კვირა ციფრებში: მშრალი სერია და კონტინენტის მბრძანებლები

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში "ალ აჰლის", ბატეს, "ჟალგირისის" და "სტრომსგოდსეტის" ტიტულებზე, "ლილის" დაცვის სიმტკიცესა და "სტოკის" ერთ-ერთი ლიდერის სტაბილურობაზე ვისაუბრებთ...

100 - მატჩი ზედიზედ ძირითად შემადგენლობაში - "სტოკის" ფორვარდმა ჯონათან უოლტერსმა ამ ნიშნულს კვირას, "სუონსისთან" შეხვედრაში მიაღწია. პრემიერლიგის მასშტაბით, მსგავსი სტაბილურობით ვერავინ დაიკვეხნის, ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა კი ერთგვარ საიუბილეო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. ამ მატჩში ასევე გაიტანა "სტოკის" მეორე ირლანდიელმა სტივენ აირლენდმა, ვისაც პრემიერლიგაში ბოლოს 680 დღის წინ ჰქონდა გატანილი. თავად შეხვედრა კი ფრედ, 3:3 დასრულდა.

დევიდ მოიესმა მწვრთნელის რანგში მე-1000
ქულა მოიპოვა (634 მატჩი) მას შემდეგ, რაც მისმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "არსენალს" 1:0 მოუგო. ამ შეხვედრის მონაწილე პატრის ევრა კი გახდა მესამე ფრანგი, პატრიკ ვიეირას და ტიერი ანრის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში 250 მატჩი ჩაატარა. "იუნაიტედი" კი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში "არსენალს" არ გაატანინა. სხვათა შორის, ბოლო უგოლო მატჩი "მეთოფეებს" შარშან, 16 აპრილს ჰქონდათ ჩატარებული და მაშინ მათი მეტოქე "ევერტონი" იყო, რომელსაც მოიესი წვრთნიდა.

43 - წელიწადი ტიტულის გარეშე - ნორვეგიული "სტრომსგოდსეტის" ხანგრძლივი მოლოდინი კვირას დასრულდა. "სტრომსგოდსეტმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში მესამე ადგილზე მყოფ "ჰაუგესუნდს" 4:0 მოუგო და 1970 წელს მოპოვებულ ტიტულს მეორეც მიამატა. დიდად გულდაწყვეტილნი არც "ჰაუგესუნდის" ფეხბურთელები იყვნენ, რადგან გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროთასებზე ითამაშებს, რაც "ჰაუგესუნდს" 1980 წლის შემდეგ არ გაუკეთებია.

ნორვეგიის ჩემპიონის ორ ტიტულს შორის "სტრომსგოდსეტზე" უფრო დიდი, 44-წლიანი პაუზა კი ისტორიაში მხოლოდ "ბრანს" ჰქონდა, რომელმაც ჩემპიონის წოდება 1963 და 2007 წლებში მოიპოვა.

8 - აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული "ალ აჰლის" მას შემდეგ, რაც კვირას სამხრეთ აფრიკის "ორლანდო პაირეტსს" 2:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა. ეგვიპტურმა გრანდმა შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა და მოსისხლე მტერ "ზალალექთან" სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა - ეგვიპტის მეორე გრანდი აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა.

ამ გამარჯვებით, "ალ აჰლიმ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზურიც მიიღო. ამ ტურნირზე ეგვიპტელები მეხუთედ ითამაშებენ და "ოკლენდ სიტის" რეკორდს გაიმეორებენ. მომავალი საკლუბო მუნდიალი მაროკოში გაიმართება და დიდი ალბათობით, ეს ტურნირი მოჰამედ აბუტრიკას გედის სიმღერა იქნება. აფრიკული ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა და "ალ აჰლის" ლეგენდამ, თავი ფინალურ შეხვედრაშიც გამოიჩინა - ანგარიში გახსნა და ხუთი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

35 წლის აბუტრიკა ბოლო ათწლეულის ყველაზე წარმატებული აფრიკელი ფეხბურთელია - ბოლო რვა წელიწადში მან ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

8 - ჩემპიონის ტიტული ზედიზედ - ბორისოვოს ბატე კვლავ ბელორუსის ჩემპიონია. სულ ბორისოველებისთვის ეს მეათე ჩემპიონობა იყო, მეორე ადგილზე კი მინსკის "დინამოა", რომლის ანგარიშზეც 7 ტიტულია. ბატე-მ პირველობა ორი ტურით ადრე გაინაღდა და ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლიც (58) გაიტანა და ყველაზე ნაკლებიც (23) გაუშვა.

შედარებით მოულოდნელად დასრულდა სეზონი ლიტვაში, სადაც ჩემპიონი ვილნიუსის "ჟალგირისი" გახდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბოლო 5 ტურში ერთი მატჩიც ვერ მოიგო. უკანასკნელ ტურში "ჟალგირისმა" შინ 1:3 წააგო "სუდუვასთან", მაგრამ მისმა მდევარმა კლაიპედას "ატლანტასმა" მხოლოდ ქულა მოიპოვა ("ბანგასთან") და მეორე ადგილზე დარჩა. "ჟალგირისმა" ისტორიაში მეოთხე, 1999 წლის შემდეგ კი პირველი ტიტული მოიპოვა.

8 - მშრალი მატჩი ზედიზედ - "ლილის" შთამბეჭდავი სერია თითქმის ორი თვეა გრძელდება. სულ, ამ სეზონში, "ძაღლებმა" საკუთარი კარი მშრალად 11 შეხვედრაში შეინახეს, რაც ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით, საუკეთესო შედეგია, მეორე ადგილზე კი ამ მხრივ "რომაა" - 9 მშრალი მატჩი. "ლილი" დამაჯერებლად მიიწევს საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდისკენ (12 მატჩი ზედიზედ გოლის გაშვების გარეშე), რომელიც 1993 წელს "ბორდომ" დაამყარა.

დასამახსოვრებელი კვირა იყო "ლილის" ყოფილი მეკარისთვისაც - მიკელ ლანდრომ ლიგა 1-ში თავისი მე-600 მატჩი ჩაატარა, მისმა "ბასტიამ" კი "რენს" 1:0 მოუგო. ლანდრომ კარიერაში, რომელიც 17 წლის ასაკში, 6 251 დღის წინ დაიწყო, 221-ე "შათაუტი" შეასრულა.

თავი გამოიჩინა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, ვინც "ნიცასთან" ჰეთ თრიქი შეასრულა (3:1). კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში შვედმა 14 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: პატარა არწივები და გოლეადორი მეკარე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული