ის, რომ მასპინძლების კარებთანაც შეიძლებოდა შეტევების წარმოება, ინგლისელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს "შეიტყვეს", თუმცა გლენ ჯონსონის ეშმაკური პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენით თეო უოლკოტმა ვერ ისარგებლა.
ტაიმი უგოლოდ დასრულდა. აი, მეორე ნახევარში კი ორივე გუნდი გამოცოცხლდა. როი ჰოჯსონის შეგირდები უფრო მეტად ამოძრავდნენ და მეტი თავისუფლება მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, ანგარიში მაინც ბრაზილიელებმა გახსნეს. 57-ე
"სამმა ლომმა" ტემპს კიდევ უფრო უმატა. 12-წუთიან ინტერვალში უეინ რუნიმ ჯერ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს გაატანინა, მერე კი თავად გამოიჩინა თავი ეფექტური ტექნიკური დარტყმით. ჟულიო სეზარს "პენტაკამპეონების" გადარჩენის შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია.
მართალია, ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მათ წაგებასთან შეგუება მაინც არ ისურვეს.
82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ლუკას მოურამ ერთბაშად რამდენიმე მეტოქე გაიტყუა და ბურთი ცენტრში პაულინიოს დაუბრუნა. გარი კეჰილის პასიურობის გამო ის ადრესატამდე უპრობლემოდ მივიდა. მასპინძელმა ფეხბურთელმა ვარდნაში ულამაზესი ბურთი შეაგდო.
ამრიგად, კუნძულელებმა ხელიდან გაუშვეს შანსი, პირველად 1984 წლის შემდეგ, ბრაზილია მისსავე კედლებში დაემარცხებინათ.
იხილეთ ვიდეო
მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი:
"იმედგაცრუებული ვარ, რომ ძალიან გვიან შევძელით გატანა. მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ. წინ რომ გავედით, რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ ულამაზესი კომბინაციის შემდეგ გაგვითანაბრა.
საერთო ჯამში, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველ ტაიმში ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც შეგვეძლო. მეტოქე კი პირიქით, ჩვენზე ბევრად უფრო უკეთ თამაშობდა.
ზოგიერთი ფრედ დასრულებული მატჩი შეიძლება შეფასდეს, როგორც მოგება, ზოგიერთი კი პირიქით, წარმატებად. ჩემი აზრით, დღევანდელი შედეგი სრულიად ლოგიკურია.
ჩემს გუნდში ფილ ჯონსს გამოვყოფ, ვინც შესანიშნავად ითამაშა. თამაში გააძლიერა შეცვლაზე შესულმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც. ვიცოდი, რომ მისი სისწრაფე გამოგვადგებოდა და მეორე ტაიმისთვის ის ამიტომაც შემოვინახე. ალექსმა გამოაცოცხლა ჩვენი თამაში და გოლის ავტორობა ალალად დაიმსახურა".
ლუიშ ფელიპე სკოლარი:
"პირველ ტაიმში მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მეორეში კი მეტოქეს ძალიან დიდი სივრცე მივეცით, რაც ძალიან არ მომეწონა. სტუმრებმა ამით მშვენივრად ისარგებლეს და მოედანზე საკუთარი პირობების კარნახი დაგვიწყეს.
მესმის, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი ჩვენგან მოგებას ელოდა, მაგრამ მინდა, მათ იცოდნენ, თუ რამდენად ძნელია ინგლისის ნაკრების დამარცხება. ჰოჯსონს განკარგულებაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს.
შეიძლება იმის თქმაც, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული გუნდია. საფრანგეთთან შეხვედრაში (9 ივნისს. რედ) გუნდის შემადგენლობა 90%-ით იგივე იქნება, შეიძლება 100%-ითაც.
ეჭვი მეპარება მხოლოდ ოსკარში, ვინც სეზონის დაწყებიდან უკვე 71-ე შეხვედრა ჩაატარა. ითამაშებს თუ არა ის, ამას უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე გადავწყვეტთ".
ნეიმარი:
"მშვენიერი სანახაობა ვიხილეთ. ბრაზილია კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. საგოლე შანსებიც უხვად შეიქმნა, რომელთა რეალიზება, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.
მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის უფრო უკეთ ვითამაშოთ. ჩემს თანაგუნდელებს ამისთვის საკმაო პოტენციალი აქვთ. ჩვენ შორის ურთიერთგაგება თანდათან უფრო ღრმავდება, რაც თამაშის ხარისხზე შესაბამისად უნდა აისახოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"