცხდა – 1964 წელს, "მიუნხენს 1860"-მა ასევე 9:2 მოუგო.

9 - წელი და სერია A-ს 277 მატჩი წითელი ბარათის გარეშე – ასეთი სერია დაასრულა კვირას ესტებან კამბიასომ. არგენტინელმა "ინტერის" რიგებში პირველი წითელი ბარათი "იუვენტუსთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში მიიღო, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე არაადამიანურად ეუხეშა სებასტიან ჯოვინკოს და ამ უკანასკნელს კინაღამ ფეხი მოსტეხა.

ანგარიში ფაბიო კვალიარელამ გახსნა და იტალიის პროფესიონალურ ლიგებში (სერია A, სერია B, სერია C) თავისი მე-100 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "კვალიამ" საიუბილეო ბურთი გაუტანა გუნდს, რომლის კარიც აქამდე დალაშქრული არ ჰქონდა. 30 წლის ფორვარდი შეუერთდა ედინსონ კავანის, ანტონიო დი ნატალეს და ალბერტო ჯილარდინოს - მოქმედ მოთამაშეებს შორის, მიმდინარე სერია A-ს მონაწილე ყველა გუნდის კარში მინიმუმ ერთი გოლი მხოლოდ ამ ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი.

კავანიმ, თავის მხრივ, დუბლი გაიფორმა, მისმა "ნაპოლიმ" კი "ტორინოს" სტუმრად მოუგო, რაც 1996 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაკეთებული. სამი გოლი გაიტანა ყოფილმა "ტორინოელმა" ბლერიმ ჯემაილიმ. საბოლოოდ 3:5 და ეს შეხვედრა მიმდინარე სერია A-ს ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: გოლები, გოლები და კიდევ ერთხელ გოლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული