რუსეთის და უკრაინის ქართული ლეგიონი იწყებს

AutoSharing Option
14 ივლისს, მოსკოვში სტარტს აიღებს რუსული პრემიერლიგის 22-ე გათამაშება. პირველ მატჩში ახლახან თბილისში ნასტუმრები მოსკოვის "დინამო" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მასპინძლობს.

რუსული პირველობა ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ტურნირია: ის ბოლო წლებში შესამჩნევად გაძლიერდა (მე-8 უეფას რეიტინგში) და იქ მოწინავე ქართველ ლეგიონერთა ნაწილი ასპარეზობს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიც, უმეტესი ევროპის მსგავსად, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ითამაშებს - 14 ივლისს დაწყებული ჩემპიონატი, ზამთარში "გამოიძინებს" და 17 მაისს დასრულდება.

პრეისტორია
16 გუნდიდან 4 მოსკოვურია (დინამო, ცსკა, სპარტაკი, ლოკომოტივი), ერთიც სანკტ პეტერბურგული (ზენიტი), 4 კავკასიის რეგიონიდან
(ყუბანი, კრასნოდარი, ანჟი, ტერეკი), ერთი გუნდი ციმბირიდანაა (ტომი), დანარჩენი 6 კი რუსეთის ევროპული ნაწილიდანაა (ვოლგა, რუბინი, კრილია სოვეტოვი, როსტოვი, ამკარი და ურალი). მოსკოვის ცსკა რუსეთის მოქმედი ჩემპიონია.

საბჭოთა ეპოქას თუ არ ჩავთვლით და მხოლოდ უშუალოდ რუსეთის ჩემპიონატის სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ, ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მოსკოვის "სპარტაკია" - რუსეთის 9-გზის ჩემპიონი. ერთია, რომ რუსთა "სახალხო გუნდმა" ბოლოს 12 წლის წინ მოიგო ტიტული.

ცსკა 4-გზის ჩემპიონია და ყველა ტიტული "სპარტაკის" დამცრობის შემდეგ აქვს მოგებული, ისევე როგორც "ზენიტს" (3-გზის ჩემპიონი).

ტიტული 2-2-ჯერ ყაზანის "რუბინს" და მოსკოვის "ლოკომოტივსაც" მოუგიათ, ერთხელ კი ჩემპიონი ვლადიკავკაზის "ალანია" გახდა, მაგრამ ეს გუნდი პრემიერლიგაში აღარ თამაშობს.

ყველაზე მეტი თამაში რუსულ პრემიერლიგაში სერგეი სემაკს დაუგროვდა - 456, შემდეგ მოდიან დმიტრი ლოსკოვი (452) და იგორ სემშოვი (419). 37 წლის სემაკმა კარიერა ახლახან დაასრულა და "ზენიტის" სამწვრთნელო შტაბში ლუჩანო სპალეტის ასისტენტად გადაინაცვლა, ეს კი 39 წლის ლოსკოვის შანსია, რომელიც უნიკალური ფეხბურთელია, "ლოკომოტივის" ფანებს კუმირმა, რუსეთის ყველა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

ყველა დროის მეგოლე ოლეგ ვერეტენიკოვია (143), ხოლო სპარტაკელები დმიტრი ანანკო და დმიტრი ხლესტოვი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები (9-გზის ჩემპიონები "სპარტაკის" რიგებში).

60 მილიონი ევრო ტრანსფერებზე
რუსეთში სამ ფავორიტს ასახელებენ, ესენია ჩემპიონი ცსკა, პეტერბურგის "ზენიტი" და... მახაჭყალის "ანჟი". ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს გუნდებმა წინა ჩემპიონატი პოდიუმზე, თუმცა ახლა ფავორიტად უფრო "ანჟი" ითვლება.

13 ივლისს ცსკა და "ზენიტი" ერთმანეთში რუსეთის სუპერთასს გაითამაშებენ და მომავალი სეზონისთვისაც გამოცდიან ძალებს.

ლეონიდ სლუცკის ცსკა შვეიცარიელი სტივენ ცუბერით გაძლიერდა. მოსკოველებმა ფორვარდის სანაცვლოდ 3,2 მილიონი ევრო გადაიხადეს. ნახევარმცველ გეორგი მილანოვში ბულგარულ "ლიტექსს" 2,8 მილიონი ევრო გადაუხადეს. თუ არ ჩავთვლით იჯარიდან დაბრუნებულ ევგენი ალდონინს, ცსკა მეტად არ გაძლიერებულა, მაგრამ ჩემპიონს არც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუკარგავს.

სხვათა შორის, ცსკა-ში 19 წლის რუსეთის მოქალაქე ქართველი დავით ხურციძე ირიცხებოდა, რომელიც ჩემპიონმა იჯარით პენზის "ზენიტში" გაუშვა.

