მართალია, იტალიას და ბრაზილიას 1/2-ფინალის საგზური მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ მატჩს გარკვეული სატურნირო ინტრიგა მაინც ახლდა - გუნდებს ჯგუფის გამარჯვებული უნდა გაერკვიათ. ისე, იტალია-ბრაზილია ისეთი მატჩია, ყოველგვარი ინტრიგის გარეშეც ძალიან საინტერესო რომ არის...
"სკუადრა აძურას" სერიოზული დანაკლისი ჰქონდა: შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დანიელე დე როსი, ხოლო ტრავმის გამო ანდრეა პირლო ტოვებდნენ. ორი წამყვანი ნახევარმცველის არყოფნა "აძურაზე" პირველ ტაიმში აისახა და მთელმა 45-მა წუთმა ბრაზილიელთა უპირატესობით ჩაიარა. "სელესაო" ბურთს
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს პირველ ტაიმში სამი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - ჩეზარე პრანდელიმ ინასიო აბატე და რიკარდო მონტოლივო გაიყვანა და მათ ნაცვლად მინდორზე კრისტიან მაჯო და ემანუელე ჯაკერინი შეუშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აბატესთვის კონფედერაციათა თასი დასრულდა, რადგან ის მხრის ტრავმა, რომელიც მან მიიღო, სერიოზული გამოდგა.
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დაშავებული დავიდ ლუისი დანტეთი შეცვალა და სწორედ დანტე აღმოჩნდა ის ფეხბურთელი, ვინც პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, ანგარიში გახსნა. ნეიმარმა საჯარიმოში ჩააწოდა, ფრედის თავური ბუფონმა პირდაპირ "ბაიერნის" მცველისკენ მოიგერია, რომელმაც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ფრედის დარტყმის მომენტში დანტე მცველებზე ოდნავ წინ იმყოფებოდა, მაგრამ ეს თანამსაჯმა ვერ შეამჩნია.
აქვე აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ დანტე სალვადორელი გახლავთ, მაგრამ იმის გამო, რომ მას ბრაზილიაში თითქმის არ უთამაშია, ადგილობრივი პუბლიკა მაინცდამაინც კარგად არ იცნობს. მოკლედ, 29 წლის მცველი შინ დაბრუნდა და "სელესაოში" სადებიუტო ბურთიც გაიტანა.
მატჩის მეორე ნახევარი საოცარი სანახავი გამოდგა და მაყურებელმა ერთბაშად 5 გოლი იხილა. აქედან ყველაზე ლამაზი ემანუელე ჯაკერინის ბურთი იყო, რომელშიც უდიდესი წვლილი მარიო ბალოტელიმ შეიტანა. "მილანის" ფორვარდმა ქუსლით ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და ჯაკერინი ჟულიო სეზართან რანდევუზე გაუშვა - 1:1.
იტალიელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად 4 წუთში მაჯომ ნეიმარი წააქცია. ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა და ბუფონს იმ კუთხეში გაუტანა, სადაც ლეგენდა იდგა. "ბარსას" ახალწვეულმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
ამის მერე კი ფრედის ჯერი დადგა - "ფლუმინენსეს" ფორვარდმა, ვისაც ამ კონფედერაციათა თასზე გატანილი არ ჰქონდა, დუბლი შეასრულა. ორივე გოლი ფრედმა მარსელოს აქტიურობის შემდეგ გაიტანა.
ჯერ "რეალის" მარცხენა მცველის გადაცემის შემდეგ კიელინის აჯობა და ბუფონს ახლო კუთხეში გაუტანა, შემდეგ კი მარსელოს დარტყმულს დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აქვე ჯიჯი ბუფონის მართლაც არადამაჯერებელი თამაში უნდა აღვნიშნოთ. "იუვეს" მეკარეს საკუთარი გუნდის გადარჩენა ოთხივე გოლის დროს შეეძლო: ორჯერ მან ბურთი პირდაპირ მეტოქისკენ მოიგერია, ორჯერ კი ახლო კუთხეში გაუშვა.
ფრედის გოლებს შორის იყო კიელინის გოლი, რომელიც კურიოზულ ვითარებაში ჩაითვალა. იტალიელებმა კუთხური მოაწოდეს და არეულობის შედეგად ბურთი კიელინისთან მივიდა, თუმცა სანამ ეს უკანასკნელი დაარტყამდა, ბრაზილიელებმა საჯარიმოში იუხეშეს და შეხვედრის არბიტრმა, უზბეკმა რავშან ირმატოვმა პენალტი დანიშნა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ კიელინის დარტყმული კარში გავიდა, გადაწყვეტილება შეცვალა და ხელი მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა.
