ლუის სუარესი: ჩვენ დავბრუნდებით

AutoSharing Option
ურუგვაიმ კონფედერაციის თასი მარცხით დაიწყო, თუმცა გუნდის თამაშში აშკარად შეინიშნებოდა პოზიტიური მომენტები. ესპანეთთან გამართული შეხვედრის მეორე ნახევარში "სელესტემ" მოუმატა, ბოლოსკენ გოლიც გაიტანა და მინიმალური ანგარიშით წააგო (1:2) იმ გუნდთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

"ესპანელებს 10-ჯერ რომ ვეთამაშოთ, ნორმალურ ვითარებაში, ისინი 9 მატჩს მოგვიგებენ," - განაცხადა ესპანეთთან მატჩის წინ ურუგვაელთა დამრიგებელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა და ამ ფრაზის ფონზე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ურუგვაელები პირველი მატჩის შემდეგ დიდად არ დაღონებულან და მომდევნო შეხვედრების წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

"ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ
ესპანეთი უკეთესი გუნდი იყო. გარდა იმისა, რომ ისინი ბურთს საოცრად აკონტროლებენ, რის გამოც მთელი თამაში უბურთოდ გიწევს სირბილი, მათ ნახევარდაცვაში გამოცდილი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ესპანეთი ფავორიტი გახლდათ და შეხვედრის საბოლოო შედეგი გასაკვირი ნამდვილად არ იყო,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ ლუის სუარესმა.

სამხრეთამერიკელთა მარცხი გასაკვირი არ იყო იმ ადამიანებისთვისაც, ვინც იციან, რომ ურუგვაი ბოლო პერიოდში ცუდად თამაშობს და შესარჩევი ეტაპის მეხუთე ადგილზე იმყოფება. ვენესუელასთან 11 ივნისს გამართულ მატჩამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 6 შეხვედრაში ტაბარესის გუნდს მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული. მიუხედავად არცთუ ისე სასიამოვნო მდგომარეობისა, 26 წლის სუარესი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"კონფედერაციის თასზე ასპარეზობა მხოლოდ ახლა დავიწყეთ, წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს და თუ მათ მოვიგებთ, მომდევნო ეტაპზეც გავალთ. შესარჩევ ეტაპს რაც შეეხება: გაიხსენეთ, როგორ გავედით 2010 წლის მუნდიალზე და ჩვენი გამარჯვება ვენესუელასთან. ურუგვაი განსაკუთრებით ძლიერი რთულ სიტუაციაშია და დარჩენილ შეხვედრებში ჩვენ საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ".

სუარესმა გვერდი ესპანეთის კარში გატანილ გოლსაც ვერ აუარა, რადგან ბურთი ძალიან ლამაზი, თანაც ისტორიული გამოდგა.

"გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა, თანაც, კარამდე საკმაოდ შორი იყო და კუთხეც არ გახლდათ იდეალური, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო. გოლი ოდნავ ადრე რომ გაგვეტანა, იქნებ ქულაც აგვეღო".

ზემოთ სიტყვა "ისტორიული" ვახსენეთ: იკერ კასილიასის კარში გატანილი ბურთი სუარესისთვის ნაკრებში 33-ე იყო. "ლივერპულის" ფორვარდი დიეგო ფორლანს წამოეწია, რომელიც ურუგვაის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობდა.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. გოლებით ფორლანს დაეწიო და თანაც, ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი იყო, მართლაც განსაკუთრებული რამ გახლავთ," - განაცხადა სუარესმა.

ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში სტადიონზე შეკრებილი ბრაზილიელები ურუგვაის ქომაგობდნენ, რაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდა, თუმცა მათ შორის სუარესი არაა: "ნამდვილად არ გამკვირვებია. მართალია, ჩვენ საფეხბურთო მტრები ვართ, მაგრამ ბრაზილიელებს და ურუგვაელებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ბრაზილიაში ბევრ ურუგვაელს უთამაშია. დღეს იქ ფორლანია, ადრე გოდინი და აბრეუ თამაშობდნენ. ჩემი აზრით, პირველ რიგში, გულშემატკივრები კარგი ფეხბურთის სანახავად მოვიდნენ და არა კონკრეტულად რომელიმე გუნდის მხარდასაჭერად".

თავისი მინი-ინტერვიუ ლუისმა ოპტიმისტური განცხადებით დაასრულა: "ურუგვაის ყველა გუნდთან შეუძლია თანაბრად თამაში. ტურნირი მხოლოდ ახლა დაიწყო, წინ დიდი გზაა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრების დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული