საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: კარლო ანჩელოტის პირველი ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკული წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. სამეფო კლუბმა აშკარად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

ის მეტოქეზე უკეთ აკონტროლებდა ბურთს, მასზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა და თავისუფლად შეეძლო ანგარიში გამანადგურებელიც გაეხადა. მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს შორის ყველასგან გამოირჩეოდა კრიშტიანო რონალდო, ვისაც რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიომ კბილი გაჰკრა, ჩემთვის ნაღდ რონალდოდ ყოველთვის ბრაზილიელი დარჩებაო.

28 წლის პორტუგალიელმა ყოფილ დამრიგებელს მწარე პასუხი გასცა, ოღონდ მოედანზე. ასე რომ, ალბათ დროა, "განსაკუთრებული კაცი" მიხვდეს, რომ "მეთოდები დაუძველდა" და მეტოქისთვის ფსიქოლოგიური მდგრადობის შესარყევად რაღაც ახალი
უნდა მოიფიქროს. ყოველ შემთხვევაში კრიშტიანოზე ამან არ გაჭრა. მანქანასავით გამართულმა მადრიდელებმა ლონდონელებს ყველა ჭრილობა გაუხსნეს, რაც კი შეიძლებოდა წარმოგვედგინა.

ტრიუმფატორთა შორის ყველაზე სუსტად შარშან იმავე მოურინიოსგან შერისხული იკერ კასილიასი გამოიყურებოდა. 32 წლის ვეტერანმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და, წესით, ედენ აზარს ამით უნდა ესარგებლა კიდეც.

ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. მარსელო "ჩელსის" კარებს დაუბრკოლებლად მიუახლოვდა, დაუმიზნა და დაარტყა. ბრაზილიელმა ეს წამებში მოახერხა, თანაც ისე, რომ რეაქცია ვერავინ მოასწრო. ზუსტად ორ წუთში "რეალის" დაცვა შეცდა უხეშად. რამირესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი რბილად გადაუგდო თავზე. ამის შემდეგ რონალდოს ჯერ დადგა.

მან ჯერ ბრწყინვალე საჯარიმოთი დააწინაურა საკუთარი გუნდი, შემდეგ კი ისკოს გადაცემით არანაკლებ ეფექტური თავურით დაადუმა ლონდონელთა გულშემატკივარი. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდების დამრიგებელთა მთავარი სალაპარაკო თემა თამაშის გმირი იყო.

მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): კრიშტიანო შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მთელი კარიერის განმავლობაში სტაბილურად გააქვს გოლები. დღეს ჩვენ მასთან ბრძოლაში ორჯერ დავუშვით შეცდომა და დავისაჯეთ. პირველად თამაშის წესი ზუსტად იმ მონაკვეთში დავარღვიეთ, საიდანაც მისთვის ყველაზე კომფორტული იყო დარტყმა. მეორე ბურთს რაც შეეხება, ამაზე ჩემს მცველებს ვაფრთხილებდი, როცა ფლანგიდან ჩაწოდებას ელოდება, ყველანაირად ცდილობს გათავისუფლებას-თქო, მით უფრო, რომ ის თავით ძლიერად თამაშობს.

კარგია, რომ შეცდომები დღეს დავუშვით, რადგან ჯერ კიდევ გვრჩება დრო მათ გამოსასწორებლად. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. თუკი ჩვენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში შევხვდებით და დავმარცხდებით, სულ სხვა განწყობაზე ვიქნებით, მაგრამ საზაფხულო ტურნირი მხოლოდ საზაფხულო ტურნირია. მატა და ლუისი დღეს ტრავმების გამო არ იყვნენ. ისინი ვაშინგტონში არიან ფიზიოთერაპევტთან სამკურნალოდ. მათ კუნთების პრობლემები აწუხებთ.

კარლო ანჩელოტი (რეალი): იყო თუ არა ეს მატჩი საუკეთესო მოსამზადებელ ციკლში? დიახ. ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვთამაშობდით პირველ ტაიმში, როცა არც ტემპი გვაკლდა და არც ძალა. თერთმეტივე მოთამაშე შეთანხმებულად მოქმედებდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

სხვა დროისთვის მეტი სიმშვიდე გვმართებს, რადგან თითოეულ ასეთ მატჩს გულშემატკივრები ადევნებენ თვალს. რონალდო "რეალის" კაცია. ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. როცა ის ამ დონეზე თამაშობს, ამით მწვრთნელს საქმეს ერთიორად უიოლებს. კრიშტიანო სამაგალითო პროფესიონალი და მოტივირებული ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ მისი მწვრთნელი ვარ".

ფინალი

რეალი-ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 მარსელო (14), 1:1 რამირესი (16), 2:1 რონალდო (31), 3:1 რონალდო (56)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (46. კარვახალი), პეპე, რამოსი, მარსელო (74. ნაჩო) - ხედირა, მოდრიჩი (74. კაზემირუ) - იოზილი, ისკო (85. მორატა), რონალდო - ბენზემა (69. დი მარია)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (74. ასპილიკუეტა), ე. კოული - რამირესი (74. შიურლე), ვან გინკელი - ლამპარდი (46. მოზესი), ოსკარი (46. დე ბრუინი), აზარი - ლუკაკუ (46. ტორესი)

მატჩი III ადგილისთვის

გალაქსი-მილანი 0:2
გოლები: 0:1 ბალოტელი (17). 0:2 ნიანგი (40)
გალაქსი (4-4-2): კუდიჩინი (46. პენედო) - დუნივანტი (60. კოხრეინი), ლეონარდო (70. მეიერი), ო. გონსალესი (46. ოპარე), დე ლა გარსა (46. ხიმენესი) - როჯერსი (46. ცარდესი), ჟუნინიო (61. სტეფანსი), მ. სარვასი (46. მასტროენი), ფრანკლინი (71. სორტო) - დონოვანი (46. ვილიარეალი), კინი (61. კორტოსი)
მილანი (3-4-3): აბიატი (46. ამელია) - ძაკარდო, სილვესტრი (46. დე იონგი), საპატა (80. ლოტი) - ემანუელსონი (64. კონსტანტი), ნოჩერინო (80. კრისტანტე), პოლი, მონტოლივო (53. მუნტარი) - ბალოტელი (80. პეტანია), ნიანგი (64. ტრაორე), ელ შაარავი (80. კ. ბოატენგი)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას ვუსურვებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული