პორტუ პოულ-პოზიციაშია

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. 28-ე ტურში "ბენფიკამ" შინ "ეშტორილს" ვერ მოუგო (1:1) და ამის გამო "პორტუსთან" ბოლოსწინა ტურში გასამართმა შეხვედრამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა - გუნდებს შორის სხვაობა ხომ მხოლოდ ორი ქულა იყო...

ბოლო წამების დრამა
"დრაგაოზე" გამართული სუპერმატჩის დასაწყისი ლისაბონელებს ცუდს არაფერს უქადდა - ლიმამ მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა და თავისიანები დააწინაურა. "ბენფიკას", რომელსაც მეტოქის მსგავსად, ჩემპიონატში წაგება არ ჰქონდა, ფრეც ხელს აძლევდა. შესაბამისად, ბრაზილიელის გოლმა სტუმრებს ძალიან დიდი უპირატესობა მისცა.

ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, მცირე ტრაგედია შეემთხვა მაქსი
პერეირას
- 28 წლის ურუგვაელმა სილვესტრ ვარელას ჩაწოდებულს ფეხი ცუდად დაუხვედრა და რიკოშეტის შედეგად, ბურთი არტურის კარში აღმოჩნდა - 1:1.

მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ 100-პროცენტიან მომენტამდე საქმე არ მისულა. "პორტუს" ახალგაზრდა დამრიგებელმა ვიტორ ფერეირამ მოედანზე სტივენ დეფური, ლიედსონი და 19 წლის კელვინი შეიყვანა. ფერეირა ვა-ბანკზე წავიდა და საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.

არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ლიედსონმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ის უმალ კელვინს გადააწოდა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მარჯვენა ფეხით დაამუშავა და ისე, რომ ბევრი არ უფიქრია, მარცხენა ფეხით პირდაპირ კარისკენ გაგზავნა. დარტყმა იმდენად ზუსტი გამოდგა, რომ არტურმა მისი მოგერიება ვერ მოახერხა - 2:1 და "დრაგაო" კინაღამ დაინგრა.

სხვათა შორის, 19 წლის ბრაზილიელმა ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა. წინა ორი ბურთი მან "ბრაგასთან" შეაგდო და მაშინაც მატჩის გმირი გახდა, რადგან პირველი გოლი 1:1-ზე, 83-ე წუთზე გაიტანა და "პორტუს" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა. როგორც ხედავთ, კელვინი ამჯერად არა მარტო მატჩის, შესაძლოა, ჩემპიონატის გმირიც გახდა.

აი, ასე - "ბენფიკამ" სეზონში პირველი მატჩი წააგო და ამის გამო, დიდი ალბათობით, პრაქტიკულად განაღდებული ჩემპიონობა დაკარგა. ბოლო ტურში "პორტუს" იოლი მეტოქე არ ჰყავს, უბრალოდ, "ბენფიკასთვის" ცუდია ის, რომ "პაკოშ ფერეირამ" მიზანს უკვე მიაღწია და ამ გუნდს სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს. გაჩემპიონების შემთხვევაში, "პორტუ" ზედიზედ მესამე, ბოლო 8 წელიწადში მე-7, ისტორიაში კი 27-ე ტიტულს მოიპოვებს და "ბენფიკას" (32-გზის ჩემპიონი) კიდევ უფრო მიუახლოვდება.

მთავარი სენსაცია
"პორტუს" მომავალი მეტოქე ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. "პაკოშ ფერეირამ" 33-ე ტურში თავისი მატჩი ფრედ დაასრულა. სამაგიეროდ, ბოლო 5 ტურში მესამე მარცხი განიცადა მისმა კონკურენტმა "ბრაგამ". ამის გამო გუნდმა, რომელსაც ისტორიის განმავლობაში ევროთასებზე სულ 6 მატჩი აქვს ჩატარებული (1 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება, ბურთები: 1:3), მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური გაინაღდა!

პორტუს რეგიონში მდებარე პატარა ქალაქის ეს კლუბი წლევანდელი სეზონის მთავარი სენსაციაა. თუ ბელგიაში ჩემპიონი "ვარეგემი" არ გახდა, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ "პაკოშ ფერეირა" ევროპული სეზონის მთავარი მოულოდნელობის ავტორია.

ევროპალიგა და რელეგაცია
უკვე გარკვეულია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც ევროპალიგაზე ითამაშებენ. "ბრაგა" და "ეშტორილი" ამ ტურნირზე ჩემპიონატში დაკავებული ადგილის მიხედვით მოხვდნენ, მე-6 პოზიციაზე მყოფი "ვიტორია გიმარაეში" კი საგზურს თასის ფინალისტობის გამო მიიღებს. პორტუგალიის თასის ფინალში "გიმარაეშის" მეტოქე "ბენფიკა" უნდა იყოს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვს განაღდებული.

ლისაბონის "სპორტინგმა" სეზონი პირწმინდად ჩააგდო. "თეთრ-მწვანეებს" ერთი პერიოდი გავარდნის საფრთხეც კი ემუქრებოდათ. გუნდში ჟესუალდო ფერეირას მოსვლის შემდეგ მდგომარეობა კი გამოსწორდა, მაგრამ ქვეყნის 18-გზის ჩემპიონმა იმდენი მაინც ვერ მოახერხა, რომ მეხუთე ადგილზე გასულიყო. "სპორტინგს" "ეშტორილთან" ქულებით გათანაბრების შანსი კი აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ეშტორილის" მხარესაა (3:1, 2:2).

ჯერ არაფერი გარკვეულა ცხრილის ქვედა ნაწილში. ლიგიდან გავარდნის შანსი ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს. ყველაზე მძიმე მდრომარეობაში "მორეირენსეა", რომელიც გასავარდნ ზონაშია და ბოლო ტურში "ბენფიკას" სტუმრობს. რთული მატჩი აქვს ბოლოადგილოსან "ბეირა-მარსაც", ვინც "სპორტინგს" მასპინძლობს. დანარჩენი სამი გუნდი შინ თამაშობს და სამივეს მეტოქე უმოტივაციო გუნდია. ასე რომ, თავად განსაჯეთ, ვის აქვს გადარჩენის უკეთესი შანსი.

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 25 - ჯექსონ მარტინესი (პორტუ); 18 - ლიმა (ბენფიკა); 16 - ოსკარ კარდოსო (ბენფიკა).

ბოლო ტური

19 მაისი:
გიმარაეში-რიო ავე, ოლანენსე-მარიტიმო, ბეირა მარი-სპორტინგი, ჟილ ვისენტე-ეშტორილი, პაკოშ ფერეირა-პორტუ, ნასიონალი-აკადემიკა, სეტუბალი-ბრაგა, ბენფიკა-მორეირენსე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბენფიკას" ფეხბურთელმა მცველი დაასისხლიანა და გონება დააკარგვინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული