კვირა ციფრებში: მოთმინება, ტკივილი და რეკორდები

AutoSharing Option
რობი კინს, ასამოა გიანს და ლუკას ნილს დაუვიწყარი კვირა ჰქონდათ; აი, დანიის და საფრანგეთის ნაკრებზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით...

126 - მატჩი ეროვნულ ნაკრებში - ეს ირლანდიის ნაკრების ახალი რეკორდია, რომელიც რობი კინმა დაამყარა.

"ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდმა შეი გივენს გადაასწრო და ირლანდიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი გახდა. კინმა რეკორდი შესაბამისად აღნიშნა და ფარერების კარში სამი გოლი გაიტანა. 32 წლის ფორვარდმა სანაკრებო კარიერაში მეორე ჰეთ თრიქი შეასრულა და ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ლიდერობა კიდევ უფრო
განიმტკიცა. ზოგადად, კინის ანგარიშზე 59 ბურთია, რაც შესანიშნავ შედეგს წარმოადგენს. თავიანთ ნაკრებში ამდენი გოლის გატანა ისეთმა ლეგენდებმაც კი ვერ შეძლეს, როგორებიც გაბრიელ ბატისტუტა, ტიერი ანრი და რომარიო არიან.

საერთოდ, ამ მხრივ, ირლანდიელი ევროპის მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მიროსლავ კლოზემ (67), გერდ მიულერმა (68), შანდორ კოჩიშმა (75) და ფერენც პუშკაშმა (84) გაიტანეს.

34 - შედეგიანი დარტყმა განის ნაკრებში - ასამოა გიანი, რობი კინის მსგავსად, საკუთარი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 27 წლის ფეხბურთელმა სუდანს ორი გოლი გაუტანა, ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა (3:1) და ლეგენდარულ აბედი პელეს გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ გიანმა ნაკრებში თავისი პირველი გოლი 2003 წელს, 17 წლის და 353 დღის ასაკში გაიტანა და განის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. ახლა ასამოა გიანის სამიზნე რიჩარდ კონგსონის რეკორდია - კიპერმა ნაკრებში 91 თამაში ჩაატარა, რაც საუკეთესო შედეგია. ასამოა გიანს ამ ნიშნულამდე 19 თამაში აშორებს.

16 - წელი და 245 დღე იყო გასული მისი სანაკრებო დებიუტიდან, როდესაც ლუკას ნილმა ეროვნულ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 35 წლის მცველმა იორდანიის კარი მატჩის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე აიღო და საკუთარი გუნდის გამარჯვება გაამყარა (4:0). ამ გოლის წყალობით, ვეტერანმა მცველმა 90-მატჩიანი უგოლო სვლა შეწყვიტა.

იორდანიასთან შეხვედრაში ნილმა ნაკრებს 46-ედ უკაპიტნა და პოლ უეიდს გაუთანაბრდა. ამ ორ ფეხბურთელზე ხშირად კაპიტნის სამკლავური მხოლოდ 1974 წლის მუნდიალის მონაწილე პიტერ უილსონს მოურგია (60).

5 - წაგება 11 შეხვედრაში - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ცუდი სტარტის მქონე მწვრთნელი. კვირას, ბრაზილიასთან 0:3 საფრანგეთის მე-7 წაგება იყო ბოლო 13 შეხვედრაში. არადა, მანამდე ფრანგებს 7 შეხვედრის წასაგებად 43 მატჩი "დასჭირდათ".

დეშამის გუნდმა კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მეცხრედ ვერ შეძლო და ერთ შეხვედრაში სამი გოლი ბოლო ხუთ წელიწადში პირველად გაუშვა. გარდა ამისა, ფრანგები შეტევაშიც მოიკოჭლებენ - ბასკი სპეციალისტის ხელში "მამლებმა" მხოლოდ 11 გოლი გაიტანეს (11 შეხვედრაში). ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ ანრი გერენის ნაკრებს ჰქონდა, რომელმაც 1964-66 წლებში 11 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა.

4 - უპასუხო გოლის გაშვების შემდეგ დანიის ნაკრებმა ბოლო 27 წელიწადში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. უკანასკნელად ასე ცუდად დანიელებმა 1986 წლის მუნდიალზე, ესპანეთთან გამართულ მერვედფინალში ითამაშეს (1:5). დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა სომხეთთან განცდილ მარცხს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდი დღე უწოდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან გამართულ იმ შეხვედრაში "დანიური დინამიტის" კარს სწორედ ოლსენი იცავდა.

სომხეთმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა (იგულისხმება შესარჩევი მატჩები), რაც ორმაგად გასაკვირია იმის ფონზე, რომ კავკასიელებმა ოთხი დღით ადრე მალტასთან წააგეს. დანიასთან გამართული მატჩის გმირი იურა მოვსისიანი გახდა, ვინც ანგარიში 24-ე წამზე გახსნა და საბოლოოდ, დუბლი შეასრულა. მოსკოვის "სპარტაკის" ფორვარდს დანიაში, კერძოდ, "რანდერსში" აქვს ნათამაშები და ამ გუნდის ქომაგებმა მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე სტუმართა თავდამსხმელი მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სიჩქარე, შოკი და ექვსი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული