დანარჩენი ევროპა: საოცნებო დებიუტი, სიტყვის ფასი და კაპიტნის სიტყვა

AutoSharing Option
"ლელო" სრულყოფილად აშუქებს ევროპის 4 მოწინავე ჩემპიონატს: ინგლისურ პრემიერლიგას, ესპანურ პრიმერას, გერმანულ ბუნდესლიგას და იტალიურ სერია A-ს. ყურადღების მიღმა არც ფრანგული ლიგა 1 გვრჩება. მკითხველი მუდმივად ინფორმირებულია, თუ რა ხდება არგენტინისა და ბრაზილიის ჩემპიონატებშიც.

სამწუხაროდ, საგაზეთო ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას სხვა, ასევე საინტერესო პირველობებიც მიმოვიხილოთ. ბევრი საინტერესო მოვლენა, ფეხბურთელი თუ მატჩი უყურადღებოდ, რომ არ დაგვრჩეს, ეს რუბრიკა დაგვეხმარება.

ამიერიდან ჰოლანდიაში, ბელგიაში, პორტუგალიაში, რუსეთში, უკრაინაში თუ სხვაგან უქმეებზე მომხდარ ყველა საყურადღებო ამბავს აქ მოვუყრით თავს.

კაცი არსაიდან
ბელგიის ჟუპილერ პრო ლიგა
უეფას კოეფიციენტის მიხედვით ევროპაში სიძლიერით მე-10 ჩემპიონატია.ეს ჩემპიონატი ჯერ კიდევ 1895 წელს დაარსდა. ამ უქმეებზე ბელგიის ჩემპიონატის რიგით 111-ე ჩემპიონატი დაიწყო და პირველივე ტურში სენსაციის მომსწრენი გავხდით: 32-გზის და მოქმედი ჩემპიონი ბრიუსელის "ანდერლეხტი" შინ 2:3 დამარცხდა "ლოკერენთან". სწორედ ტურის და ამ შეხვედრის გმირზე გვსურს მოგითხროთ.

26 ათასი მაყურებელი თითოჯერ ტაიმში დაამწუხრა "ლოკერენის" შემტევმა ნახევარმცველმა ჰანს ვანაკენმა, ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით. ორივეჯერ სტუმარმა დიდებულად ითამაშა. არადა, 20 წლის ვანაკენს დებიუტი ჰქონდა პრო ლიგაში. ყოფილი ფეხბურთელის, ვიტალ ვანაკენის შვილი"პსვ ეინდჰოვენის" აკადემიის აღზრდილია. აქამდე ის მეორე ლიგის "ლომელში" თამაშობდა. დებიუტიც ასეთი უნდა!

"ჯერ კიდევ ვერ გამიანალიზებია, რაც მოხდა. ალბათ, მაშინ დავიჯერებ, როცა ვიდეოს ვნახავ. რა თქმა უნდა, ასეთ დებიუტზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა თუ ოდესმე მოხდებოდა. მამაჩემს ერთხელ აქვს "ანდერლეხტისთვის" გატანილი, მან ეს მთელი კარიერის განმავლობაში მოახერხა, მე კიდევ ერთ თამაშში ორჯერ გავუტანე "ანდერლეხტს". მინდა ვთქვა, რომ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ", - განუცხადა ვანაკენმა ბელგიურ "სპორცას".

პირველმა აღიარებამაც არ დაახანა 20 წლის ბელგიელი I ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

19-წლამდელთა ჩემპიონატიდან "ანდერლეხტში"
ბელგიიდან ჯერ არ "მივდივართ": ლიტვაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა თავის თავზე იწვნია სერბთა ძალა. ამ გუნდში კი განსაკუთრებით გამოირჩევა 18 წლის ფორვარდი ალექსანდარ მიტროვიჩი, რომელსაც სერბეთის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიტროვიჩი "პარტიზანში" შესაძლოა, აღარც დაბრუნდეს.

ბელგიის ჩემპიონი "ანდერლეხტი" სერბ ტალანტს თითქმის მოელაპარაკა. "პარტიზანის" პოზიცია ასეთია: მართალია, ევროპის ჩემპიონატზე მიტროვიჩის თამაშმა ბევრი მოხიბლა და მასში 10 მილიონ ევროსაც გვაძლევენ, მაგრამ "ანდერლეხტს" სიტყვა მივეცით და არ ვუღალატებთო.

ნუ გეშინიათ, ვრჩები!
ჰოლანდიის ერედივიზიე ხვალ იწყება, ჩემპიონი "აიაქსი" "როდას" მასპინძლობს. მანამდე კი "აიაქსმა" ერთი ტიტული უკვე მოიგო - ჰოლანდიის სუპერთასი. ქვეყნის გრანდმა თასის მფლობელი "აზ ალკმაარი" 3:2 დაამარცხა დამატებით დროში. გამარჯვების გოლის ავტორი 24 წლის ფორვარდი სიმ დე იონგია. გუნდის კაპიტანმა კრისტიან ერიკსენის ჩაწოდებულს თავი დაჰკრა და ფრანკ დე ბურს სეზონის პირველი ტიტული, "კრუიფის ფარი" მოუპოვა.

მაშინ, როცა კრისტიან ერიკსენს და ტობიას ალდერვეირელდს "აიაქსიდან" წასვლა სურთ, დე იონგი აცხადებს, რომ "აიაქსში" რჩება: "მთელი წინასასეზონო შეკრება გუნდთან ერთად გავიარე, ამ სეზონში ჩვენ ბევრს მივაღწევთ. ახლა "აიაქსიდან" წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ, ამიტომაც გუშინ მწვრთნელს ვუთხარი, რომ შეუძლია ამ სეზონში ჩემი იმედი ჰქონდეს", - განაცხადა შვეიცარიაში დაბადებულმა ფორვარდმა, რომელსაც კიდევ 2 წელი აკავშირებს კონტრაქტით ამსტერდამულ კლუბთან.

ყველაზე სასტიკი ჩემპიონატი
რუსეთის პრემიერლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 3 ტური გავიდა და ეს ჩემპიონატი უკვე ამართლებს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტურნირის სახელს. სამი ტურის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გამოეთიშა ტრავმების გამო საფეხბურთო ბატალიებს.
მარინატო გილერმე 27 წლის ბრაზილიელი მეკარეა, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" უკვე 6 სეზონია თამაშობს. 27 წლის გოლიათმა ისეთი ტრავმა მიიღო, მოსკოვურ კლუბს სულ მცირე, წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. გუნდის კაპიტანმა მოსკოვურ დერბიში, ცსკა-ს წინააღმდეგ მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

როგორც ვთქვით, გილერმეს შემთხვევა ერთეული ფაქტი სულაც არ არის, უფრო ტენდენციის ნიშანია. იმავე თამაშში ცსკა-ს გამოცდილი მცველი ალექსეი ბერეზუცკი ფრთამოტეხილივით გაყავდათ მოედნიდან, მან მხარი ამოიგდო და კუნთიც დაიზიანა, ბერეზუცკი უკვე გერმანიაშია, სადაც გადის სამედიცინო შემოწმებას.

ტრავმები აქვთ ჰალკს, ალექსანდრ საპეტას, ლასინა ტრაორეს, რომან ერიომენკოს, ალექსანდრ ანიუკოვს, ვლადისლავ იგნატიევს და სხვებს.

კვირის ფრაზა
ეს ფრაზა სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" იტალიელ თავკაც ლუჩანო სპალეტის ეკუთვნის. სპალეტი თავის ახალ შეგირდზე, ანატოლი ტიმოშჩუკზე ლაპარაკობს, რომელმაც "ბაიერნთან" ერთად ჰეთთრიკი შეასრულა:

"ანატოლი ტიმოშჩუკი ვარჯიშების შემდეგაც დიდხანს რჩება მოედანზე და აგრძელებს მუშაობას. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კარავს გაშლის და იქვე დაიძინებს".

მოკლედ
მაკედონიის სუპერთასის მფლობელი "ვარდარი" გახდა, რომელმაც 1:0 დაამარცხა "ტეტეკსი". "ვარდარი" ის გუნდია, რომელიც "დინამომდე" "სტიაუამ" გამოაგდო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან.

ფილიპ პეტროვის გოლი საკმარისი აღმოჩნდა "ვარდარს" სეზონის პირველი ტიტული რომ მოეგო. გუნდის კაპიტანი იოვან კოსტოვსკი კი აცხადებს, რომ "ვარდარის" მიზანი ჰეთთრიკია (ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული