ერედივიზიე. I ტური: როტერდამი ყოფილმა როტერდამელმა დაამარცხა

AutoSharing Option
ჰოლანდიური ერედივიზიეს რიგით 58-ე სეზონი დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონმა ამსტერდამის "აიაქსმა" გამარჯვებით დაიწყო ახალი კამპანია, მას არც კონკურენტი "პსვ ეინდჰოვენი" ჩამორჩა.

"აიქსი" შარშანდელ გრაფიკს უსწრებს
ფრანკ დე ბურის გუნდმა სეზონი წარმატებულად დაიწყო - ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო, "აზ ალკმაარის" 3:2 დამარცხებით. "აიაქსმა" კონკურენტებისგან განსხვავებით, შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა (ჯერჯერობით მაინც), რაც მას ტიტულისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტს ხდის.

ჩემპიონატის პირველი გოლი 21 წლის მცველის რიკარდო ვან რეინის ანგარიშზეა, წარმოშობით კარიბის ზღვის კუნძულ კიურესაუელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენის საჯარიმო დარტყმას დაამატა და "როდას" კარი დალაშქრა.
თუკი დანიელს შეინარჩუნებს "აიქსი", ერიკსენი ალბათ იოლად გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მეორე გოლიც მისი პასით გავიდა, მარცხნიდან მან კაპიტანი სიმ დე იონგი დაინახა. მეორე ტაიმში "აიაქსმა" ცოტა კურიოზული გოლი გაიტანა, პოულსენის დარტყმა "როდას" მეკარემ მოიგერია, ხოლო დე იონგის დამატებული ძელს მოხვდა, იქვე დადარაჯებულმა ვიქტორ ფიშერმა კი აღარ ააცილა ცარიელ კარს - 3:0.

ფრანკ დე ბური (აიაქსი): "შარშან ფრით დავიწყეთ, შესაბამისად, შარშანდელ გრაფიკს 2 ქულით ვუსწრებთ. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მაგრამ იყო მომენტები, როცა მოვეშვით, საკმაოდ ბევრი ენერგია შევალიე, რომ ბიჭები ისევ სათამაშო ტონუსში დაბრუნებულიყვნენ".

ფილიპ კოკუმ ცოტა ინერვიულა
სრულიად სახეცვლილმა "ეინდჰოვენმაც" მოგებით დაიწყო, თუმცა ფილიპ კოკუს ბოლო წამებზე ნერვიულობა მაინც არ აცდა, თუმცა "დენ ჰააგს" ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ ეყო - 2:3.

არადა, პირველ ნახევარ საათზე ოდნავ მეტი იყო გასული, როცა სტუმრები უკვე 3:0-ს იგებდნენ. ჟორჟინიო ვინალდუმმა შაარსის პასით გახსნა ანგარიში, შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა დენი ჰოლამ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ბოლოს კი იმავე შაარსის პასით დიდებული გოლი გაიტანა ჯეტრო ვილემსმა. სხვათა შორის, ზემოთ კუნძული კიურესაუ ვახსენეთ, ჯეტრო ვილემსიც წარმოშობით ამ ციცქნა კუნძულიდანაა, ისევე როგორც გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ) და ვერნონ ანიტა (ნიუკასლი). უკვე პირველ ტაიმში ჰოლამ გამოასწორა თავისი შეცდომა და "ეინდჰოვენის" კარი დალაშქრა, მატჩის მიწურულს კი მცველის უხეში შეცდომით მაიკ ვან დუინენმა ისარგებლა.

16 წლის მეგოლე
ერვინ ვან დერ ლოის "გრონინგენმა" სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა "ნეიმეგენი" - 4:1. ამ შეხვედრაში აღსანიშნავია სტუმართა ბოლო გოლის ავტორ რიშაირო ჟივკოვიჩის ასაკი, სერბი მხოლოდ 16 წლისაა.

კვირას ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ფეიენოორდი" სტუმრად "ზვოლესთან" 1:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი როტერდამელებმა უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვეს. ბედის ირონიით, გოლი რონალდ კუმანის გუნდის კარებში მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა გიონ ფერნანდესმა გაუტანა, რომელიც ამ ზაფხულს გადაბარგდა "ზვოლეში".

პირველი გამარჯვება იზეიმა მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა", რომელმაც "ჰერაკლესი" 3:1 დაამარცხა. თუმცა ამ მატჩის ჩვენთვის საინტერესო (სამივე ქართველმა ითამაშა) პერიპეტიების შესახებ ჩვენი ლეგიონის მიმოხილვიდანაც შეიტყობდით.

აიაქსი-როდა 3:0
გოლები: 1:0 ვან რეინი (9), 2:0 ს. დე იონგი (32), 3:0 ფიშერი (82)
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რეინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი (84. ბოილესენი) - ს. დე იონგი, პოულსენი, ერიკსენი - კრკიჩი (67. სანა), სიგტორსონი (75. შიონი), ფიშერი.
შენიშვნა: პლუიმმა (როდა) ვერ გამოიყენა პენალტი (68)

დენ ჰააგი-პსვ 2:3
გოლები: 0:1 ვინალდუმი (12), 0:2 ჰოლა (27 ს.კ.), 0:3 ვილემსი (33), 1:3 ჰოლა (45), 2:3 ვან დუინენი (93)
პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, რეკიკი, ვილემსი - ვინალდუმი, შაარსი, მაჰერი (74. ჰილიემარკი) - ბაკალი (76. იოზეფზონი), ლოკადია, დეპაი (87. ტოივონენი).

ტვენტე-ვაალვეიკი 0:0

ნეიმეგენი-გრონინგენი 1:4
გოლები: 0:1 ჩერი (10), 0:2 კირმი (27), 1:2 ფოორი (45), 1:3 ტეშეირა (54), 1:4 ჟივკოვიჩი (90)

ჰეერენვეენი-ალკმაარი 4:2
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (22), 1:1 მ. იოჰანსონი (50), 2:1 ფინბოგასონი (54), 3:1 ვან ანჰოლტი (57), 3:2 ა. იოჰანსონი (88), 4:2 ვან ლა პარა (92)
გაძევება: დეიკსი (71. ჰეერენვეენი)

კამბური-ბრედა 0:0

უტრეხტი-იგლზი 1:1
გოლები: 1:0 ბულტჰუისი (15), 1:1 ჰუტკოოპი (46)

ვიტესი-ჰერაკლესი 3:1
გოლები: 1:0 ლეერდამი (27), 2:0 მ. პედერსენი (31), 3:0 იბარა (82), 3:1 ამოა (90)

ზვოლე-ფეიენოორდი 2:1
გოლები: 1:0 კლიხი (65), 1:1 შაკენი (87), 2:1 ჟ. ფერნანდესი (92)
ფეიენოორდი (4-3-3): მიულდერი - იანმაატი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ნელომი - კლასი (81. ტე ვრედე), იმერსი (63. ვიენა), ვორმერი - შაკენი, პელე, გოოსენსი (62. ვერჰოეკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანარჩენი ევროპა: საოცნებო დებიუტი, სიტყვის ფასი და კაპიტნის სიტყვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული