კვირის ფრაზები: ვინ არის პა მოდუ კა?

AutoSharing Option
* "გინდათ, იბრას შემადაროთ? ჰმ... ეს დიდებული კომპლიმენტია... მისთვის" - განაცხადა მარიო ბალოტელიმ, როდესაც ჟურნალისტმა ის ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

* "თუ ბეილი 100 მილიონი ევრო ღირს, მაშინ მე შეუფასებელი ვყოფილვარ. მე არ მახსენდება, რომ ინგლისელ ფეხბურთელს ესპანეთში წარმატებით ეთამაშოს," - აღნიშნა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც თვლის, რომ ბეილი ზედმეტად გადაფასებული და ამავე დროს, ინგლისელი ფეხბურთელია.

* "ნეიმარი ციკლონია. ბუნების სტიქიას ვერავინ შეაჩერებს. ის "ბარსელონაში" აფეთქდება და ეს საკმაოდ მალე მოხდება," - მიაჩნია კარლოს ალბერტო პარეირას.

* "პეპს და მოურინიოს ესპანეთში საინტერესო
ბრძოლა ჰქონდათ, რომელშიც გამარჯვებული, თანაც დიდი სხვაობით, ჩვენი მწვრთნელი გამოვიდა. მათ შორის გარკვეული დაძაბულობა ყოველთვის არის. პეპთან მოურინიოს შესახებ არ მისაუბრია, მაგრამ გასაგებია და ნათლად ჩანს, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ არიან. მათი შედარება არ მსურს. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოურინიოს გვარდიოლა ვამჯობინეთ, ყველაფერზე გასაგებად მეტყველებს," - განაცხადა ული ჰიონესმა.

* "რამდენად კარგია პოლი? ის ბეილზე მეტი ღირს. თუ ბეილის ფასი 100 მილიონი ევროა, პოგბა ამაზე ორჯერ მეტად ფასობს. პოგბა სალვადორ დალია, რადგან ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია" - მინო რაიოლა, "იუვენტუსის" ნახევარმცველის აგენტი.

* "რატომ არ მაქვს მეტსახელი? იმისთვის, რომ ჩემი შეგეშინდეთ, საკმარისია, ჩემი თამაში ნახოთ," - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მას შემდეგ, რაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არ აქვს ისეთი მრისხანე მეტსახელი, როგორიც ედინსონ კავანის ("მატადორი") ან რადამელ ფალკაოს ("ვეფხვი").

* "ის MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელია? თუ ის საუკეთესოა... მოკლედ, მე ევროპაში გაცილებით უკეთესი მოთამაშეები მინახავს. თუ ის ასეთი მაგარია, ისევ "ტოტენჰემში" იქნებოდა" - პა მოდუ კა, "პორტლენდის" ფეხბურთელი, რომელიც "სიეტლთან" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო, კლინტ დემპსის მეურვეობდა.

* "ვინ არის კა?" - სიგი შმიდი, "სიეტლის" მთავარი მწვრთელი.

* "პირველი გოლი ჩემს მეუღლე მარტას მივუძღვენი, მეორე კი შვილს, ბიანკას. მესამე აღარ გავიტანე, რადგან არ ვიცოდი, ვისთვის მიმეძღვნა," - იხუმრა ლუკა ტონიმ მას შემდეგ, რაც "ვერონას" "მილანთან" მოაგებინა (2:1).

* "რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს კომპლიმენტია. დიახ, მე თავს ცოტათი ბრაზილიელადაც ვგრძნობ. ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ძლიერი ფეხბურთელი სწორედ ამ ქვეყნიდან არის და მსოფლიოშიც ბრაზილიას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მახსოვს, როდესაც 1986 წლის მუნდიალს ვუყურებდი, ბრაზილიის და საფრანგეთის მატჩის შემდეგ მამამ გარეთ გამიყვანა, რადგან გაუჩერებლად ვტიროდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ეს ზიკოს ბოლო ტურნირი იყო. ჩემთვის ის გახლდათ მისაბაძი მაგალითი, მოთამაშე, რომელიც თვით ფეხბურთის განსახიერება იყო," - განაცხადა კლარენს ზეედორფმა, როდესაც მას ბრაზილიაში შერქმეული მეტსახელის, "ყველაზე ბრაზილიელი უცხოელი ბრაზილიაში", შესახებ ჰკითხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული