ჩეზარე პრანდელიმ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომლებიც კონფედერაციათა თასზე სათადარიგოებად მოიაზრებიან. კარში ერთი ტაიმი სალვატორე სირიგუ იდგა, მეორეში კი ადგილი ფედერიკო მარკეტის დაუთმო. დაცვის ცენტრში დავიდე ასტორი და ლეონარდო ბონუჩი ვიხილეთ, მარცხნივ კი
ნახევარდაცვის ბურჯები: რიკარდო მონტოლივო, დანიელე დე როსი და კლაუდიო მარკიზიო მხოლოდ ანტრაქტის შემდეგ ჩაერთვნენ თამაშში, ანდრეა პირლო თადარიგშივე დარჩა... მათი ადგილი ალესიო ჩერჩიმ, ალესანდრო დიამანტიმ, ალბერტო აკვილანიმ, ანტონიო კანდრევამ და ემანუელე ჯაკერინიმ დაიკავეს...
ეს უკანასკნელი ისტორიაშიც შევიდა, რადგან ანგარიში მე-19 წამზე გახსნა... ასე სწრაფად იტალიის ნაკრებს გოლი აქამდე არასდროს გაეტანა. "აძურას" მეორე გოლი კლაუდიო მარკიზიოს ანგარიშზეა, მაგრამ იქ ლომის წილი მარიო ბალოტელიმ დაიდო - სუპერმარიო ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და იქიდან უზუსტესი პასი გააკეთა...
მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 7-8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ჰაიტელები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ფრეს მიაღწიეს - ჯერ თერთმეტმეტრიანით გაქვითეს ერთი ბურთი, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მეორეც შეაგდეს.
გაშვებული გოლების ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე გადაბრალება არ იქნება სწორი და არც ცალკეული ეპიზოდების დეტალური აღწერა ივარგებს - მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ "აძურა" "იდგა", იტალიელებს ეზარებოდათ თამაში, ასე კი მონდომებული ჰაიტელების დამარცხება არ გამოვიდა.
ჩეზარე პრანდელი: "ჰაიტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში. ამ მატჩისგან რამდენიმე საგულისხმო ინფორმაცია მივიღე. ამიტომ სპარინგი ნაყოფიერი იყო და სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მექსიკასთან სულ სხვა იტალიას ვიხილავთ".
ემანუელე ჯაკერინი: "ბედნიერი ვარ, რომ უსწრაფესი გოლი გავიტანე და ისტორიაში შევედი. თუმცა, თვითონ თამაშით უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩვენმა ნაკრებმა შესაძლებლობების 20% თუ გამოავლინა. საერთოდ არ გვითამაშია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. იმედია, ეს ფრე გაგვაბრაზებს და იმ ცეცხლს დაანთებს თითოეულ ჩვენგანში, რომელიც კონფედერაციათა თასზე წარმატებით ასპარეზობაში დაგვეხმარება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სკუადრა აძურა" ბრაზილიაშია - ჯერ ჰაიტი, შემდეგ კონფედერაციათა თასი...