არბიტრის ამ უცნაურ ქმედებას ბრაზილიელთა უშედეგო პროტესტი მოჰყვა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ მართლაც კურიოზული შეცდომის გამო ბატონი ირმატოვი კონფედერაციათა თასზე აღარ იმსაჯებს. რახან არბიტრი ვახსენეთ, ვთქვათ ისიც, რომ მის მიმართ პრეტენზიები იტალიელებსაც ჰქონდათ.
კერძოდ: პირველი გოლისას დანტეს ოფსაიდი უკვე ვახსენეთ და ფრედის მეორე ბურთის დროს, მარსელოს დარტყმის მომენტში, თითქოს "ფლუს" ფორვარდიც თამაშგარეში იყო.
საბოლოოდ, უხვგოლიანი შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა, რაც მათთვის კონფედერაციათა თასზე ზედიზედ მეათე მოგება იყო. "სელესაომ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
იტალიას "პენტაკამპეონები" უკვე 31 წელია, არ დაუმარცხებია და ახლა ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ იქნებ მასპინძლებს კიდევ ერთხელ, უკვე ფინალში შეხვდნენ და ეს უიღბლო სერია იქ დაასრულონ, თუმცა ამისთვის აპენინელებმა დაცვაში თამაში უნდა გამოასწორონ, თორემ 3 შეხვედრაში გაშვებული 8 ბურთი მართლაც მეტისმეტია.
იხილეთ ვიდეო
მატჩის შემდეგ
ჩეზარე პრანდელი (იტალია):
"პირველ ტაიმში ბრაზილიამ აშკარად გვაჯობა. მათ ჩვენIს ნახევარზე სერიოზულ წნეხში მოგვაქციეს, რის გამოც შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა. "სელესაოს" შეტევაში ოთხი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც მინიმალური შანსის გამოყენებაც შეუძლიათ. სკოლარის გუნდი, ესპანეთთან ერთად, ტურნირის მთავარი ფავორიტია.
მეორე ტაიმში მოვუმატეთ, ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით, განსაუთრებით კარგად კი ფლანგებზე ვირჯებოდით. მატჩის ამ მონაკვეთით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვიბრძოლეთ და ბრაზილიას პრობლემები შევუქმენით. სწორედ ასეთი იტალიის ნაკრების ხილვა მსურს მომავალში".
ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია):
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, რომელიც თავდაჯერებას დაგვიბრუნებს და გულშემატკივრებთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. მიუხედავად ამისა, გამოსასწორებელი ბევრი რამ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ გვაქვს თამაშის საკუთარი სტილი, მაგრამ არის ასპექტები, რომლებშიც უნდა მოვუმატოთ. მაგალითად: როდესაც ვიგებთ, თამაშს უკეთ უნდა ვაკონტროლებდეთ.
რაც შეეხება ფრედს: ზოგი ამბობს, რომ ის ნაკრებში არ უნდა იყოს, მაგრამ მან ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებში შვიდი თამაში ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. ის ყოველთვის იქაა, სადაც საჭიროა და მას მეტს ვერც მოვთხოვ".
საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი (ბრაზილია)
ნეიმარმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა. "ბარსელონას" ახალწვეულის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 21 წლის ფორვარდმა თავი ჯაკერინის გოლიდან ზუსტად 4 წუთში გამოიჩინა.
"ის ბრაზილიელებისთვის ნამდვილი კერპია. ნეიმარი გენიოსია. დღეს რამდენიმე ლამაზი მომენტი გვაჩუქა, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა მართლაც განსაკუთრებული იყო. მან დაინახა, რომ ბუფონმა საპირისპირო კუთხისკენ ზედმეტი ნაბიჯი გადადგა და ამიტომაც დაარტყა იქ, სადაც მეკარე იდგა. ასეთ რამეს მხოლოდ გენიოსი თუ გააკეთებს", - თქვა ნეიმარზე ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.
კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. A ჯგუფი. III ტური
იტალია-ბრაზილია 2:4
გოლები: 0:1 დანტე (45), 1:1 ჯაკერინი (51), 1:2 ნეიმარი (55), 1:3 ფრედი (66), 2:3 კიელინი (71), 2:4 ფრედი (89)
იტალია (4-2-3-1): ბუფონი - აბატე (30. მაჯო), ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - მონტოლივო (26. ჯაკერინი), აკვილანი - კანდრევა, მარკიზიო, დიამანტი (72. ელ შაარავი) - ბალოტელი
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი (34. დანტე), მარსელო - ერნანესი, ლუის გუსტავო - ჰალკი (76. ფერნანდო), ოსკარი, ნეიმარი (69. ბერნარდი) - ფრედი
გაფრთხილება: მარკიზიო - დავიდ ლუისი, ნეიმარი, ლუის გუსტავო
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-27; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-14 (4-11); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 48 874
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 3 3 0 0 9-2 9
2. იტალია 3 2 0 1 8-8 6
3. მექსიკა 3 1 0 2 3-5 3
4. იაპონია 3 0 0 3 4-9 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"