"პორტუს" 27-ე ტიტული

AutoSharing Option
დასრულდა პორტუგალიის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჩემპიონობისთვის კვლავ "პორტუ" და ბენფიკა" იბრძოდნენ და ამ ორის დუელში გამარჯვება ისევ "პორტუს" დარჩა.

პორტუ და ბენფიკა
29-ე ტურამდე ორივე გუნდი დაუმარცხებელი იყო. აი, ბოლოსწინა ტურში კი საჩემპიონო მატჩი გაიმართა, რომლის ბედიც 92-ე წუთზე გადაწყდა. 1:1-ზე, ცვლილებაზე შემოსულმა ლიედსონმა და კელვინმა გაითამაშეს კომბინაცია, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა და ბოლო ტურის წინ ლისაბონელებმა ლიდერობა მოქმედ ჩემპიონს გადააბარეს.

მართალია, უკანასკნელ ტურში "პორტუ" მესამეზე მყოფ "პაკოშ ფერეირას" სტუმრობდა,
მაგრამ ეს გუნდი უმოტივაციოდ იყო და ქულების დაგროვების აუცილებლობის წინაშე არ იდგა. საბოლოოდ, "პორტუმ" 2:0 მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ, ბოლო 8 წელიწადში კი მეშვიდედ გახდა.

ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი არბიტრს მიუძღვის. შეხვედრის 22-ე წუთზე ჯეიმს როდრიგესი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც მასპინძელთა მცველ რიკარდოს ჩაურბინა, მაგრამ უცბად მარჯვენა ფეხი მარცხენას წამოსდო და დაეცა. არბიტრმა პენალტი დანიშნა და რიკარდოც გააძევა. გამეორებაზე ნათლად არ ჩანდა, შეეხო თუ არა რიკარდო კოლუმბიელს, თუმცა ის კი გამოჩნდა, რომ 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან კონტაქტი თუ იყო, იყო საჯარიმოს გარეთ - როდრიგესმა დაცემა საჯარიმო მოედნამდე ორი მეტრით ადრე დაიწყო.

პენალტი ლუჩო გონსალესმა გამოიყენა და ამ მომენტში ყველაფერი გაირკვა. ცოტა ხანში "პორტუმ" უპირატესობა ორამდე გაზარდა (ჯექსონ მარტინესი). მართალია, მეორე ტაიმში სტუმრებს მაიკონი გაუძევეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. საბოლოოდ, 0:2 და ვიტორ პერეირას გუნდი ისევ ჩემპიონია (27-ედ ისტორიაში).

"ბენფიკამ" თავისი მატჩი მოიგო, თუმცა მაინც მეორე ადგილზე დარჩა. ჟორჟე ჟესუსის შეგირდებმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. "პორტუსთან" 92-ე წუთზე გაშვებულ ბურთს თავი გავანებოთ და გავიხსენოთ, რომ ერთი ტურით ადრე ლისაბონელებმა შინ "ეშტორილს" ვერ მოუგეს (1:1), რის გამოც "პორტუ"-"ბენფიკამ" ოქროს მატჩის სტატუსი შეიძინა.

საერთოდ, ლისაბონელებისთვის 92-ე წუთი დაწყევლილი გამოდგა. "პორტუსთან" მატჩზე ხომ ვისაუბრეთ და აქვე გავიხსენოთ, რომ ევროპალიგის ფინალშიც "ბენფიკამ" მეორე გოლი 92-ე წუთზე გაუშვა. "არწივებს" ტიტულის მოგების შანსი მაინც აქვთ: 26 მაისს "ბენფიკა" პორტუგალიის თასის ფინალში "ბელენენსეშს" დაუპირისპირდება.

მთავარი სენსაცია
ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი დადებითი ხასიათის სენსაცია ნამდვილად პორტუგალიაში დაფიქსირდა. "პაკოშ ფერეირამ", რომელიც 1950 წელს არის დაარსებული და ისტორიის განმავლობაში არაფერი მოუგია, მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ გუნდს ევროტურნირებზე სულ 6 მატჩი აქვს გამართული (დებიუტი 2007 წელს ჰქონდა) და ამ ექვს შეხვედრაში "პაკოშ ფერეირამ" მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა (+1 =2 -3 ბურთები: 1:3).

ძალიანაც რომ მოისურვოთ, "ფერეირაში" ასე თუ ისე ცნობილ ერთ ფეხბურთელსაც ვერ იპოვით. არც მწვრთნელ პაულო ფონსეკას მიუღწევია მანამდე განსაკუთრებული წარმატებისთვის. 40 წლის სპეციალისტი ამ გუნდში სეზონის წინ დაინიშნა. იქამდე კი "ავეშში" მუშაობდა.

იმედგაცრუება
ამ ნომინაციაში ერთპიროვნული გამარჯვებული გვყავს. საუბარი, რა თქმა უნდა, ლისაბონის "სპორტინგზე" გვაქვს. ქვეყნის 18-გზის ჩემპიონმა, მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, სეზონის უმეტესი ნაწილი გასავარდნი ზონის სიახლოვეს გაატარა. მწვრთნელის პოსტზე ჟესუალდო ფერეირას დანიშვნის შემდეგ გუნდის მდგომარეობა უკეთესობისკენ კი შეიცვალა, მაგრამ "სპორტინგი" მეხუთე ადგილს მაინც ვერ შეწვდა.

აღსანიშნავია, რომ ლისაბონელები უკეთ მას შემდეგ ათამაშდნენ, რაც გუნდიდან რამდენიმე სახელოვანი ფეხბურთელი გაუშვეს.

აი იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი, ვინც "სპორტინგი" იანვარში დატოვა: ჟელსონ ფერნანდესი (სიონი), დანიელ კარისო (რედინგი), მარატ იზმაილოვი (პორტუ), ელიასი (ფლამენგო), ვალერი ბოჟინოვი (ვიჩენცა), დანიელ პრანიჩი (სელტა), ემილიანო ინსუა (ატლეტიკო), ბრუნო პერეირინია (ლაციო). ამ მოთამაშეების გარდა, წელს "სპორტინგის" ღირსებას იცავდნენ: რუი პატრისიო, ხალიდ ბულარუზი, მარკოს როხო, სტეინ სხაარსი, ზაქარია ლაბიადი, დიეგო კაპელი, ხეფრენი, ვალენტინ ვიოლა და რიკი ვან ვოლფსვინკელი.

ასეთი ცუდი შედეგი (მეექვსე ადგილი) "სპორტინგს" ბოლოს როდის ჰქონდა, რთული გასახსენებელია.

ამავე ქვეთავში ვთქვათ ისიც, რომ უმაღლესი ლიგიდან "მორეირენსე" და "ბეირა მარი" გავარდნენ, მათ ადგილს კი "ბელენენსეში" და "არუკა" დაიკავებენ.

საბოლოო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 26 - ჯექსონ მარტინესი (პორტუ); 20 - ლიმა (ბენფიკა); 17 - ოსკარ კარდოსი (ბენფიკა); 14 - რიკი ვან ვოლფსვინკელი (სპორტინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუ პოულ-პოზიციაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული