რეპეტიცია მოგებულია - რა იქნება ერთი წლის შემდეგ?

AutoSharing Option
2013 წლის კონფედერაციათა თასი იმ ორი გუნდის დაპირისპირებით დასრულდა, ვისაც ტურნირის დაწყების წინ სპეციალისტები ფავორიტებად მიიჩნევდნენ.

ფინალურ შეხვედრაში ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა მეტოქეს ერთი თავით აჯობა, ოფიციალურ ტურნირებზე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

"სელესაომ" ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოიგო. ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვება ბრაზილიისთვის ამ ტურნირზე ზედიზედ მე-12 იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მატჩი სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ესპანელთა საჯარიმოში წაქცეულმა ფრედმა დარტყმა მაინც მოახერხა და "სელესაო" დააწინაურა. ეს იყო 24-ე შემთხვევა, როდესაც
ბრაზილიამ კონფედერაციათა თასზე ანგარიში გახსნა. წინა 23 ასეთი მატჩიდან "პენტაკამპეონებს" 21 მოგებული, 2 კი ფრედ დასრულებული ჰქონდათ.

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ესპანეთს ერთადერთი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ პედრომ, რომელიც კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ჟულიო სეზართან პირისპირ აღმოჩნდა, გატანა ვერ შეძლო - ბურთი კარის ხაზიდან დავიდ ლუისმა გამოიტანა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ამ გამოუყენებელი ეპიზოდის გამო პირინეელები დაისაჯნენ და ნეიმარმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ყველაფერი კი მეორე ტაიმის დებიუტში დასრულდა, როდესაც ფრედმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე დიდი ანგარიში დააფიქსირა.

რამდენიმე წუთში ესპანეთს გაბრძოლების შანსი მიეცა: მარსელომ საჯარიმოში ხესუს ნავასი წააქცია, მაგრამ პენალტის დასარტყმელად რატომღაც სერხიო რამოსი მივიდა და მადრიდის "რეალის" მცველმა ბურთი კარს ააცილა.

დარჩენილ წუთებში გუნდებმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

საბოლოოდ, 3:0 და ბრაზილიამ კონფედერაციათა თასის ყველაზე წარმატებული გუნდის სტატუსი განიმტკიცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი (ბრაზილია)
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნეიმარი დაასახელეს. "ბარსელონას" ახალწვეულმა მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა. გარდა იმისა, რომ მატჩის მეორე და ალბათ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა, 21 წლის ფორვარდი ძალიან აქტიური იყო.

პირველ ტაიმში მის წინააღმდეგ უხეშობისთვის არბიტრს ალვარო არბელოას გაძევება მართებდა, მაგრამ ბიორნ კუიპერსმა ესპანელი დაინდო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში, როდესაც ნეიმარის დრიბლინგი ჟერარდ პიკემ შეაჩერა, ჰოლანდიელმა მსაჯმა პრინციპულობა გამოიჩინა და ბრაზილიელის მომავალი თანაგუნდელი გააძევა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის მიერ ჩატარებული 5 მატჩიდან 4-ში საუკეთესოდ სწორედ ნეიმარი დაასახელეს.

მატჩის შემდეგ
ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია): "მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ეს გამარჯვება ტიტულზე მეტია, რადგან გაცილებით თავდაჯერებულნი გავხდებით და გვეცოდინება, რომ ძლიერ გუნდებთან გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. 2004 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად სახლში დავმარცხდი და ეს ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა ბედისწერამ დღეს მეორე შანსი მომცა, რომელიც გამოვიყენე. მინდა ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივუძღვნა".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "რა თქმა უნდა, წაგება მტკივნეულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფედერაციათა თასზე კარგად გამოვედით. მინდა მხოლოდ დადებითზე ვიფიქრო. მე საოცარი ფეხბურთელები მყავს, რომლებმაც ამ 28 დღის განმავლობაში წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ის ეპიზოდი, როდესაც დავიდ ლუისმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, გადამწყვეტი მომენტი იყო, რადგან 1:1-ის ნაცვლად, 0:2 მივიღეთ. მაგრამ ახლა მცირე დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან დღეს ბრაზილია ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო".

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. ფინალი
ბრაზილია-ესპანეთი 3:0
გოლები: 1:0 ფრედი (2), 2:0 ნეიმარი (44), 3:0 ფრედი (47)
გამოუყენებელი პენალტი: სერხიო რამოსი (54. ააცილა)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო (88. ერნანესი), ლუის გუსტავო - ჰალკი (73. ჟადსონი), ოსკარი, ნეიმარი - ფრედი (80. ჟო)
ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა (46. ასპილიკუეტა), სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - პედრო, მატა (52. ხესუს ნავასი) - ფ. ტორესი (59. ვილია)

გაფრთხილება: არბელოა, სერხიო რამოსი
გაძევება: პიკე (68. ესპანეთი)
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 26-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-15 (8-7); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 73 531

ბომბარდირები:
5 - ფერნანდო ტორესი (ესპანეთი), ფრედი (ბრაზილია); 4 - ნეიმარი (ბრაზილია), აბელ ერნანდესი (ურუგვაი); 3 - ხავიერ ერნანდესი (მექსიკა), ნამდი ოდუამადი (ნიგერია), დავიდ ვილია (ესპანეთი), ედინსონ კავანი (ურუგვაი), ლუის სუარესი (ურუგვაი).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი
(ბრაზილია)
დიდად გასაკვირი ნამდვილად არ იყო ის ფაქტი, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა ათიანი დაასახელეს. ნეიმარი "სელესაოს" ლიდერი იყო და იმ "სპეციალისტებს", ვისაც (რატომღაც) აქამდე მისი თამაში ნორმალურად ნანახი არ ჰქონდათ, აჩვენა; ხოლო ჩვენ, ვინც მას ისედაც კარგად ვიცნობდით, კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ვერცხლის ბურთი ანდრეს ინიესტამ მიიღო, ხოლო ბრინჯაოს ბურთის მფლობელი პაულინიო გახდა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ნეიმარიც და პაულინიოც ეროვნულ ნაკრებში მანო მენეზეშის მოღვაწეობის პერიოდში დამკვიდრდნენ. ასე რომ, "სელესაოს" ამ წარმატებაში გარკვეული როლი ბრაზილიელთა ყოფილ დამრიგებელსაც მიუძღვის.

ტურნირის საუკეთესო მეკარე
ჟულიო სეზარი (ბრაზილია)
2013 წლის კონფედერაციათა თასის საუკეთესო მეკარე ან იკერ კასილიასი უნდა გამხდარიყო, ან ჟულიო სეზარი. ჯანლუიჯი ბუფონი, რა თქმა უნდა, ლეგენდარული მეკარეა, მაგრამ მე-3 ადგილისთვის მატჩში პენალტების სერიაში გმირობა საკმარისი არაა.

საბოლოოდ, ეს პრიზი ჟულიო სეზარს ერგო, რაც სავსებით სამართლიანია - "ქუინზ პარკის" მეკარე მთელი თვის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და მან ფინალშიც რამდენიმე კარგი "სეივი" შეასრულა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები
ფერნანდო ტორესი (ესპანეთი) და ფრედი (ბრაზილია) - 5-5 გოლი
ფერნანდო ტორესმა და ფრედმა ტურნირი 5-5 გოლით (და თითო საგოლე პასით) დაასრულეს და საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც გაინაწილეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით (მინდორზე გატარებული წუთები) "ოქროს ბუცი" ესპანელმა მიიღო, ფრედს (და არა ფრედის, როგორც ზოგი წარმოთქვამს) კი "ვერცხლის ბუცი" შეხვდა.

ტორესმა 5 გოლი 273 წუთში გაიტანა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 4-ჯერ მან ტაიტის კარი აიღო, ფრედმა კი იტალია (დუბლი), ურუგვაი და ესპანეთი (დუბლი) დაამწუხრა.

მესამე ადგილი ნეიმარმა და აბელ ერნანდესმა გაინაწილეს, მაგრამ "ბრინჯაოს ბუცი" ბრაზილიელს გადასცეს (საგოლე პასების გამო), რაც სამართლიანია - მართალია, ურუგვაელმა მინდორზე ნაკლები დრო გაატარა, მაგრამ თავისი ოთხივე გოლი მან ტაიტის უსუსტეს ნაკრებს გაუტანა.

ფეარ პლეის პრიზი
ესპანეთის ნაკრები

ფინალში პიკეს გაძევების მიუხედავად, ფეარ პლეის პრიზი მაინც ესპანეთმა მიიღო. კონფედერაციათა თასის უკანასკნელ მატჩამდე "ფურია როხას" ფეხბურთელებს სულ 4 ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული.

სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით
მეკარე: ჟულიო სეზარი (ბრაზილია)
მცველები: დანი ალვეში (ბრაზილია), პიკე (ესპანეთი), დავიდ ლუისი (ბრაზილია), ალბა (ესპანეთი)
ნახევარმცველები: პაულინიო (ბრაზილია), ინიესტა (ესპანეთი), დე როსი (იტალია)
თავდამსხმელები: კავანი (ურუგვაი), ფრედი (ბრაზილია), ნეიმარი (ბრაზილია)

ყველა ფინალი
1992 არგენტინა-საუდის არაბეთი 3:1
1995 დანია-არგენტინა 2:0
1997 ბრაზილია-ავსტრალია 6:0
1999 მექსიკა-ბრაზილია 4:3
2001 საფრანგეთი-იაპონია 1:0
2003 საფრანგეთი-კამერუნი 1:0
2005 ბრაზილია-არგენტინა 4:1
2009 ბრაზილია-აშშ 3:2
2013 ბრაზილია-ესპანეთი 3:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკული ფეხბურთის ზეიმი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
გოგა გეთანხმები მარსელოს არ შეყვანა უსამართლობაა
giiii
23:29 02-07-2013
0
არბელოა ნამდვილად არ იყო გასაგდები, რადგანაც იმ მომენტში ჯარიმაც კი არ იყო დასანიშნი. აშკარა სიმულაციას ჰქონდა ადგილი ნეიმარის მხრიდან.
თემო
16:49 02-07-2013
0

სიახლეები პოპულარული