ლუჩანო სპალეტის "ზენიტში" ისეთი ფეხბურთელები მივიდნენ, როგორიც ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი) და ანდრეი არშავინია (არსენალი), გუნდმა იჯარიდან დაიბრუნა სერბი დანკო ლაზოვიჩი. მართალია, არშავინისადმი კითხვები რჩება, მაგრამ ერთ დროს რუსთა კაშკაშა ვარსკვლავი მაინც კარგი შენაძენია ნევისპირელთათვის. "ზენიტმა" იგორ დენისოვი (ანჟი) და ბრუნო ალვეში (ფენერბაჰჩე, 5,5 მილიონი ევრო) დაკარგა.

"ანჟი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი კლუბია. მხოლოდ ჩამოვთვლით იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც გუუს ჰიდინკის გუნდმა ახლახან შეიძინა: ალექსანდრ კოკორინი (დინამო მ, 19 მლნ), იგორ დენისოვი (ზენიტი, 15 მლნ) კრისტოფერ სამბა (ქუინზ პარკი, 11,6 მლნ) და ალექსეი იონოვი (ყუბანი, 5 მლნ). საერთო ჯამში "ანჟიმ" 60 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებზე.

მართალია, "სპარტაკი" ფავორიტთა შორის არ დავასახელეთ, მაგრამ მასაც შეუძლია მაღალი მიზნისთვის ბრძოლა. ვალერი კარპინის გუნდმა სამი საინტერესო შენაძენი გააკეთა: დენის გლუშაკოვი (ლოკომოტივი) 8 მილიონ ევროდ შეიძინა, არგენტინელი ტინო კოსტა (ვალენსია) - 7 მილიონად, ხოლო ესპანელი ხოსე ხურადო (შალკე) - 2 მილიონად.

ქართული ლეგიონი (რუსეთი)
სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილ 4 ფავორიტში ერთი ქართველი ფეხბურთელიც არ არის. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ჩვენებურმა ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს.

მართალია, 20 წლის ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ფეხბურთელია, მაგრამ ამ სეზონის წინ ჯანო იჯარით "როსტოვში" გაუშვეს.

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ამ ტრანსფერის კარგი მხარე ისაა, რომ ჯანოს სათამაშო პრაქტიკა არ უნდა მოაკლდეს. არადა, სწორედ ამის გამო შეფერხდა ქართველი ვუნდერკინდის საფეხბურთო წინსვლა.

ანანიძე იმ ასაკში არაა, რომ მისი პროგრესის იმედი აღარ გვქონდეს. პირიქით, ჩვენი აზრით, მისი კარიერის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი იწყება.

ყაზანის "რუბინის" განაცხადში ორი ქართველია: 21 წლის მცველი საბა კვირკველია და 19 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა. პირველს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია, მეორე კი ძირითადი გუნდის განაცხადში კი არის, მაგრამ თავის გამოჩენა ჯერ დუბლებში მოუწევს.

"ვოლგაში" ირიცხება 20 წლის მცველი დავით კოხია, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში უკვე ითამაშა.

სამარის "კრილია სოვეტოვის" დაცვის ხაზს 23 წლის გია გრიგალავა და 30 წლის ალეკო ამისულაშვილი გაამაგრებენ.

აი, ეს არის სულ ჩვენი ლეგიონი რუსულ პრემიერლიგაში. რაც სამწუხაროა, შენარჩუნდა ტენდენცია კლებისკენ, უფრო მეტ ქართველს უკვე რანგით დაბალ პირველ დივიზიონში იხილავთ.

ქართული ლეგიონი (უკრაინა)
12 ივლისს უკრაინული პრემიერლიგის პირველი მატჩი გაიმართა, შედგა სუპერთასიც. უკრაინის ჩემპიონატი 23-ედ ტარდება. მოქმედი ჩემპიონი დონეცკის "შახტარია", გასულ სეზონში კიევის "დინამომ" მეორე ადგილზეც ვერ მოახერხა გასვლა.

უკრაინულ პირველობას მხოლოდ ლეგიონურ ჭრილში შევეხებით.

მართალია, ჩემპიონს ორი ქართველი ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ ორივე განათხოვრებულია: 23 წლის დავით თარგამაძე და 21 წლის თორნიკე ოქრიაშვილი "ილიჩივეცში" ითამაშებენ ამ სეზონშიც.

ჯაბა ლიპარტია "ზარიას" წევრია, "დნიპროში" ოფიციალურად სამი ჩვენებური ირიცხება: უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე. "სევასტოპოლში" გაირჯება მათე ღვინიანიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ავტორო ურალი რომელი ევროპული ნაწილიდანაა?? ოეე გეოგრაფიაში - 2.
giorgi
13:40 13-07-2013
0
ეკატერინბურგის ურალი რუსეთის ევროპული ნაწილი :):):)
admin
13:45 13-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული