კვირა ციფრებში: ტიტული, ჰეთ თრიქი და თინეიჯერი

AutoSharing Option
"გუანჯოუ ევერგრანდის" ტიტული, სალი მუნტარის სწრაფი გოლი, ხერარდო მარტინოს კარგი სტარტი, პიერ-მიშელ ლასოგას ჰეთ თრიქი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში - აი, ის თემები, რომლებზეც კვირის დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ...

19 - წამი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც სალი მუნტარიმ იტალიის სერია A-ს წლის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა და "მილანი" "იუვენტუსთან" დააწინაურა. ბოლოს ამაზე სწრაფი გოლი არტურო ვიდალმა შარშან, ნოემბერში გაიტანა, როდესაც მეტოქის კარი მე-18 წამზე აიღო.

მუნტარი არ იყო ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც "იუვენტუსისა" და "მილანის" შეხვედრაში თავის გამოჩენა
მოედანზე გამოსვლიდან ძალიან მალე შეძლო. სებასტიან ჯოვინკო ცვლილებაზე გამოვიდა და იმისთვის, რომ გოლი გაეტანა, ჯოვინკომ წუთი და 46 წამი იკმარა. "ატომურმა ჭიანჭველამ" 7-თვიანი უგოლო სერია დაასრულა.

თავი გამოიჩინა ანდრეა პირლომაც, ვის ანგარიშზეც უკვე ჯარიმიდან გატანილი 22 ბურთია და ამ შედეგით, პირლო ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს გაუთანაბრდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამ მოთამაშეებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სინიშა მიხაილოვიჩს აქვს, რომელმაც სტანდარტულიდან 28 გოლის გატანა მოახერხა.

აგრძელებს წარმატებულ სვლას "რომა", რომელმაც "ინტერს" სტუმრად 3:0 მოუგო. ამ მატჩამდე, ასეთი ანგარიშით, რომაულ კლუბს "სან სიროზე" არც "მილანი" ჰყავდა დამარცხებული და არც "ინტერი".

18 - წელი და 242 დღე იყო ადნან იანუზაის ასაკი, როდესაც მან დუბლი გაიფორმა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ორი გოლი გაიტანა. იანუზაი, პრემიერლიგის ეგიდით პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და უმალ დუბლი შეასრულა. ასეთი რამ "იუნაიტედის" ისტორიაში აქამდე მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის ჰქონდა გაკეთებული.

თინეიჯერი ბელგიელის პირველმა გოლმა, რომელიც მიმდინარე პრემიერლიგაში 150-ე იყო, "წითელი ეშმაკების" 504-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა, რომლის დროსაც დევიდ მოიესის შეგირდებს თამაშიდან გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

თინეიჯერიდან ვეტერანზე გადავიდეთ. ოთხშაბათს რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი 145-ე მატჩი ჩაატარა და რაულს გადაასწრო. უელსელი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მე-19 სეზონს ატარებს, რაც რეკორდი გახლავთ. ასევე, გიგზს 50 სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები - ესეც რეკორდია.

8 - წუთი დასჭირდა პიერ-მიშელ ლასოგას იმისთვის, რომ ამ კვირის ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეესრულებინა, მისმა "ჰამბურგმა" კი ნიურნბერგში 5:0 მოიგო. 21 წლის ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე სამხრეთაფრიკელი შონ დანდის შემდეგ, ვინც სამი გოლის გატანა დროის ასე მცირე მონაკვეთში შეძლო - დანდიმ "კარლსრუეს" რიგებში თავის გამოჩენა 1996 წელს მოახერხა.

"ნიურნბერგმა" ამაზე დიდი ანგარიშით ბოლოს 1984 წელს წააგო, როდესაც შინ "შტუტგარტთან" განადგურდა - 0:6.

მიმდინარე ბუნდესლიგაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,31 გოლი გადის, რაც 1984/85 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია. საერთოდ, გერმანიის ჩემპიონატი არის ერთადერთი წამყვან ხუთ საფეხბურთო ლიგას შორის, სადაც 2013/14 წლების სეზონში ჯერ 0:0 არ დაფიქსირებულა.

8 - მოგება ზედიზედ ლა ლიგის სტარტზე - "ბარსელონას" თავკაცმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. აქამდე პირველ რვა შეხვედრაში ამდენივე გამარჯვება დებიუტანტ მწვრთნელს არასდროს მოუპოვებია. მიუხედავად ამისა, "ტატას" გუნდი ერთპიროვნული ლიდერი არ არის, რადგან "ბარსას" ფეხდაფეხ მიჰყვება მადრიდის "ატლეტიკო", რომელსაც ასევე 100-პროცენტიანი შედეგი აქვს.

პრიმერას ისტორიაში, პირველი რვა ტურის შემდეგ ასეთი შედეგი მხოლოდ მადრიდის "რეალს" ჰქონია. "სამეფო კლუბმა" იდეალური სტარტი სამჯერ, 1961/62, 1968/69 და 1987/88 წლების სეზონში აიღო.

ზოგადად, "ბარსელონას" ლა ლიგაში უკვე მიჯრით 19 მატჩი აქვს მოგებული. ბოლოს მსგავსი შედეგი კატალონიურ გუნდს თითქმის 40 წლის წინ ჰქონდა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსას" უკვე 64 მატჩია მინიმუმ ერთი გოლი გააქვს.

3 - ჩემპიონის ტიტული ზედიზედ - "გუანჯოუ ევერგრანდი", როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის ჩემპიონი გახდა. მარჩელო ლიპის შეგირდებმა მეორე ადგილზე მყოფ "შანდონგ ლუნენგს" 4:2 მოუგეს და ტიტული ნაადრევად გაინაღდეს. იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩათვლით, ერთ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა ზედიზედ მეხუთედ შეძლეს.

"გუანჯოუ", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, ჩინეთის მიმდინარე ჩემპიონატში მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა. "ევერგრანდმა" 26 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა 68 გოლი და მხოლოდ 15 გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ვეტერანები, გამარჯვებები და პორტუგალიური ციხესიმაგრე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული