კვირა ციფრებში: სარეკორდო თანხა, მეგოლე მამა და მეოცე ტიტული

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ იბრას მორიგ მიღწევაზე, "ვალენსიას" საოცარ ექვსწუთეულზე, "იუნაიტედის" მორიგ ტიტულზე და "ზალცბურგის" ესპანელი ფორვარდის მართლაც დასამახსოვრებელ დღეზე...

45 - წუთი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც "ზალცბურგის" ფორვარდი ხონათან სორიანო სტადიონზე მივიდა. მისი გუნდი "ვოლფსბერგერს" ხვდებოდა, ანგარიში 2:2 იყო, სორიანოს კი დაგვიანების საპატიო მიზეზი ჰქონდა: მას იმ დღეს გოგონა შეეძინა. ყველაფრის მიუხედავად, სორიანო მეორე ტაიმში მოედანზე გავიდა და საკუთარი გუნდი უკვე 4 წუთში დააწინაურა. საბოლოოდ, "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი შეასრულა, "ზალცბურგმა" კი 6:2 მოიგო.

ეს ჰეთ თრიქი
სორიანოსთვის ამ სეზონში პირველი იყო. ბოლო 4 შეხვედრაში ესპანელმა უკვე 8 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 25 ბურთია და ამ მაჩვენებლით ავსტრიის ბუნდესლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა - მასზე მეტი მხოლოდ "აუსტრიას" და ავსტრიის ნაკრების ფორვარდ ფილიპ ჰოზინერს აქვს გატანილი - 27.

37 - მილიონ ევროს გადაუხდის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" და მარიო გიოტცე ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდება. 20 წლის ფეხბურთელი გააუმჯობესებს მომავალი თანაგუნდელის, მარიო გომესის რეკორდს - 2009 წელს "ბაიერნმა" "შტუტგარტს" გომესში 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

"ბაიერნმა" მხოლოდ სატრანსფერო ბაზარზე არ იყოჩაღა. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონას" 4:0 მოუგეს და ფინალის საგზური თითქმის გაინაღდეს. ევროტურნირებზე "ბარსელონას" ამაზე დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ბოლოს 4-ბურთიანი სხვაობით კატალონიურმა კლუბმა 2007 წელს "ხეტაფესთან", ესპანეთის თასის 1/2-ფინალში წააგო (0:4).

ევროტურნირების ისტორიაში სულ სამჯერ მოხდა ისე, რომ პირველი მატჩის ოთხი ან მეტბურთიანი სხვაობით წამგებმა გუნდმა საბოლოოდ მომდევნო ეტაპზე გააღწია. ეს გუნდები არიან: ლეიშოესი (1961/62), ბელგრადის "პარტიზანი" (1984/85) და მადრიდის "რეალი" (1985/86). ჩემპიონთა ლიგაში ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია.

27 - გოლი გაიტანა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ბოლო 21 წლის განმავლობაში ასეთ ზღვარს მიაღწია. უკანასკნელად სეზონში 27 გოლის გატანა ჟან-პიერ პაპენმა მოახერხა (1991/92). პაპენი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ ხუთჯერ გახდა, 1989/90 წლების სეზონში კი ბომბარდირის ტიტული 30 გოლით მოიპოვა.

შეტევის გარდა, პარიზელები დაცვაშიც ბრწყინავენ. "პარი სენ-ჟერმენმა" ამ სეზონში კარის მშრალად შენახვა 21 შეხვედრაში მოახერხა, რაც ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის მასშტაბით, საუკეთესო შედეგია.

20 - ტიტული - "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ჩემპიონია! რაიან გიგზი ინგლისის ჩემპიონი მეცამეტედ გახდა და ტიტულების რაოდენობით ლონდონის "არსენალს" გაუთანაბრდა, რომელიც 127-წლიან ისტორიაში ასევე 13-ჯერ გაჩემპიონდა.

რობინ ვან პერსი, ვინც ორშაბათს ჰეთ თრიქი შეასრულა, 12-წლიან საკლუბო კარიერაში ("ფეიენოორდი", "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი") ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა. "ასტონ ვილასთან" გატანილი 3 ბურთის შემდეგ ჰოლანდიელს პრემიერლიგაში 120 გოლი დაუგროვდა. ვან პერსის ინგლისში გადასვლის შემდეგ (2004/05 წლების სეზონი) მასზე მეტი გოლი მხოლოდ უეინ რუნიმ გაიტანა, ვის ანგარიშზეც 141 გოლია.

ორშაბათს იუბილე ამ უკანასკნელსაც ჰქონდა. რუნიმ "იუნაიტედის" მაისურით მე-400 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე) და მას 200-გოლიან ნიშნულამდე სულ სამი გოლი აშორებს.

4 - გოლი პირველი ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში - "ვალენსიამ" "მალაგა" ამ "აფეთქების" გამო დაამარცხა (5:1) და სატურნირო ცხრილში გადაასწრო. უკანასკნელი გუნდი, ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატიდან, ვინც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 4 გოლი გაიტანა, დორტმუნდის "ბორუსია" იყო, რომელმაც 2002 წელს "ფრაიბურგი" იმავე ანგარიშით გაანადგურა. კონკრეტულად ლა ლიგაში ასეთი რამ ბოლოს 1957 წელს მოხდა, როდესაც მადრიდის "ატლეტიკომ" "ლას პალმასს" "გადაუარა" და 9:0 მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: გაგრძელებული და შეწყვეტილი სერიები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული