526 - წუთი გოლის გარეშე - საფრანგეთის ნაკრების ეს უიღბლო სერია ბელორუსთან შეხვედრაში დასრულდა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს გოლი მარტის შემდეგ არ გაეტანათ და გომელში გამართული მატჩის პირველ ტაიმში საკუთარი ანტირეკორდიც გააუმჯობესეს - 1924 წლის ივნისიდან 1925 წლის მაისამდე ფრანგებს 500-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდათ.
ფრანგების პირველი გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა და ამის შემდეგ დიდიე დეშამის შეგირდები აღარ გაჩერებულან. საბოლოოდ, 26 წუთში "მამლებმა" 4 გოლი შეაგდეს. რიბერიმ დუბლი შეასრულა, პოლ
144 - მატჩი შვედეთის შემადგენლობაში - ანდერს სვენსონი საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით პირველ ადგილზე გადავიდა. ყაზახეთთან შეხვედრამდე სვენსონი ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მინდვრის მოთამაშე იყო, ხოლო ამ შეხვედრის შემდეგ მან თომას რაველის გადაასწრო და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.
37 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა, შესანიშნავ ფორმაშია - აგვისტოში მან ნორვეგიას გაუტანა, 6 სექტემბერს კი ირლანდიასთან გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო და შვედებს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა.
ახლა "ელფსბორგის" ნახევარმცველის მიზანი ლოთარ მათეუსის შედეგის გაუმჯობესებაა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 150 მატჩი ჩაატარა. ევროპული რეკორდის მფლობელი კი ლატვიელი ვიტალის ასტაფიევსია - 1992-2010 წლებში ასტაფიევსმა ეროვნულ გუნდში 167 შეხვედრა გამართა.
68 - გოლი გერმანიის ნაკრებში - მიროსლავ კლოზემ ავსტრიასთან გამართულ შეხვედრაში (3:0) ანგარიში გახსნა და "ნაციის ბომბარდირ" გერდ მიულერს გაუთანაბრდა. "ლაციოს" ფორვარდს დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ კლოზემ ფარერების უსუსტეს ნაკრებთან თავის გამოჩენა ვერ შეძლო და ჯერჯერობით თანარეკორდსმენად რჩება.
35 წლის თავდამსხმელის კიდევ ერთი მიზანი კი რონალდოს რეკორდის დამხობაა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ლეგენდარული ბრაზილიელია, რომელმაც მუნდიალებზე 15 გოლი გაიტანა. კლოზეს ანგარიშზე 14 ბურთია და ის იმავე მიულერთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.
41 - წელი საშინაო გამარჯვების გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ლუქსემბურგის ნაკრების ეს ხანგრძლივი წარუმატებელი სერია სამშაბათს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში დასრულდა. ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ბრიტანელებს 3:2 სძლიეს და 1972 წლის შემდეგ შინ პირველი მატჩი მოიგეს. მაშინ ლუქსემბურგმა თურქეთი დაამარცხა (2:0).
სამშაბათამდე მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო გამარჯვება ბენილუქსელებს ზუსტად ხუთი წლის წინ, შვეიცარიასთან ჰქონდათ მოპოვებული. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კი საშინელ ფორმაშია - ჯორჯ ბესტის სამშობლოს წარმომადგენლებმა ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (რუსეთთან) და 10-ჯერ მინდორი დამარცხებულებმა დატოვეს.
14 - მუნდიალი ზედიზედ. იტალიის ნაკრებმა ბრაზილია 2014-ის საგზური მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეთოთხმეტედ, სულ კი მეთვრამეტედ მოხვდა. ამ მაჩვენებლით "სკუადრა აძურა" მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება, რომელსაც ყველა ჩემპიონატზე (20) აქვს ნათამაშები.
უკანასკნელ საკვალიფიკაციო მატჩში იტალიამ ჩეხეთთან პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში ჯორჯო კიელინის და მარიო ბალოტელის გოლების წყალობით 2:1 იმარჯვა და მეტოქეს ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ მეორედ მოუგო. ბალოტელიმ გოლი პენალტით გაიტანა და გააგრძელა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანების სერია. ახლა "მილანის" ფორვარდს, ნაკრებსა და კლუბში, 20 პენალტი აქვს შესრულებული და ჯერჯერობით მარიოს ერთიც არ გაუფუჭებია.
ეს მატჩი დასამახსოვრებელი იყო ჯანლუიჯი ბუფონისთვისაც - "აძურას" კაპიტანმა ნაკრების ღირსება 136-ედ დაიცვა და ყველა დროის რეკორდსმენ ფაბიო კანავაროს წამოეწია.
6 - უპასუხო გოლით მოუგო ბრაზილიამ ავსტრალიას და ამ უკანასკნელს ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა. ასე ცუდად "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებმა ბოლოს 1998 წლის 6 ივნისს ითამაშეს, როდესაც ხორვატიასთან 0:7 დამარცხდნენ. ერთი წლით ადრე კი კონფედერაციათა თასის ფინალში, იმავე ბრაზილიასთან ასევე 0:6 წააგეს.
"სელესაომ" კი ავსტრალიის შემდეგ პორტუგალიასაც მოუგო (3:1). ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელში გუნდი შესანიშნავად ათამაშდა - უკანასკნელ 12 შეხვედრაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა 34 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 9 მიიღეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სარეკორდო ტრანსფერი და კარგი სტარტი