ესპანეთი VS იტალია - ევროფინალის რემატჩი

AutoSharing Option
26 ივნისს, კონფედერაციათა თასზე, სამხრეთამერიკული კლასიკა გაიმართა, 27-ში კი ევროპულ დაპირისპირებას ვიხილავთ. იტალია და ესპანეთი ერთმანეთს უკანასკნელად ერთი წლის წინ, ევრო 2012-ის ფინალში შეხვდნენ.

იმ შეხვედრის შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ დავიდ სილვას, ჟორდი ალბას, ფერნანდო ტორესის და ხუან მატას გოლებით პირინეელებმა 4:0 მოიგეს.

ბევრმა იტალიელთა ასეთი განადგურება ჩეზარე პრანდელის დააბრალა. საქმე იმაშია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფშიც შეხვდნენ, სადაც პრანდელიმ 3 ცენტრალური მცველით ითამაშა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. აი, ფინალში იტალიის განლაგება 4-3-1-2 იყო და
სპეციალისტების აზრით, "სკუარდა აძურას" შერცხვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორად შერჩეული ტაქტიკა გახლდათ.

27 ივნისს გასამართ შეხვედრაში პრანდელი კვლავ 3 მცველით ითამაშებს და ვნახავთ, შარშანდელი ფიასკო მართლაც განლაგების ბრალი იყო თუ არა.

დანაკლისი
დისკვალიფიკაცია არავის აქვს, სამაგიეროდ, ტრავმებმა გუნდებს პრობლემები შეუქმნა. ეს უფრო იტალიაზე ითქმის - ინასიო აბატე და მარიო ბალოტელი ნამდვილად ვერ ითამაშებენ, ეს უკანასკნელი უკვე იტალიაშიც კი დაბრუნდა.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ანდრეა პირლოს საკითხი - "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

მართალია, ექიმების მტკიცებით, პირლო ესპანეთთან შეხვედრას ჯანმრთელი შეხვდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

როგორც ვთქვით, პრანდელი თამაშს 3 მცველით აპირებს. იტალიელთა კარს "იუვენტუსის" კვარტეტი დაიცავს: კარში - ჯიჯი ბუფონი, დაცვაში - ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი. ფლანგებზე კრისტიან მაჯო და კიდევ ერთი "იუვენტინო" ემანუელე ჯაკერინი გაირჯებიან, ცენტრში კი პირლო-დე როსის წყვილი იმოქმედებს.

ერთადერთი ფორვარდის პოზიციაზე ალბერტო ჯილარდინო უნდა ვიხილოთ, რომელსაც ამ კონფედერაციათა თასზე სულ 4 წუთი (მექსიკასთან) აქვს ნათამაშები, მის უკან კი ანტონიო კანდრევა და კლაუდიო მარკიზიო ითამაშებენ.

ვისენტე დელ ბოსკეს ორი ფეხბურთელი აკლია - სესკ ფაბრეგასი და რობერტო სოლდადო ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.

ნიგერიასთან გამართულ მატჩთან შედარებით, "ფურია როხას" 11-ეულში სულ სამი ცვლილება უნდა იყოს: კარში იკერ კასილიასი დაბრუნდება, ფაბრეგასს დავიდ სილვა შეცვლის, სოლდადოს კი ფერნანდო ტორესი.

სხვა მხრივ, ყველაფერი ტრადიციულად არის - დაცვაში არბელოა, რამოსი, პიკე და ალბა იქნებიან, ნახევარდაცვაში კი "ბარსელონური" ტრიო ჩავი-ბუსკეტსი-ინიესტა. სილვას გვერდით პედრო ამოუდგება, ცენტრფორვარდზე კი უკვე ვთქვით.

ურთიერთშეხვედრები
იტალია და ესპანეთი ერთმანეთს სულ 31-ჯერ შეხვდნენ. უპირატესობა იტალიელთა მხარესაა: 9 შემთხვევაში გამარჯვება ესპანეთს დარჩა, 12 მატჩი ფრედ დასრულდა, 10-ჯერ კი "სკუარდა აძურამ" იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 მატჩიდან იტალიამ მხოლოდ 1 მოიგო - 2011 წლის 10 აგვისტოს გამართულ ამხანაგურში "სკუადრა აძურამ" რიკარდო მონტოლივოს და ალბერტო აკვილანის გოლებით იმარჯვა (2:1). დარჩენილი 7 მატჩიდან ესპანეთის სასარგებლოდ 3 დასრულდა, 4-მა კი გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ამ გუნდების პირველი გამორჩეული მატჩი 1934 წლის მუნდიალის 1/4-ფინალში გაიმართა. იმ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ფაშისტურ იტალიაში იმართებოდა და ბენიტო მუსოლინი ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით, საკუთარი ქვეყნის გაჩემპიონებას ცდილობდა. ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში იტალიას გაუჭირდა.

კორსოს გოლით სტუმრები იგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვანი ფერარიმ ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა გადათამაშება, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ერთადერთი გოლი ლეგენდარულმა ჯუზეპე მეაცამ გაიტანა.

1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიამ ესპანეთს ჯანლუკა ვიალის გოლის წყალობით მოუგო (1:0) და ჯგუფში ჩატოვა.

1994 წლის მუნდიალზე კი გუნდები ერთმანეთს 1/4-ფინალში შეხვდნენ. იტალია დინო ბაჯოს გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმში ხოსე ლუის პერეს კამინერომ უპასუხა - 1:1.

ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად ესპანეთი დაეუფლა და რამდენიმე კარგი შანსიც შექმნა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ 82-ე წუთზე ხულიო სალინასის მიერ განიავებული მომენტი, როდესაც ფორვარდმა ჯანლუკა პალიუკას 5 მეტრიდან ვერ გაუტანა. ამის გამო ესპანეთი დაისაჯა - 88-ე წუთზე იტალიელთა სწრაფი კონტრშეტევა რობერტო ბაჯოს სუბისარეტასთან პირისპირ გასვლით დასრულდა. "ცხენისკუდამ" ესპანელთა მეკარე მოატყუა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 2:1.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დაპირისპირება კი 2008 წლის ევროზე გაიმართა, როდესაც ფრედ დასრულებული 1/4-ფინალური შეხვედრა ესპანეთმა პენალტების სერიაში მოიგო და საბოლოოდ თასსაც დაეუფლა.

აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც ტიაგო ალკანტარას ჰეთ-თრიქის წყალობით ესპანეთმა იტალიას 4:2 მოუგო.

მოკლედ, ბოლო წლებში ესპანეთი კი მძლავრობს, მაგრამ დიდ ტურნირებზე უფრო მეტი მნიშვნელოვანი მატჩი იტალიას აქვს მოგებული.

კომენტარები
"ნახევარფინალში იტალია რევანშის აღებას ეცდება. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინსვლა და ფინალში გასვლა გვსურს", - ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთის მთავარი მწვრთნელი.

"დროა, გოლები აღარ გავუშვათ. ისეთი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, როგორიც იტალიის ნაკრებია, დაცვაში ასეთი შეცდომებს არ უნდა უშვებდეს", - ჯანლუიჯი ბუფონი.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. 1/2-ფინალი
27 ივნისი
ფორტალეზა. "ესტადიო კასტელაო" (ტევადობა: 63 903)
ესპანეთი-იტალია 23:00

სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, სილვა - ტორესი
იტალია (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი, კიელინი, ბონუჩი - მაჯო, პირლო, დე როსი, ჯაკერინი - კანდრევა, მარკიზიო - ჯილარდინო

ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +9 =12 -10 (34-39)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: თავი უიღბლო ადამიანი მგონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული