ესპანეთის ნაკრების დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებელი სტარტი აიღო და ურუგვაის განსაკუთრებული პრობლემის გარეშე მოუგო. ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები მატჩის სადავეებს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდნენ.

შეხვედრის პირველ ხუთ წუთში "ფურია როხას" ბურთის ფლობის მართლაც საოცარი, 92-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

ანგარიში მეოცე წუთზე პედრო როდრიგესმა, დიეგო ლუგანოს დახმარებით გახსნა. ჩავის კუთხურის შემდეგ ედინსონ კავანიმ ბურთი პირდაპირ პედროსკენ მოიგერია, რომლის დარტყმულსაც მიმართულება "მალაგას" ცენტრალურმა მცველმა შეუცვალა - 1:0. რეალურად, ეს უფრო ავტოგოლი იყო, მაგრამ ყველა გამოცემამ და ოფიციალურმა წყარომ ბურთი პედროს ჩაუთვალა.

მსოფლიოს ჩემპიონებს ტემპი არც გოლის
შემდეგ დაუგდიათ და ცოტა ხანში კიდევ ერთი ლამაზი კომბინაცია დასრულდა ფერნანდო მუსლერას კარის აღებით. სხვათა შორის, მუსლერა თამაშის დღეს 27 წლის გახდა და დაბადების დღე ორი გაშვებული ბურთით "აღნიშნა".

32-ე წუთზე ინიესტა-პედრო-ფაბრეგასის "ბარსელონური" კომბინაცია ამ უკანასკნელის შესანიშნავი პასით და რობერტო სოლდადოს მეკარესთან პირისპირ გასვლით დასრულდა. "ვალენსიას" ფორვარდს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. სოლდადომ "ფურია როხას" მაისურით ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში მე-6 ბურთი გაიტანა.

28 წლის თავდამსხმელს თავის გამოჩენა მეორე ტაიმშიც შეეძლო, მაგრამ პედროს გადაცემას ვერ მისწვდა. შეხვედრას კი წერტილი ლუის სუარესმა დაუსვა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. მართალია, შეხვედრის დამთავრებამდე დრო კიდევ იყო, მაგრამ პირინეელებმა "სელესტეს" არაფერი გააბედვინეს და პირველი სამი ქულა აიღეს.

მატჩის შემდეგ
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და 2:0-ზე დიდ ანგარიშსაც ვიმსახურებდით. ერთადერთი, რაშიც ოდნავ მოვიკოჭლებდით, ეს სტანდარტული მდგომარეობები იყო და სუარესის გოლიც ამის დადასტურებაა. შეხვედრის ბოლოსკენ ფეხბურთელები მოეშვნენ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ამის გამო ბოლო წუთებზე ცოტათი ვინერვიულეთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ სამი ქულით 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით".

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): "ესპანეთმა ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მათ პირველ ტაიმში საკუთარი თამაში თავს მოგვახვიეს და ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გავაწყვეთ. მეორე ნახევარში შედარებით უკეთ გავისარჯეთ, რადგან შერცხვენა არ გვსურდა. საბოლოოდ, გარკვეულ შედეგს კი მივაღწიეთ, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე შეხვედრის ბოლოსკენ მოეშვა და თამაშის საშუალება მოგვცა".

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა და რთულია, ამ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეიტანო. ევრო 2012-ის საუკეთესო მოთამაშემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ელეგანტური ფეხბურთელია. ანდრესს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ ის უდავოდ გამორჩეული და საუკეთესო იყო.

B ჯგუფი

ესპანეთი-ურუგვაი 2:1
გოლები: 1:0 პედრო (20), 2:0 სოლდადო (32), 2:1 სუარესი (88)
ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი (77. ხავი მარტინესი), ინიესტა - პედრო (81. მატა), ფაბრეგასი (65. კასორლა), სოლდადო
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი - გ. რამირესი (46. ა. გონსალესი), გარგანო (63. ლოდეირო), დ. პერესი (69. ფორლანი), კ. როდრიგესი - სუარესი, კავანი
გაფრთხილება: პიკე, არბელოა - კავანი, ლუგანო
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-4 (9-2); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 41 705

დღის სტატისტიკა
- იტალიას კონფედერაციის თასზე სულ ორი მოგება აქვს და ორივე "სკუადრა აძურამ" პირველ შეხვედრაში, კონკაკაფის წარმომადგენლის წინააღმდეგ მოიპოვა.

- მექსიკას კონფედერაციის თასზე ევროპული ნაკრები არასდროს დაუმარცხებია.

- ანდრეა პირლო კონფედერაციის თასის ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა. 34 წლის ნახევარმცველი მხოლოდ ლოთარ მათეუსს ჩამორჩება, რომელმაც 1999 წელს ახალი ზელანდიის კარის დალაშქვრა 38 წლის ასაკში შეძლო.

- ესპანეთს უკვე 23 თამაშია, არ წაუგია (18 მოგება და 5 ფრე).

- ამხანაგური მატჩების გამოკლებით, "ფურია როხა" უკვე 26 მატჩია, არ დამარცხებულა. ოფიციალურ შეხვედრაში ესპანეთმა ბოლოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიასთან წააგო.

- კონფედერაციის თასზე გამართული 6 მატჩიდან ურუგვაიმ პირველი სამი მოიგო და ბოლო სამი ზედიზედ წააგო.

- ესპანეთს ფიფას ტურნირებზე ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული.

- ვისენტე დელ ბოსკემ, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში, 61-ე მატჩი მოიგო (72-დან).

- ბრაზილიას აზიელ მეტოქეებთან უკვე 30 მატჩია, არ წაუგია.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული