ოქროს ბურთი და სტატისტიკა: რატომ ვერ აიღებენ "ოქროს ბურთს" ჩავი და ინიესტა

AutoSharing Option
ახლახან ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" ექსპერტებმა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელეს, რომელთაგანაც ჟურნალისტებმა, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა ერთი საუკეთესო უნდა აირჩიონ. გამარჯვებული კი "ოქროს ბურთით" იანვარში დაჯილდოვდება. ნომინანტთა სია ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ.

ამ ამბავს გამოეხმაურა ლონდონში დაფუძნებული WhoScored.com, რომელიც სტატისტიკურ ანალიტიკაში მუშაობს. ინტერნეტ-გამოცემამ გადაწყვიტა მკითხველისთვის 23 კანდიდატის მისეული ვარიანტი შეეთავაზებინა, რომელშიც მინიმუმამდეა დაყვანილი სუბიექტური ფაქტორი და მხოლოდ მრავალმხრივ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა.

რა თქმა უნდა მთავარი ინტრიგა ამ შემთხვევაში სწორედ ისაა, რამდენად განსხვავდება სტატისტიკოსთა ხედვა ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" ექსპერტებისგან.
მაშ ასე, სხვაობა დიდია 23-დან მხოლოდ 9 ფეხბურთელია ორივე სიაში.

ჩამოვთლით მათ, რომლებიც "ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატები არიან, მაგრამ ზურგს სათანადო სტატისტიკა (აქვე დავაზუსტებთ, რომ სტატისტიკაში კომპლექსურ მაჩვენებლებს ვგულისხმობთ და არა მხოლოდ გოლებს და საგოლე პასებს) ვერ უმაგრებთ:

ედინსონ კავანი, რადამელ ფალკაო, ედენ აზარი, ანდრეს ინიესტა, ფილიპ ლამი, თომას მიულერი, მანუელ ნოიერი, ნეიმარი, მესუთ იოზილი, ანდრეა პირლო, ტიაგო სილვა, იაია ტურე, რობინ ვან პერსი და ჩავი ერნანდესი. ნეიმარის შემთხვევა უნიკალურია - ბრაზილიელი ზაფხულში გადავიდა "ბარსელონაში" და სიაში მოსახვედრი მინიმუმი - 25 მატჩი - ვერ მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე სამეული ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობის აზრს გამოხატავს. რა თქმა უნდა, მათ შორის რეიტინგები შესაძლოა სადავო იყოს, მაგრამ ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ფრანკ რიბერი 2013-ში რომ ყველასგან გამორჩეულები არიან, ეს სადავო არ უნდა იყოს.

თვალში გეცემათ ის, რომ წლეულს ევროთასებზე გერმანული კლუბების წარმატება ამ სიაში უფრო კარგად არის ასახული - 23 კანდიდატიდან 11 ბუნდესლიგელია, თანაც ტოპ-ათეულში 6 "გერმანელია". მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი "უემბლიზე" გაიმართა და მასში ერთამენთს გერმანული კლუბები შეხვდნენ. გამარჯვების გოლის ავტორი არიენ რობენი კი, ბუნებრივია, სიაშია 7,78 საშუალო რეიტინგით (30 მატჩში).

სამაგიეროდ დამცრობილია ლა ლიგის როლი. დიახ, მესი და რონალდო პერსონალურ რეკორდებს ხსნიან, მაგრამ სხვები? კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე ესპანელებს - სტატისტიკოსთა 23-ში მხოლოდ ერთი ესპანელია, ისიც მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი, რომელმაც უფრო დიდი ნაწილი "ლევერკუზენში" გაატარა და მხოლოდ ზაფხულში გადავიდა მადრიდის "რეალში".

თვალში ეგრევე გვხდება ანდრეს ინიესტას და ჩავის არყოფნა, რომლებიც "ოქროს ბურთის" ოფიციალური კანდიდატები, რა თქმა უნდა, არიან. WhoScored.com-ის სიაში კი ანდრესი 70-ეა, ხოლო ჩავი სულაც 186-ე. რას ვიზამთ, სტატისტიკით ყველაფერს მართლაც ვერ განსაზღვრავ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს დუეტი ვერ იქნება "ოქროს ბურთის" მოპოვების რეალური კანდიდატი.

23 ნომინანტიდან 6 გერმანელია (შვაინშტაიგერი, გიოტცე, დრაქსლერი, როისი, კრუზე და კისლინგი). ამ მაჩვენებლით გერმანია პირველ ადგილზეა. "ოქროს ბურთის" მოპოვების ნამდვილ კანდიდატთა შორის არ არის შტეფან კისლინგი, რომელმაც 2013 წელს ბუნდესლიგაში 19 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი მეორეა გერმანიაში და მეექვსე ევროპის მოწინავე ლიგებში. მოკლედ, იოახიმ ლიოვის გარდა, შტეფანს არც ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" წყალობენ.

23-კაციან სიაში გერმანიის შემდეგ 1-ზე მეტი წარმომადგენელი მხოლოდ არგენტინასა და ხორვატიას ჰყავს. სიაში მხოლოდ თითო ინგლისელი (ჯერარდი), იტალიელი (ბალოტელი), ესპანელი (კარვახალი) და ფრანგია (რიბერი).

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სტატისტიკოსთა სია უკეთესია, თუმცა ვფიქრობთ, ამ სიის გაცნობით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ განსჯისთვის.

ფეხბურთელი კლუბი სია თამაში რეიტინგი
1. ლიონელ მესი ბარსელონა კი 30 8,43
2. კრიშტიანო რონალდო რეალი კი 36 8,30
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი კი 33 8,03
4. ლუის სუარესი ლივერპული კი 25 7,99
5. დიეგო ვოლფსბურგი არა 26 7,91
6. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი არა 32 7,91
7. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი კი 35 7,85
8. არიენ რობენი ბაიერნი კი 30 7,78
9. მაქს კრუზე ფრაიბ/გლადბახი არა 27 7,78
10. გარეთ ბეილი ტოტენ/რეალი კი 26 7,71
11. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი კი 30 7,70
12. მარკო როისი დორტმუნდი არა 35 7,70
13. მარიო ბალოტელი მილანი არა 25 7,68
14. არტურო ვიდალი იუვენტუსი არა 31 7,68
15. სტივენ ჯერარდი ლივერპული არა 27 7,59
16. ივან რაკიტიჩი სევილია არა 31 7,59
17. იულიან დრაქსლერი შალკე არა 29 7,59
18. რიკარდო პალასიო ინტერი არა 26 7,59
19. ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ კი 35 7,59
20. ხუან კუადრადო ფიორენტინა არა 27 7,58
21. დანიელ კარვახალი ლევერკ/რეალი არა 28 7,55
22. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი არა 27 7,53
23. მარიო გიოტცე დორტმ/ბაიერნი არა 26 7,53

შენიშვნა: მინიმუმ 25 მატჩის ჩატარება აუცილებელი კრიტერიუმია. გათვალისწინებულია: სერია A, ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა და კონფედერაციათა თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვის დარჩება "ოქროს ბურთი": 23 კანდიდატი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული