ბლატერმა პლატინის უკბინა: რატომ 40? ბარემ 128 ნაკრები ვათამაშოთ მუნდიალზე

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ყოველთვის გამოირჩეოდა უკბილო ხუმრობებით, მაგრამ ბოლო დროს გამორჩეულად ოხუნჯობის ხასიათზეა. ჯერ იყო და, მან კრიშტიანო რონალდოს დასცინა, რასაც რამხელა გამოხმაურება და ამბავი მოჰყვა, კი იცით.

ახლა კი იგი მიშელ პლატინისაც გადასწვდა და "წაკბინა".

2015 წელს ფიფას პრეზიდენტი ხელახლა აირჩევა და პოსტისთვის სწორედ ბლატერი და პლატინი აპირებენ ბრძოლას. მათ შორის სიტყვების ომი და ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანია კი აგერ, 2 წლით ადრე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ვწერდით პლატინის ინიციატივის შესახებ - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეების რაოდენობა 32-დან
40-მდე გავზარდოთო. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კონტინენტი მეტ ადგილს ითხოვს და ევროპიდან ამდენი ქვეყნის გასვლას აპროტესტებს. შესაბამისად, ნოვატორი ფრანგი ყველას გულის მოგებას ცდილობს, ხოლო კონსერვატორი ბლატერი სხვების დაკმაყოფილებას ევროპისთვის ადგილების წართმევის გზით აპირებს და ამ ვარიანტის მომხრეა.

"მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობა 40-მდე გავზარდოთ? რატომ 48 და 64 არა? ან სულაც 128?" - იკითხა ირონიულად ბლატერმა.

მისი აზრით, მთავარი ხარისხია და ხარისხის შესანარჩუნებლად პრობლემა არა მონაწილეთა რაოდენობის გაზრდით, არამედ კონტინენტებს შორის კვოტების გადანაწილებით უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი სლემის ტურნირს დაემსგავსებაო - ახლა ბლატერი ჩოგბურთის მოყვარულებსაც მოიმდურებს.

"ხარისხი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონტინენტებს შორის სიტუაცია მაქსიმალურად უნდა დაბალანსდეს და გათანაბრდეს. ამ თემას ჩვენ ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ მივუბრუნდებით და განვიხილავთ"
- დასძინა ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტი ირანის თემასაც შეეხო და ქვეყნისა თუ ფეხბურთის მამებს მკაცრად ურჩია, წეს-ჩვეულებები ოდნავ შეცვალონ და ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მისცენ. ირანში ეს ქალბატონებს 1979 წლის ისლამისტური რევოლუციის შემდეგ აკრძალული აქვთ.

საინტერესო იყო ამ საკითხზე ერთ-ერთი ჩინოვნიკის, ბაჰმან კარგარის კომენტარი - მამაკაცები ფეხბურთის ყურების დროს აღფრთოვანებაში მოდიან და ზოგჯერ ემოციებს ვულგარულად, ბილწსიტყვაობითა და უხამსი ხუმრობებით გამოხატავენ და ამიტომ ქალებს სტადიონზე არაფერი ესაქმებათო...

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას მერე გახდა, რაც 2006 წელს ეკრანებზე ჯაფარ პანაჰის მშვენიერი ფილმი "თამაშგარე" გამოვიდა. მასში ნაჩვენებია ახალგაზრდა ირანელი გოგონების ცხოვრება, რომლებიც მამაკაცებივით იმოსებიან, რადგან სტადიონზე შეღწევა შეძლონ. ფილმმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ბერლინის კინოფესტივალზე ჟიურის გრან პრი.

მას შემდეგ წინსვლა მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონებს ჩადრებით თამაშისა და ვარჯიშის უფლება მისცეს. რაც შეეხება მამაკაცთა მატჩებზე დასწრებას, ამ საკითხზე ფიფას დასკვნა, მოლაპარაკებების შედეგები და გარკვეული პასუხი, წესით, თებერვლის ბოლოს გვეცოდინება, როდესაც ციურიხში სპეციალური კრება გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ოქროს ბურთის" მფლობელი 5 ფინალისტიდან გაირკვევა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული